logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: მოგხედავთ... 2030-სთვის

27 ივნ 202120:09
3 წუთის საკითხავი
 

რა ხდება მაშინ, როცა დემოკრატიული პროცესის იმიტაციას ცდილობ, სინამდვილეში შენს უსაზღვროდ გაბერილ ეგოს იკმაყოფილებ, თორემ ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან ისევე ხარ როგორც თხა და გიგო?!

რა განსხვავებაა საბჭოთა ხუთწლედსა და ქოცურ ათწლედს შორის? ბევრი არაფერი: ღორის, ძროხის, ფრინველის ხორცისა თუ რძით უზრუნველყოფის გაორმაგება, საუბრის ფორმა და ტონი იდენტურია. უბრალოდ მაშინ გამომსვლელები უმეტესად ხანში შესულები იყვნენ, ნაცმოძრაობა და სისხლიანი 9 წელი არ არსებობდა და "სექსის" სუბსიდირებაც არ შეიძლებოდა, თუნდაც იმის გამო, რომ ძველებს გემახსოვრებათ: "საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდა" ... ჰო, მაშინ ტაშიც უფრო ხმამაღლა გუგუნებდა...

ქვეყანა იღუპება და რა დროს 10-წლიანი გეგმაა, ან ვის მოუვიდა თავში ეს დრომოჭმული იდეაო, იკითხავთ ალბათ. შუაში კი არა თავშია. როგორც მგელი ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის საზღვრებს, ოცნებაც ისე შეეცადა ძალაუფლების არეალი დროსა და სივრცეში კიდევ ერთხელ მოეხაზა. თუმცა არც ისე წარმატებით, რადგან გამოსვლის ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ათწლიანი გეგმის ნაცვლად კვლავ წარსული "სისხლიანი 9 წელი" და არც მეტი არც ნაკლები "იპოთეკური სესხის სექსთან მიბმა" გახდა.

ეს იმ ფონზე, როცა პრემიერმინისტრის პოსტზე ნიახურივით მეორედ შემთხვევით აღმოცენებულ მომხსენებელს, ჩარჩოში ჩასმული, შარლ მიშელის გეგმით დეტალურად გაწერილი საგზაო რუკა, სამუშაო მაგიდაზე, ბატონი ბიძინას ფოტოს გვერდით უნდა ედოს და დღე და ღამე მის განხორციელებაზე დარდობდეს.

ალბათ ფიქრობთ რომ გძინავთ, ეს კი ცუდი სიზმარია და სასწარაფოდ უნდა გამოფხიზლდეთ. გეტყვით რომ არა, ეს სიზმარი არ არის, საქართველოს სამწუხარო რეალობაა. აი გამოფხიზლება კი აუცილებელია, რადგან, როდესაც საარჩევნო კამპანიაში თავით გადაშვებული პრემიერი გამოფხიზლდება, უკვე ძალიან გვიან იქნება. მისივე გადაწყვეტილებით სრულად მოხსნილი რეგულაციების შედეგი აუცრელ საქართველოში, აქტიურ დასვენების სეზონზე და საარჩევნო კამპანიის პიკში კოვიდის მეოთხე ტალღა კი არა ცუნამი იქნება. 

როგორ შეიძლება არათუ 10-წლიანი, საერთოდ ოცნების რაიმე გეგმა ვინმემ სერიოზულად აღიქვას, როდესაც იმასაც კი ვერ ახერხებ, ერთი დღის მასშტაბში, ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების პროცედურა ისე დაგეგმო, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე საქმე არ მიიყვანო და საგანგებო სხდომის ჩანიშვნის აუცილებლობა დაგიდგეს. ამ ამოცანას ხომ მესამე კლასელი ბავშვიც კი წარმატებით გაართმევდა თავს. პრეცედენტიც კი არ არსებობს საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, საპრეზიდენტო ან საპრემიერო მოხსენებები ისე დაეგეგმათ, რომ საგაზაფხულო სესიის დრო "შემოლეოდათ", ხოლო დებატები ორი დღის შემდეგ გაეგრძელებინათ. მსგავს გაუთვლელობას და წინდაუხედაობას მარტო 2500 დოზა ასტრაზენაკას უკვალოდ გაქრობა თუ გაუწევს კონკურენციას.

არც პოლიტტექონოლოგიურად ბრწყინავდა ღარიბაშვილი, რომელმაც გამოსვლის ცენტრალურ ემოციურ ხაზად კვლავ ნაცმოძრაობასთან ძველ, გადაღეჭილ თემებზე დაპირისპირება აირჩია, რაც ოპოზიციის ყველაზე დიდ პარტიას ბევრს ვეღარაფერს დააკლებს, თუმცა გახარიას გუნდს, რომელიც სხდომაზე საკმაოდ უსახურად გამოიყურებოდა, შესაძლოა, წაეხმაროს კიდეც. ღარიბაშვილის ანტინაცური პათოსი და კვლავ სისხლიანი 9 წლის შესახებ ომახიანი წამოძახილები, ოცნების ცუდი მმართველობისა და სოციალური პროექტების ჩავარდნის გამო, მმართველ გუნდზე გულაცრუებული ამომრჩევლისთვის, გახარიას მხარდასაჭერად დამატებითი არგუმენტი შეიძლება გახდეს. არადა, ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში ედისონის კვლევების შედეგების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც გარკვევით აჩვენებს იმას, რომ ოცნების მთავარი პრობლემა მომავალ არჩევნებში სწორედაც რომ ძველი პატრონის მიერ მოღალატედ გამოცხადებული გახარიას პოლიტიკური ძალაა. პრემიერმა ისიც კი ვერ მოახერხა, რომ კობახიძის მიერ ჩამოყალიბებულ პროპაგანდისტულ ხაზს გაყოლოდა და ნაცმოსთან გაუთავებელი დაპირისპირების ნაცვლად, მისი გამოსვლის მთავარ ამოცანად, გახარიას მხრიდან წაღებული ხმების უკან დაბრუნება თუ არა ელექტორალური სისხლდენის შეჩერება მაინც გაეხადა.

მთავარი პრობლემა კი მაინც იმაშია, რომ პრემიერის გამოსვლამ ყველას ნათლად აჩვენა უმძიმესი რეალობა: კონსტიტუციურ და ისტორიულ მისიას რომ თავი დავანებოთ, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირს, ელემენტარული ფუნქციები და მოვალეობებიც კი არ აქვს გაცნობიერებული. თუ მართლა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე ვსაუბრობთ, რაც საქართველოს არ აქვს და აუცილებლად სჭირდება, მაშინ ეს გეგმა მსხვილი და ფუნდამენტური ეროვნული პრობლემების მოგვარების საგზაო რუკა უნდა იყოს. პოლიტიკური ლიდერი კი ყველა არსებული საშუალებით უნდა ეცადოს დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებასთან ხიდების გადებას, რადგან ეროვნული კონსოლიდაციის, დიდი შეთანხმებისა თუ შერიგების გარეშე წარმოუდგენელია ასეთი პრობლემების არათუ მოგვარება არამედ მისი გაღრმავების შეჩერება.

ღარიბაშვილის ადგილას, ნებისმიერი, ოდნავ უფრო წინდახედული და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, პანდემიასთან ბრძოლის იდეას აუცილებლად გამოიყენებდა ოპოზიციურ ჯგუფებთან საერთო ძალისხმევის ჩამოსაყალიბებლად: იტყოდა რომ ერიც, ბერიც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად უნდა დავირაზმოთ ქვეყნის პანდემიის კლანჭებისგან დასახსნელად; დავიწყოთ სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ ამოვიდეთ სიღარიბის ჭაობიდან; ვიხსნათ ჩვენი ბავშვები შიმშილისგან და გაუნათლებლობისგან; ახალგაზრდებს არ მივცეთ ქვეყნიდან წასვლის დამატებითი მოტივი; ღირსეულად ვაცხოვროთ მოხუცები, და რაც მთავარია საერთო ძალებით დავუპირისპირდეთ მტერს, რომელიც ტერიტორიების მიტაცების შემდეგ ახლა, პირდაპირი ანექსირებით და მსხვერპლად ქცეული, მავთულხლართს იქითა საქართველოს მონელებითაა დაკავებული...

მაგრამ არა…პრემიერმა არათუ "დიდი იდეები" გააჟღერა, რომელთა გარშემოც გახლეჩილი საზოგადოებისა და განსხვავებული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას და მათი ენერგიის თუ ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზებას შეძლებდა - უნიჭო, მობეზრებული თავდასხმებით და პოპულისტური მანიპულაციით შემოიფარგლა. მთელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ უყურა ათასჯერ ნანახ სერიას: შეუმდგარი ძველბიჭური კინკლაობის არენად ქცეული საპარლამენტო დარბაზი, წამოძახებები ნაცმოს სისხლიან 9 წელზე და გაღიზიანება და მუქარის ტონი ღარიბაშვილისთვის ყველაზე მიუღებელი და როგორც ჩანს საფრთხის მატარებელი ფიგურის, ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლისადმი, რომელიც კრიტიკულ ტელევიზიებს და ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებს აფინანსებს და რომელსაც როგორც პრემიერმა გვაუწყა - ძალიან მალე "მიხედავენ". დიახ ზუსტად ასე ითქვა "მიხედავენო" აი ხალხის და ქვეყნის პრობლემების მიხედვას რაც შეეხება, ჯერ არ სცალიათ.. საკუთარი "ოქროს სარაია" აქვთ დასამთავრებელი. დაგვპირდნენ, რომ მოგვიანებით, როგორც "მიმინოშია" - 5-ის არა მაგრამ, 10 წლის შემდეგ, 2030-ისთვის გეგმავენ. მოგვხედონ...


close დახურვა