„ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ, არასწორ მხარეს გადავიდა“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის, რაც დღეს ხდება, "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი თამაშია იმისათვის, რომ ოპოზიციური გაერთიანება დაშალოს.
„მე ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე და იმედებს ვამყარებდი მასზე, რადგან ყოველთვის მინდა ადამიანებს მივცე შანსი. ზოგი ამართლებს ამ შანსს, ზოგი - არა. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა თავისი ფუნქცია ჰქონდა და ასრულებდა ნამდვილად. მე პირადი წყენები არ მაქვს ხოლმე. როდესაც პოროშენკომ პრაქტიკულად კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარი სტრატეგი. მე ეს არ მწყენია. მან ჩათვალა, რომ ჰქონდა პირადი მოსაზრებები, პირადი კავშირები. შეიძლება რაღაც სხვა ფინანსური სტიმულიც ჰქონდა. ახლა რაც ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის თამაში, რომ დაგვშალოს. ივანიშვილმა ეს თამაში გაათამაშა 2016-ში, 2018-შიც და ცდილობს ახლაც", - აღნიშნა სააკაშვილმა.
კითხვას - ვაშაძე ივანიშილის მიერ არის მართული თუ უნებურად ასრულებს მის დავალებას, ყოფილმა პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
"არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. არ ვიცი ჩხარტიშვილმა გადაათრია თუ ვინ გადაათრია. არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი. ვაშაძე არ არის ის ფიგურა, რომ მე ბევრი დრო დავხარჯო. ერთ მხარეს ივანიშვილია, მეორე მხარეს ქართველი ხალხი. ქართველ ხალხთან ვარ მე და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ვისაც უნდა ივანიშვილის მარიონეტობა და თუ ეს არის ახალგაზრდა კაცის ოცნება, რომ მისი თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს ვერც ეგ და ვერც ვერავინ, იმიტომ რომ მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული და მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.