გიორგი გახარია ამერიკელ კონგრესმენებს წერილების ფორმით კომუნიკაციას უწუნებს. პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რომლებზეც წერილებში არის საუბარი პირადად და ასევე სამთავრობო დელეგაცია თებერვალში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ცალკეულ კონგრესმენებთან სწორედ ამ თემეზე საუბარი იქნება. გახარიას განცხადებით კონგრესმენების ნაწილი არის „ფრონტერას“ გულშემატკივარი და შესაბამისად მათი განცხადებები და წერილები არის სწორედ ამ ნაწილით განპირობებული.
გიორგი გახარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კითხვას არ უპასუხა სამაგიეროდ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს მედიას უთხრა, რომ 100 - 50-ზე არის მათ მიერ შეთავაზებული ახალი ვარიანტი ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის. დღესვე მან დააანონსა, რომ 2024 წელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი აპირებს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანონ და ამაზე აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად ის რაც დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ 2024 წელს უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ასე აღარ იქნება და ისინი ფიქრობენ კონსტიტუციაში უკვე გაწერონ 100 - 50-ზე სისტემა, რომელიც მათ ოპოზიციას შესთავაზეს.
ის სისტემა, რომელიც საიმედოა „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ოპოზიციისთვის. ისინი ამბობენ, რომ მმართველი გუნდის ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაა“ საზოგადოებას დაპირდა პროპორციული საარჩევნო სისტემა და „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს დანაპირები უნდა შეასრულოს.
„პირდაპირ ეთერში აღიარებით ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვილი კლოუნი, თანამდებობით მსხვილი, პარლამენტის თავმჯდომარე. რომელმაც სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ კრიზისი გვქონდა და ამ კრიზისის განსამუხტად პროპორციულს დავპირდით, რომ მოგვეტყუებინაო და მერეო განვსაჯეთ რომ ვერ ვიგებდით არჩევნებსო და კოალიციას ჩვენთან არ კრავდნენ ისეთი სუბიექტები ვინც ხმებს იღებდნენო და მიტომ გადაგაგდეთო. მაინც ახალი ხარისხია უტიფრობის, ამის დამარცვლით თქმა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში უნდა იყოს კოალიციური მმართველობა და ერთპიროვნული ძალაუფლებეა უნდა დასრულდეს.
„გამორიცხულია, რა 100 - 50-ზე ხალხნო. ჩვენ ადგილებით კი არ ვვაჭრობთ, ჭირსაც წაუღია პარლამენტში ადგილი მე ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს. არ დავთმობთ არცერთ შემთხვეევაში საქართველოს მომავლისთვის. საქართველოს მომავალს ვერ ჩავაბარებთ ივანიშვილს. ასი ორმოცდაათითაც დამარცხებულია და დღევანდელი სისტემითაც დამარცხებულია. ხალხის მოთხოვნა უნდა შესრულდეს, უნდა იყოს კოალიციური მმართველობა საქართველოში, ერთპიროვნული ძალაუფლებები უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ივანიშვილი უნდა გავისტუმროთ,“ - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.