logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: თქვენო უდიდებულესობავ

03 აგვ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock 1449

თქვენო უდიდებულესობავ, ბატონო პრეზიდენტო - ასე მიმართა პატრიოტთა ალიანსის 42-კაციანმა დელეგაციამ ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირს, ნატოს წვრთნებისგან გათავისუფლების, სამხედრო ნეიტრალიტეტის, უსაფრთხოების დაცვისა და მედიის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში აქტიური თანამშრომლობის უმორჩილესი თხოვნით.

აქამდეც მივედით.

თუ დღემდე ქართულ პოლიტიკაში ძალაუფლებისთვის, თვითდამკვიდრებისთვის თუ გავლენების გაფართოებისთვის ერთმანეთს პრო-დასავლური და ლიბერალური დემოკრატიის მომხრე პოლიტიკური ძალები ეჯიბრებოდნენ, და თავს ბრიუსელსა თუ ვაშინგტონს აწონებდნენ, დღეს უკვე პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურსი, შავრაზმულობაში, ძალადობაში, სიძულვილის ფრქვევაში და ღიად პრორუსული განწყობების დემონსტრიტებაში მიმდინარეობს, პრიზი კი ვლადიმირ ვლადიმირის ძის ფავორიტის სტატუსის მოპოვებაა. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი ამ საკითხზე დუმილს არჩევს, რუსული პოლიტიკითა და ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების სათავედ კი ლიბერალურ ოპოზიციას და კრიტიკული მედიას ასახელებს.

ბატონო პრემიერობის როლის შემსრულებელო, თქვენ მართალი ხართ: საქართველოში ყოველდღიურ რეჟიმში ვხედათ, არა მარტო ძალადობრივ რიტორიკას, არამედ მის შედეგად გამოწვეულ ძალადობასაც, ღვარძლს, შუღლს, სიძულვილის ენას, საბოტაჟსა და შანტაჟს. ყოველდღიურ რეჟიმში მარტო კი არ ვხედავთ უმძიმეს კრიზისს, არამედ ვცხოვრობთ კრიზისში, რომელიც უკვე ყველა სფეროშია.

კრიზისია პოლიტიკაში, კრიზისია უსაფრთხოებაში, კრიზისია ეკონომიკაში, კრიზისია ჯანდაცვის სექტორში, კრიზისია კულტურაშიც, კრიზისია ყველგან და ამ კრიზისის, ძალადობის, სიძულვილის, ღვარძლის, შუღლის და ბოროტების კლიმატის უკან თქვენ, ქართული ოცნების სხვა ლიდერები და რაც მთავარია ბიძინა ივანიშვილი დგას. ოსი და აფხაზი ახალგაზრდები, რომ ქართულ არხებს, სამწუხაროდ, საერთოდ არ და ვერ უყურებენ. ალბათ არ იცით და არც გეუბნებიან, მაგრამ ქართველ ახალგაზრდობას რომ თქვენს მიერვე შექმნილი ქაოსისა და უპერსპექტივობის ატმოსფეროს გამო ცალი თვალი ქვეყნიდან გაქცევაზე აქვთ, ეს კი სამწუხარო ჭეშმარიტებაა.

არც ის არის პრობლემა თურმე, რომ ჩვენი მთავარი და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ერთგული და თავდადებული მოკავშირეები: ბალტიისპირეთის ქვეყნები ღარიბაშვილს ვიზიტზე უარს ეუბნებიან. არც ტალინში, არც რიგაში და არც ვილნიუსში აღარავინ აპირებს თვალის დახუჭვას მწარე სიმართლეზე: როგორ ცემენ პრემიერის წაქეზებით რუსეთთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტული ჯგუფები ჟურნალისტებს; როგორ ურცხვად და უცერემონიოდ არღვევს ოცნება მიშელის შეთანხმებას, მისი მოკავშირე პარტია კი პუტინს მუხლებზე უდგება და დახმარებას სთხოვს.

თუ ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას და ცივლიზებული პოლიტიკის თამაშის წესებს არ დაუბრუნდება, ხვალ და ზეგ ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატებიც მიაწებებს ივანიშვილის ხელისუფლებას კეთროვანის სტატუსს, შემდეგ კი სანქციებს. რაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, ისედაც დანგრეული ეკონომიკის საბოლოოდ ჩამოშლას, ნახევრად ცარიელი მაცივრის ბოლომდე დაცარიელებას და ბევრისთვის შიმშილით სიკვდილს ნიშნავს. და თუ ვინმეს გგონიათ, რომ ამაზე ივანიშვილი დარდობს ან ხვალ მეტად იდარდებს, ძალიან ცდებით.

ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ოცნება სიამოვნებით და ოფიციალურად ჩაერთვება პუტინის ფავორიტი ძალების პოლიტიკურ კონკურსში და ნეიტრალიტეტისა და დასავლეთის გავლენებისგან დაცვის უმორჩილესი თხოვნით უკვე თავად მიმართავს მის უდიდებულესობას პრეზიდნეტ პუტინს.


close დახურვა