logo
ENG



გიორგი ვაშაძე: თუ მერაბიშვილი ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ

20 თებ 202013:42
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას აპირებს. როგორც "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პარტია მზად არის მერაბიშვილთან კონსულტაციები გამართოს. ამასთან, ვაშაძის თქმით, ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა გვერდზე უნდა გადადოს პირადი ინტერესები და ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდეს. 

"მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ციხიდან. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ერთი რამ მინდა ვთქვა - ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა და ყველა ადამიანს, ვინც ამ ეროვნულ თანხმობაში და ქვეყნის განვითარებაში შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა, ყველას უნდა მიეცეს ეს შესაძლებლობა. რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ გზას, მე ნამდვილად არ ვიცი რა გადაწყვეტილება აქვს მას. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მისი დაკავების დღიდან მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. თუ ის ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ, ყველას ვხვდები. საერთოდ ვფიქრობ ძალა ერთობაშია და უნდა გადავდოთ პირადი პრობლემები და პირადი საკითხები და ყველა ადამიანს უნდა დავერალაპარაკოთ. ყველას აქვს საკუთრი სიმართლე, საკუთარი ხედვა და საკუთარი გზა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის აზრს იზიარებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც. ნათელაშვილი ამბობს, რომ ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. 

„ის ფორმატი, რომელიც ფუნქციონირებს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში არის სრულიად საქართველოს მრავალპარტიული ასამბლეა. მე არ ვიცი ბატონი ვანო, რომელ პარტიაში გაწევრიანდება და სად გააგრძელებს ე.წ. ოპოზიციურ საქმიანობას. ყველას, ვისაც შეგვიძლია, გვეკისრება ისტორიული პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის დამთავრებაში. აქ თანამშრომლობა მიდის პოლიტიკურ პარტიებს შორის, და არა ცალკეულ ინდივიდებს შორის. ბატონი ვანო არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან რამდენიმე განცხადებაც გააკეთა. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ის ასევე მიესალმება ოპოზიციის კონსოლიდაციას და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდეს. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა განაცხადა, რომ ყველა გუნდთან გამართავს კონსულტაციებს.  

 

 

 



close დახურვა