logo
ENG



გიორგი ვაშაძე: საკარანტინო ზონის გამოცხადება მარტო გამშვები პუნქტების ჩაკეტვას არ ნიშნავს

26 მარ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში მარნეულში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს კონკრეტული სამოქმედო გეგმა კვლავ არ გააჩნია და ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე არამხოლოდ მარნეულის მოსახლეობა, არამედ მთლიანი ქვეყანა დგას. 

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს იყვნენ მეტად ორგანიზებულები და დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები. 

„აქ უნდა იყოს ორგანიზებული ეს ყველაფერი. საკარანტინო ზონის გამოცხადება არ ნიშნავს მხოლოდ შესასვლე-გასასვლელი გზების გადაკეტვას. ეს ნიშნავს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელიც ისევ და ისევ არ გვაქვს. მოვუწოდებ მათ, რომ იყვნენ ორგანიზებულები, დაგავმშვიდონ, დაგვაწყნარონ ყველა საკუთარი განცხადებით და პირიქით, პანიკას ნუ იწვევენ თავიანთი განცხადებით“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სამედიცინო კუთხით და მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადებით, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეკონომიკის სტიმულირებისათვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

„ამ ეტაპზე ხელისუფლების ნაბიჯებს რასაც ვუყურებ, სამედიცინო თვალსაზრისით ადეკვატურია. მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვა და საკარანტინო ზონად გამოცხადებაც სწორია მაგრამ, ეკონომიკას ახლა სჭირდება სტიმულირება. ახლა მთავრობა დღეს და ღამეს უნდა ასწორებდეს იმისათვის, როგორ მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირება. ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოავლინა უფრო მეტი პოლიტიკური კულტურა, რომ დანარჩენ ყველა ოპონენტს დაუძახოს და კითხოს თუ რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის სოფლების მოსახლეობა, საკვების დეფიციტზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასურსათო მაღაზიებში პროდუქტები არ აქვთ. მათთვის პრობლემაა წყალიც რომელიც, სოფელს გრაფიკით მიეწოდება.

 


close დახურვა