logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: მერი, რომელიც კრიზისებს გაექცა

21 ივლ 202121:03
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ვირჩევთ ქალაქის მერს: წყალგაყვანილობის, კანალიზაციის სისტემის გამართული მუშაობისთვის? გადაადგილების გაიოლებისთვის, თუ ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის? თუ უძველესი ისტორიის მქონე ქალაქის იერსახის შენარჩუნებისთვის? რა თქმა უნდა ყველა ამ და კიდევ ბევრი სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, რადგან კონკრეტულ ქალაქსა და დროზე ვლაპარაკობთ, გავიხსენოთ 2 მთავარი პრობლემა, რომელიც თბილისს თავს დაატყდა და შედეგებს ყველა განვიცდით: კოვიდპანდემია და ბარბაროსული განუკითხაობა ქუჩებში, რომელმაც ჩვენს საყვარელ ქალაქს ძალადობის დედაქალაქის სამარცხვინო სტატუსი შესძინა.

ვსვამ მარტივ კითხვას: რა გააკეთა თბილისის არჩეულმა მერმა და მმართველი პარტიის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ლიდერმა ამ კრიზისების საპასუხოდ? რა თქვა კი არა, რა გააკეთა? - არაფერი. ნაცვლად იმისა, რომ პირადად ეხელმძღვანელა მასობრივი ვაქცინაციის პროცესისთვის, ქალაქის სხვადასხვა უბანში გაეხსნა აცრის ცენტრები, თავი მოეყარა თუნდაც იმ ცნობილი ადამიანებისთვის, ვინც მთაწმინდაზე მის პრეზენტაციას ესწრებოდნენ და აქტიური სარეკლამო კამპანია ეწარმოებინა, რომლის მთავარ სახედაც თავად, საკუთარი ოჯახით იქცეოდა - სრული დუმილი, ინერტულობა, მთელი პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება, შედეგად ათასობით უვაქცინობის შედეგად დაღუპული თბილისელი და მერამდენე პანდემიური ტალღა, რომელიც დედაქალაქს კვლავ მასშტაბური მსხვერპლით და პარალიზებული ეკონომიკით, შესაბამისად მასობრივი სიღატაკის გაღრმავებით ემუქრება.

ახლა გავიხსენოთ, როგორ მოიქცა ჩვენი საამაყო თბილისის მერი 5-6 ივლისს. დაჯდა და მაყურებლის როლში მოგვევლინა. ოღონდ არა ქუჩებში დატრიალებული ვანდალიზმის, არამედ საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალების. ანუ დედაქალაქის არჩეული მერი, რომელსაც სხვათა შორის სპეციალურად მისი ინიციატივით შექმნილი ქალაქის უსაფრთხოების სამსახურიც ექვემდებარება, შორიდან აკვირდებოდა როგორ ხსნიდნენ, ხევდნენ და წვავდნენ ევროკავშირის დროშას, 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში მრავლისმნახველი თბილისისთვისაც კი ენითაღუწერელი, თუმცა ვიდეოფირზე აღბეჭდილი სისასტიკით უსწორდებოდნენ ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, კალაძის მიერვე რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირს წრეებს ურტყავდნენ ჯგუფ-ჯგუფად, გინების სკანდირებით მრგვალი ბაღის ძებნაში, გაეროს ოფისისთვის ალყის დასარტყმელად და ელჩების სარზე გასასმელად (მადლობა ღმერთს. რომ ამას მაინც გადავრჩით).. და ის იჯდა ურეაქციოდ, როცა მის თანამოქალაქეებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, თბილისის ისტორიაში დიდი სამარცხვინო ფურცელი იწერებოდა.. მხოლოდ ერთი რამით მივხვდით, რომ 5 ივლისს მაინც განუცდია, განუცდია და გახარებია კიდეც - იტალიის ნაკრების ფინალში გასვლა - ფორცა იტალიას! და თბილისს - რა?!! წინ 2-თვენახევრიანი საარჩევნო კამპანია გვაქვს. ამ და სხვა ეთერებიდან ბევრი რამ ითქმევა დედაქალაქის მერობის კანდიდატების პლუსებსა და მინუსებზე. მაგრამ ერთი შეხედვით ბანალური ფრაზა, რომ არჩეული მერი თბილისის სახეა - ასე მწარედ აუცილებლად შეგვახსენებს თავს და ძალიან უსიამოვნოდ: ქალაქს ყავს მერი, რომელმაც ორ მთავარ კრიზისს ოდნავადაც ვერ გაართვა თავი და მეტიც, აუცრელი თბილისი აქცია კოვიდის, სისასტიკის, არაკაცური ანგარიშსწორების და ევროპული სიმბოლიკის ფეხქვეშგამდები ბრბოს სათარეშო დედაქალაქად!


close დახურვა