logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: თუ ერი აიცრება, ქვეყანა არ დაიცლება!

28 მარ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

ჯერ იყო და ვაქცინა არ გვეღირსა... ბოლოს, როცა როგორც იქნა, მივიღეთ ნანატრი ასტრაზენეკა თუ ფაიზერი, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე კოვიდვაქცინა არც ისე ნანატრი ყოფილა და არც აცრა გვდომებია. 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბოლო განცხადებით შესაძლოა ვაქცინას საერთოდაც არ უკავშირდებოდეს, ბოლომდე შეძრა ქვეყანა, დაზაფრა და აცრისადმი სკეპტიკურად განაწყო მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ისედაც ეჭვის თვალით უყურებდა ამ პროცესს. დღეს, ვაქცინაციის დაწყებიდან ორი კვირის თავზე, ჯამში 5000-მდე ადამიანია აცრილი, რაც მოსახლეობის 0.1 პროცენტია - ანუ ზღვაში წვეთი. თუ ასეთი ტემპით გავაგრძელებთ, ვაქცინაციის დასრულებას, შესაბამისად პანდემიის მიერ მოტანილი ყველა პრობლემის განეიტრალებას წლები და შესაძლოა ათწლეულიც კი დასჭირდეს.

აცრის მოწინააღმდეგეების ნაწილი კოვიდვაქცინას იმის გამო არ ენდობა, რომ ის ძალიან სწრაფად შეიქმნა, მიზეზი გასაგებია - ვაქცინის წარმოების კომპლექსურ სამუშაოს წლები სჭირდება. მართალია ვაქცინა მართლაც კოსმოსური სისწრაფით მივიღეთ, თუმცა ეს იმის გამო მოხდა, რომ მსოფლიომ და პირველ რიგში დასავლურმა სამყარომ სწრაფად გაიაზრა კოვიდის მრავალმხრივი საფრთხე, მოსალოდნელი ადამიანური, თუ ეკონომიკური დანაკარგის მასშტაბები, შეაჩერა სხვა ტიპის სამედიცინო კვლევები და ფინანსური, ტექნოლოგიური, ლაბორატორიული თუ პროფესიული რუსურსის მაქსიმალური, კაცობრიობის ისტორიაში დღემდე უპრეცედენტო მობილიზებით ხელი შეუწყო კოვიდვაქცინის დროულად შექმნას. საზოგადოების ერთი ნაწილის სკეპტიციზმს ის განაპირობებს, რომ ვაქცინის გამოყენება თითქოს სულ რამდენიმე თვეა დაიწყო და არ ვიცით ხვალ და ზეგ რა გართულებას გამოიწვევს - რაც ასევე მითია, რადგან ვაქცინა უკვე წელიწადზე მეტია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მისი გამოცდა და აცრილებზე დაკვირვება. ყველა ავტორიზებულმა ვაქცინამ წარმატებით გაიარა კვლევის 4-ვე ფაზა და რაც 100%-ით დადასტურდა მათი უსაფრთხოება, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ამერიკის, ისრაელის, გერმანიის, ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობებმა მათი მასიური გამოყენება.

ერთის მხრივ ცუდია, რომ ვაქცინამ ჩვენთან დაგვიანებით მოაღწია, თუმცა ამ პერიოდში მსოფლიოში უკვე ნახევარი მილიარდი ადამიანი აიცრა, რაც შედეგებზე დაკვირვებისა და რისკების შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს: ჩვენ უკვე ვიცით, რომ ვირუსის გავრცელებას ასტრაზენეკას ვაქცინა 2/3-ით, ხოლო ფაიზერი 3/4 -ით აჩერებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაინფიცირება მაინც მოხდა, ის 100%-ით გვიცავს სიკვდილისგან. საშუალო ასაკის ადამიანებში კოვიდინფიცირებამ ყოველი 10-დან 1 შემთხვევაში შეიძლება სერიოზული გართულება გამოიწვიოს, რაც სიცოცხლისთვის მძიმე შედეგით დასრულდეს, ავტორიზებული ვაქცინით აცრის შემთხვევაში კი სიცოცხლის რისკის ალბათობა 1/0,5 მილიარდთანაა, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ ვაქცინით მიღებული სარგებელი ბევრად, განუზომლად ბევრად აღემატება სავარაუდო ზიანს. მართალია პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ პანდემიის მართვაში ხელისუფლების ჩავარდნებზე აღარ ვილაპარაკებ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასწორზე ათასობით სიცოცხლე და ჩვენი მომავალი დევს და პასუხისმგებლობა ყველა ინსტანციამ უნდა გაინაწილოს. კოვიდთან ბრძოლაში უნდა ჩაერთოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ეკლესიაც და არასამთავრობო სექტორიც, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები იმისთვის, რომ ერი ფიზიკური განადგურებისგან ვიხსნათ.

სამწუხაროდ კორონავირუსმა 3 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე წაგვართვა. თუ დროულად არ ავიცრებით, აღარც ვაქცინას მოგვცემენ და ერთი ამდენი შემდეგი წლის განმავლობაში დაგვეღუპება…თუმცა უარესი წინ გველის. ქვეყანა კვლავ სრულად ჩაიკეტება, ტრანსპორტი გაჩერდება, კომენდანტის საათი და შეზღუდვები უსასრულოდ გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ტურისტი შემოვა, არც ინვესტორი ჩადებს ფულს და ავტორიტარული ტენდენციების გათვალისწინებით, აღარც დახმარებას მოგვცემს ვინმე. რაც ჩამოშლილ ეკონომიკას, გაკოტრებულ ბიზნესს, გაჩერებულ საჯარო სექტორს, დაპაუზებულ ხელფასებს და პენსიებს, შეწყვეტილ დახმარებას, შიმშილის პირას მისულ მილიონობით ადამიანს და დაცლილ საქართველოს ნიშნავს.

საქართველო არ არის ერთდერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებდა. ასეთი განწყობა იყო არაერთ ევროპულ ქვეყანაში, თუმცა ვაქცინაციის შესახებ მითებისა და დეზინფორმაციის გაფანტვით, კამპანიაში ცნობილი ადამიანების ჩართვით, უკვე აცრილების დადებითი გამოხმაურებებით და მეზობელ სახელმწიფოებში მიღწეული შედეგების ჩვენებით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აცრასთან დამოკიდებულება შეიცვალა და ვაქცინაციის ტემპიც გაიზარდა. თუ გადარჩენა გვინდა, იგივე უნდა გაკეთდეს საქართველოშიც: დაუყოვნებლივ დაიწყოს ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი კამპანია, მასში ჩაერთონ ცნობილი და გავლენიანი ადამიანები ყველა სფეროდან, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ამის სურვილი აქვს ასაკის მიუხედავად. ასეთი მიდგომა აცრის ტემპსაც გაზრდის, ვაქცინაციისადმი ნდობასაც გააძლიერებს, უკვე მიღებული დოზების მაქსიმალურად სწრაფ ათვისებასაც უზრუნველყოფს და ხელისუფლებას აიძულებს ვაქცინის შემდეგი დოზები დროულად შემოიტანოს. ასეთი სცენარი წესით ჩვენს გააზრებულად ანტივაქსერებსაც უნდა გაუხარდეთ: თუ უმრავლესობა ავიცრებით, მაშინ პანდემიაც დამთავრდება და მათი აცრაც საჭირო აღარ იქნება. ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად კი - ექიმობა არ არის საჭირო, არც ვინმეს იძულებით შედეგის მიღწევა: ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტის გათვალისწინებით რისკების ანალიზი არ უნდა გაგვიჭირდეს იმის გასააზრებლად, რომ გამოსავალი ვაქცინაშია.


close დახურვა