ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!
8 წლის წინ ქართულმა ოცნებამ “ცოცხების” დახმარებით შეცვალა ნაცმოძრაობა. ციხის კადრები ქართველების ყველაზე მგრძნობიარე სიმებს შეეხო. აღშფოთებულმა საზოგადოებამ სააკაშვილს ცელი გამოუსვა და ხელისუფლებიდან გაისტუმრა. სააკაშვილი კი წავიდა თუმცა “ცოცხები” არსად წასულა. ოცნება, პროპაგანდისტული მანქანის დახმარებით, მუდმივად აცოცხლებდა ამაზრზენ სურათს, იმისთვის, რომ საზოგადოება აღშფოთებული, ოპოზიცია კი მუდმივი დისკრედიტაციის რეჟიმში ჰყოლოდა. “ცოცხების” ექო დიდხანს გაჰყვა ქართულ პოლიტიკას, ქართულ ოცნებას კი სიცოცხლე გაუხანგრძლივა. ყველაფერი ძველდება და ციხის კადრებიც დაძველდა.
არჩევნების მოსაგებად და პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად საჭირო გახდა ახალი მასალა, რომელიც ციხის კადრებივით მტკივნეულად შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეების ნერვულ სიმებს. ოცნებამაც არ დააყოვნა. პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოიტანა კატოგრაფების საქმე, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას გარეჯის გამყიდველად და სამშობლოს მოღალატედ წარმოაჩენს, და რომლის საბოლოო მიზანიც, დიდი ალბათობით, მთვარი ოპოზიციური ძალის სრული დისკრედიტაცია, აკრძალვა, მისი ლიდერის პოლიტიკური სივრციდან გაყვანა და სახელმწიფოს ღალატის მუხლით გასამართლებაა.
ამის გარეშე ძნელად წარმოსადგენია დღეს უმრავლესობის თვალში დისკრედიტირებული, ლეგიტიმაციას მოკლებული, არჩევნებში ფაქტობრივად დამარცხებული და ივანიშვილისგან მიტოვებული ქართული ოცნების არამარტო დომინანტური, არამედ ზოგადად პოლიტიკური პერსპექტივის გადარჩენა. მთავარი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ ბინძური მეთოდებით პოლიტიკურ ბრძოლას ისე მივეჩიეთ, რომ, როგორც საზოგადოება, ამ სიბინძურის სუნს ნაკლებად ვგრნობთ და ვერც იმას ვხვდებით, თუ რა სისწრაფით მივექანებით თვითგანადგურებისკენ.
როდესაც სისტემამ, რომლის მიზანიც პოლიტიკური ოპონენტის განადგურებაა, უკვე გადაწყვიტა რომ დამნაშავე, მოღალატე და ქვეყნისა და ეკლესიის გამყიდველი ხარ, და როდესაც ამას იმსმენს და იჯერებს მოსახლეობის ნაწილი, სწორედ ის ხდება ხელისუფლების ხელში იარაღი. და შემდეგ მხოლოდ დროის საკითხია საჯარო სივრცეში ვინ, როდის და რა ფორმით დაგესხმება, თავს გაგიტეხს, სპიცს გაგიყრის, თუ სართოდ ქვებით ჩაგქოლავს.
ივერი მელაშვილს უბრალოდ გაუმართლა, რომ თავდამსხმელი მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლა. საფრთხის მასშტაბი რომ სწორად შევაფასოთ, ამისთვის პირველ რიგში ჩვენი ახლო ისტორიული წარსული უნდა გავიაზროთ. ბოლშევიკურ ტერორს 30-იანებში არ მოვსწრებივართ, მაგრამ ყველას გვსმენია ისტორიები კედლის გაზეთებში გამოჭიმული, სიკვდილით დასჯილი ხალხის მტრებისა და მილიონობით საბჭოთა პროპაგანდით ტვინგამორეცხილის კოლექტიური დასმენის წერილების შესახებ, რომლებიც კოლექტიურ იარაღად გამოიყენეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მათი შვილები და შთამომავლები, არც უკეთესები და არც უარესები ვართ და ისიც, რომ მსგავსი რამ ბევრ ცივილიზებულ ერს დაემართა და ამისგან დაზღვეულიც არავინაა. არც იმან უნდა დაგვამშვიდოს, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, გასულ საუკუნესთან შედარებით ტვინის გამორეცხვის ბევრად მეტი და ეფექტური საშუალება არსებობს,
ასევე ჯერ კიდევ მრავლადაა კრიტიკული მედია და ფართოა თავისუფალი ინტერენეტ- თუ საინფორმაციო სივრცე, რაც ალტერნატიული აზრის მოსმენისა თუ უხეში პროპაგანდის კრიტიკულ პრიზმაში გატარების საშუალებას იძლევა. საშუალება ერთია, სურვილი კი - მეორე. ამიტომ, ამ ურთულესი პრობლემიდან გამოსავალი მაინც თავად ადამიანშია: თავისუფალ, პროაქტიულ, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, განათლებულ მოქალაქეში, რომელიც ბრმად არ ენდობა, კრიტიკულად აზროვნებს და რადგან აზროვნებს, მისი პროპაგანდის იარაღად გამოყენება უკიდურესად რთულდება.
რენე დეკარტი ინდივიდებზე და პირველ რიგში, საკუთარ თავზე ამბობდა: “ვაზროვნებ - მაშასადამე ვარსებობ”. თუმცა თუ გვინდა, რომ როგორც ერი გადავრჩეთ და ვიარსებოთ, ამისთვის ერთი ადამიანის ან ადამიანთა მცირე ჯუფის აზროვნება საკმარისი არ იქნება. საჭიროა, უმრავლესობამ იაზროვნოს. ანუ თუ რენე დეკარტის ფორმულას სახელმწიფოზე განვავრცობთ მივიღებთ: ვიაზროვნებთ - მაშასადამე, როგორც ერი ვიარსებებთ!