ოპოზიციური პარტიების ნაწილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაში აზრს ვერ ხედავს. ისინი ამბობენ, რომ თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, მმართველ გუნდს მათი მხარდაჭერა მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხვევაში ექნება.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაა, რომლითაც მკაფიოდ გაიწერება, რა ღონისძიებებს განახორციელებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში.
„საგანგებო მდგომარეობა პირადად ჩემი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ იქნება ყოველდღიურად გაწერილი მკაფიო გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნულოვანი ნდობაა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ხალხი არის შიმშილის ზღვარზე, ესენი კიდევ პოლიტიკურ კეკლუცობაში და პოზირებაში არიან გადასული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კიდევ ერთ საკითხად ოპოზიციაში მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდას ასახელებენ. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თითო ოჯახზე 1000-ლარიანი კომპენსაცია უნდა გაიცეს.
„გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გადაიქცა საგანგებო შიმშილის ვითარებად. ამიტომ, თუ ხელისუფლება მოინდომებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ყოველი კარანტინში შეკეტილი ოჯახი მიიღებს 1000-ლარიან კომპენსაციას, თუ მოხდება კომენდანტის საათის გაუქმება და თუ ამუშავდება მაღაზიები, აგრარული ბაზრები, წვრილი და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
კოლეგების პოზიციას იზიარებს „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი. მან საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონს სასულიერო პირებიც ისევე უნდა დაემორჩილონ, როგორც ამას რიგითი მოქალაქეები აკეთებენ.
„თუ არ იქნება ამ ადამიანების დახმარების, კრიზისის დაძლევის გეგმა, რა თქმა უნდა არანაირი საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას და 09:00 საათის მერე სახლიდან გამოუსვლელობას აზრი არ ექნება. რაც შეეხება საპატრიარქოს, ყველას უნდა გვქონდეს ჩვენი თვითშეგნება, მათ შორის საპატრიარქოში ვინც არიან მღვდლები იქნებიან ესენი თუ მეუფეები არ აქვს მნიშვნელობა. ისინიც არიან ადამიანები და როგორც ყველა ჩვენგანი ვემორჩილებით და ვართ ვალდებული, კანონს დავემორჩილოთ, ისინიც ვალდებული არიან რომ იყვნენ კანონმორჩილები“, - აღნიშნა ჩალაგაშვილმა.
მთავრობაში ადასტურებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მოხდება. პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომაა დანიშნული. იქნება თუ არა დღის წესრიგში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხი, ჯერჯერობით უცნობია.