logo
ENG



გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

13 დეკ 201907:49
3 წუთის საკითხავი
 
hqx2i7iqmdtfwyo.jpg

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. დღევანდელ პროცესზე ვაშაძესთან ერთად კიდევ 9 პირის სასამართლო გაიმართება. საქმის მოსამართლე  ვალერიან ფილიშვილია. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც აქტივისტები და ოპოზიციის წევრები აქამდეც გაასამართლა, მათ შორის კი გიგა მაქარაშვილს, ბექა ბასილაიას, ირაკლი ნადირაძეს, ზუკა ბერძენიშვილსა და სხვებს პატიმრობა მიუსაჯა. 

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საპროტესტო ტალღა მიუხედავად ყველაფრისა გაგრძელდება. 

"რაც არ უნდა დაგვაკავონ, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება. გვყავს მატყუარა, თაღლითი ხელისუფლება, რომელმაც მოსამართლეები დაამტკიცა და ჰგონია, რომ თითქოს თავისი გაიტანა. არ შერჩებათ არავის, არც მათ ვინც დაამტკიცეს და არც იმ ვიგინდარებს, რომლებმაც ხმა მისცა ამ ყველაფერს", - აღნიშნა მან. 

რაც შეეხებათ "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გურამ ჩალაგაშვილსა და კიდევ 5 დაკავებულ პირს, მათი სასამართლო 24 დეკემბრისთვის გადაიდო. ჩალაგაშვილის თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კანონი არავის დაურღვევია, თუმცა პოლიციას პოლიტიკური ლიდერების განეიტრალება სჭირდებოდა. 

"კანონი არავის არ დაურღვევია. უბრალოდ, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, აქციაზე გავიგეთ, „ვაშაძე და ჩალაგაშვილი გაანეიტრალეთო“ და ბურთებივით შეგვყარეს მანქანაში", - განაცხადა ჩალაგაშვილმა. 
ადვოკატი, ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავებით, ხელისუფლებას საპროტესტო მუხტის შენელება სურდა.
"დაკავებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული. დააკავეს ის ადამიამები რომლებიც, კლანის წარმომადგენელი მოსამართლეების ქვეყნის თავზე დასმა გააპროტესტეს. მათი განეიტრალება მოახდინეს. შეეცადნენ, რომ პროტესტის მუხტი დაეწიათ", - აღნიშნა ბასილამ. 

„ახალი საქართველოს ლიდერი" და კიდევ 9 ადამიანი, რომლებიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები იყვნენ, საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

  


close დახურვა