ისტორიაში არსებობს მოვლენები რომლებიც საეტაპო ორიენტირებად იქცევიან ხოლმე და მოვლენების შემდგომი ჯაჭვი უკვე მათი შედეგი ან მემკვიდრეობა ხდება. დღეს 2021 წლის 20 ივნისია. ზუსტად ორი წლის წინ რუსი კომუნისტი მართლმადიდებელი გავრილოვი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, პირდაპირი ეთერით, სრულიად საქართველოს მიესალმა, რამაც საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება და პარლამენტის შენობასთან ხალხის მოზღვავება გამოიწვია. ის დღე ტრაგიკული ღამით დასრულდა: სულ დაშავდა 240 ადამიანი, 31 ჟურნალისტი. ორმა, მათ შორის 18 წლის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. გავრილოვის ღამე კი აშკარად იქცა ბოლო წლების ქართული პოლიტიკის მთავარ ორიენტირად, რომლის შედეგებს და მემკვიდრეობას დღესაც ვიმკით:
გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. გავრილოვის მომწვევ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს საერთოდ უარი ათქმევინეს პარლამენტის წევრობაზე. ვიხილეთ დაბნეული და ლამის თვალცრემლიანი ივანიშვილი, რომელიც საზოგადოებას პატიებას თხოვდა, ყველა შეცდომის თუ ხარვეზის გამოსწორებას პირდებოდა და ბონუსად 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების პირობასაც იძლეოდა.
რაც მთავარია ოცნებამ ნაცმოძრაობაზე მორალური უპირატესობა საბოლოოდ დაკარგა, რასაც 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებში მმართველი ძალისთვის სასურველი შედეგი მოჰქონდა. გავრილოვის ღამის უმოწყალო დარბევის შემდეგ ივანიშვილის 8-წლიანი მმართველობა სააკაშვილის სისხლიან 9 წელს გაუთანაბრდა, რაც სრულად პროპორციული სისტემის პირობებში, მომავალ არჩევნებში, ოცნების გარდაუვალ მარცხს მოასწავებდა. თუმცა, ივანიშვილი მალევე მოეგო გონს: გავრილოვის ღამე სახელმწიფო გადატრიალების ღამედ აქცია; მელია დამნაშავედ გამოაცხადა, საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა და პატიმრობისთვის გაწირა; გახარია პრემიერად დააწინაურა; კობახიძის რეაბილიტაცია მოახდინა და როდესაც ცოტაოდენი ძალა კვლავ იგრძნო პროპორციულ არჩევნებზე საერთოდ უარი თქვა.
ოცნებას დიდი ალბათობით ესეც ვერ გადაარჩენდა რომ არა იღბალი. თუ კოვიდ პანდემიამ დანარჩენ მსოფლიოს სუნთქვა შეუჩერა, ივანიშვილისთვის ის მაშველი რგოლი აღმოჩნდა და ჩაკეტილი ქვეყნისა და გაყინული პოლიტიკური პროცესის ფონზე ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
გავრილოვის ღამის მემკვიდრეობად უნდა მივიჩნიოთ ორი მთავარი შეთანხმებაც, რომლებმაც განსაზღვრეს კიდეც საქართველოში პოლიტიკური მოვლენების ტრაექტორია და რომელთა მიღწევაშიც გადამწყვეტი როლი ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ითამაშეს. 8 მარტის შეთანხმებით, ის კრიზისი დავძლიეთ, რომელიც ივანიშვილის მხრიდან პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმამ და ქართული და საერთაშორისო საზოგადოების გადაგდებამ გამოიწვია. მიშელის შეთანხმებით კი, საქართველომ საერთაშორისო იზოლაცია და ერთპარტიული პარლამენტის მქონე სახელმწიფოდ გადაქცევა აიცილა თავიდან.
გავრილოვს უნდა უმადლოდეს ალბათ ნიკა მელია გამორჩეულ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებას. ის, რომ დღეს მელია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ოპოზიციური სპექტრის უპირობო ლიდერია, სწორედაც რომ გავრილოვის ღამით გამოწვეული მოვლენების ტრაექტორიის შედეგია. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო აქტივიზმის გამოცოცხლებასა და ამ სივრცეში არაერთი ახალი ლიდერის გამოჩენაზე.
თუმცა ეს დასასრული ნამდვილად არ არის. გავრილოვის ღამის მემკვიდრეობა გრძელდება: წინ ადგილობრივი არჩევნებია, რომელმაც მიშელის შეთანხმების შედეგად რეფერენდუმის დატვირთვა შეიძინა და რომელიც შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის ცვლილების დასაწყისი გახდეს. მაგრამ, გამოიწვევს თუ არა გავრილოვის ღამე ოცნების ხელისუფლების და მასთან ერთად ერთპარტიული მმართველობის ეპოქის დასრულებას საქართველოში და გახდება თუ არა ის ახალი, კოალიციური მმართველობის ერის დასაწყისი, ეს გავრილოვზე მეტად ოპოზიციის ერთიან საარჩევნო სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული. თუ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ კოორდინაციის უფრო მაღალ ხარისხს არ მიაღწევს და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ფაზაში აუცილებელ ტრასფორმაციაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს, შედეგი სავალალო იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში დასავლური გავლენები სუსტდება, უმთავრესად რუსული ძლიერდება და დაანონსებული კავკასიური ექვსეულის ფორმატი ახალ რეალობად გვევლინება, ისე შეუმჩნევლად შეიძლება ჩავიძიროთ ღრმა ავტორიტარულ ჭაობში, რომ ერთ დღეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ანუ საქართველოს დაქუცმაცების მხარდამჭერი კომუნისტი გავრილოვი მართლა მართლმადიდებლად და მეგობრად მოგვეჩვენოს და მისი უმაღლესი ეროვნული ტრიბუნიდან მოსალმება გასაპროტესტებელ მიზეზადაც კი აღარავინ ჩათვალოს.
მით უმეტეს, რომ 2019 წლის 20 ივნისს ეს უკვე მოხდა.