ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდებიან. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამნიძის თქმით, ფრაქციას "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" ერქმევა.
როგორც მან აღნიშნა, მათი გაერთიანების მთავარი საფუძველი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტია.
"ამ ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი - მეტის თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები", - განაცხადა სამნიძემ.
ფრაქციაში შვიდი დეპუტატი იქნება: გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე ხათუნა სამნიძე და გრიგოლ ვაშაძე იქნებიან.
ფრაქციის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე იქნება, თავმჯდომარის მოადგილე კი პაატა მანჯგალაძე.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.
მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია პარტია ლელომ სალომე სამადაშვილთან და შალვა შავგულიძესთან ერთად შექმნა. ფრაქციის სახელწოდებაა "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის".