logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: კომპრომისი დახმარების წილ

03 მარ 202120:01
3 წუთის საკითხავი
clock 1443
გიორგი თარგამაძის OP-ED: კომპრომისი დახმარების წილ

"ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ არაოო" - თქვა, დიდი ალბათობით, ერთმა კაცმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  თვითმფრინავი ჯერ ბრიუსელში  დამჯდარიც არ იყო, რომ ღარიბაშვილის უჩვეულოდ დარბილებული რიტორიკა კვლავ ჩვეულ, ხისტ ფორმას დაუბრუნდა.

ოცნების სხვა ლიდერებმა კი ისევ წითელ ხაზებზე დაიწყეს საუბარი. როგორც ჩანს, ივანიშვილმა არ მოიწონა კომპრომისის იდეა, შეეშინდა, რომ მელიას გამოშვება და ახალ არჩევნებზე თუ პლებისციტზე შეთანხმება უკან დახევად და სისუსტედ ჩაეთვლებოდა. ამიტომაც, ორ ცეცხლს შუა მყოფმა სავარაუდოდ მისი გადასახედიდან ნაკლებად უარესი აირჩია და კვლავ დასავლელი პარტნიორების გაბითურების ნაცად ხერხს მიმართა.

მე კი მგონია, რომ ეს არჩევანი ორი ვარიანტიდან ყველაზე უარესია, რადგან ამჯერად  გადაგდების ობიექტი ევროგაერთიანების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომლის მოტყუებაც, მთლიანად ევროკავშირის და მისი თითოეული წევრი სახელმწიფოს მეთაურის გადაგდებას ნიშნავს, რაც ცეცხლთან თამაში კი არა, პირდაპირ გავარვარებულ ნაკვერჩხალზე დაჯდომაა.

ვნახეთ რითი დამთავრდა ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უდიერად მოხსენიება, როდესაც ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტაციას შეეცადა: პავილიონისმა საქართველოს მთავრობას თავხედობა არ აპატია, ლამის მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და სერიოზული გაკვეთილიც ჩაუტარა.

შარლ მიშელის გადაგდება, რომელიც პროცესში ოცნების სურვილით ჩაერთო და რითაც ევროგაერთიანება ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადაიყვანა, ბევრად მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რადგან ეს ბრიუსელისთვის სილის გაწვნა იქნება, რაზეც ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს მოუწევს პასუხის გაცემა.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. ბრიუსელი საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულ შედეგს ელის, რაც აშკარა ორმხრივ კომპრომისში უნდა გამოიხატოს. თუ ოცნება მელიას ციხეში დატოვებს და არჩევნებთან თუ არა მინიმუმ პლებისციტთან მამართებაში კომპრომისის მზაობას არ გამოთქვამს, აშკარა გახდება, რომ ივანიშვილი კვლავ ფეხებზე იკიდებს საერთაშორისო საზოგადოებას. ევროკავშირის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის გაბითურებით კი საქართველოს მთავრობა პუტინის რეჟიმის ემსგავსება, რომელმაც ნავალნის ციხეში გამომწყვდევით და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის შეურაცხყოფით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან ახალი, ინდივიდუალური და სექტორული სანქციები დაიმსახურა.

ფინანსური აქტივები გაუყინეს და ევროზონასა და ამერიკაში გადაადგილება აუკრძალეს რუსეთის უშიშროების შეფს, თავდაცვის მინისტრის ორ მოადგილეს, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, რუსეთის გვარდიის მთავარსარდალს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორსა და  გენერალურ პროკურორს.

ანალოგიურ და შესაძლოა უფრო მკაცრ პასუხს უნდა ელოდოს საქართველო, რომელიც რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაა დაკავშირებული და დიდწილად სწორედაც რომ ევრო-ატლანტიკურ მხარდაჭერასა და დახმარებაზეა დამოკიდებული. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტის შევსებაში ისევ დასავლური ფინანსური ინსტიტუტები თუ არ დაგვეხმარა და  ბრიუსელმა წითელი აანთო, ბატონი ბიძინა ჯიბიდან ფულის ამომღები ამ საქმისთვის ნაღდად არ არის და კერძო სექტორის გაკოტრების კონვულსიების შემყურე და დღეს ნეტარად გაყუჩებული საბიუჯეტო კმაყოფაზე მყოფი საჯარო მოსამსახურეების ხელფასების გაცემა და სოციალური ვალდებულებების გასტუმრება დიდი კითხვის ქვეშ დადგება, რაც პოლიტიკურ კრიზისს სოციალურ ნავთს დაასხამს და აი აქ კი ღარიბაშვილის ამაყად ნიკაპაწეულ მთავრობს მძიმე დღეები დაუდგება.

ბრიუსელიდან ამ დონის ჩართულობა კი იმის მანიშნებელია, რომ ევროპის დედაქალაქებში საქართველოში ავტორიტარიზმის გამყარებისა და ქვეყნის რუსულ სივრცეში დაბრუნების სერიოზულ საფრთხეებს ხედავენ. რეგიონში ერთადერთ დასაყრდენსა და მოკავშირეს კი ასე ადვილად არ მიატოვებენ. ამიტომ, ივანიშვილის მხრიდან გაჯიუტების შემთხვევაში, ევროკავშირი უკან აღარ დაიხევს: პირადად მის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალურ სანქციებს, საქართველოსთვის ფინანსური თუ სხვა ტიპის დახმარების დაპაუზება და საერთოდაც ასოცირების ხელშეკრულების დროებით შეჩერება შეიძლება მოჰყვეს, რაც მარტო მმართველი პარტიისთვის კი არა, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას დაეკისრება.

ასე რომ წამზომი ჩართულია, დრო კი ამჯერად უკვე ივანიშვილისა და ოცნების წინააღმდეგ მუშაობს.  საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, რომ შემდეგი ორ კვირის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერმა ციხე დატოვოს, ხელისუფლება და ოპოზიცია კი რიგგარეშე არჩევნებთან მიმართებაში კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდეს. ამით ივანიშვილი ბრიუსელთან და ვაშტინგტონთან პირნათელი იქნება, რითაც საკუთარ უსაფრთხოებას და აქტივებს დაიცავს; ოცნება ხელისუფლებაში დარჩენის თუ არა პოლიტიკაში დარჩენის შანსს დაიტოვებს, ქვეყანას კი მომავალს შეუნარჩუნებს.


close დახურვა