ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ. ოპოზიციის ლიდერები „ახალი საქართველოს“ ოფისში არიან შეკრებილები. ესაა ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც საპროტესტო აქციების გეგმა უნდა განიხილონ. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა როგორც ლიდერები აცხადებენ, ისინი ბრძოლას არ წყვეტენ და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება გონს არ მოეგება.
„გვაქვს ერთადერთი გამოსავალი, მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ ივანიშვილის რეჟიმზე და ასეც გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში მანამ, სანამ ის არ გაუსწორებს თვალს რეალობას. გამოიყვანს რობოკოპებს და ჭავლს მინუს გრადუსებში მიუშვერს ხალხს - კიდევ ერთხელ დაინახავს მთელი მსოფლიო, როგორ მთავრობასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია.
გიორგი ვაშაძის თქმით, არსებობს დასკვნა იმის შესახებ, რომ მთავრობამ აქციის დაშლით დაარღვია როგორც ქართული, ისე საერთაშორიო სამართლის ნორმები და ამაზე აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.
„პროტესტი გრძელდება, გვაქვს გეგმა და, მე პირადად, ნაკლებად მაინტერესებს რას აცხადებს ნამუსზე ხელაღებული კახა კალაძე. ჩვენ ჩვენი გეგმით მივალთ. სიმართლე ჩვენს მხარესაა. მათ აქციის დარბევისას დაარღვიეს არა მარტო ქართული კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო კონვენციები და ამ დასკვნებს მალე გაგაცნობთ. ამაზე აუცილებლად აგებენ პასუხს“, - ამბობს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
რაზე შეთანხმდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ხვალიდან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები განაახლებენ აქციებსა და პარლამენტის პიკეტირებას.