"კანონი უნდა აღსრულდეს თუნდაც სამყარო დაიქცეს" - ამ ძველ რომაულ მაქსიმაზე იდგა მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი იმპერიის სიძლიერე. მოგვიანებით ბრიტანელებმა უფრო ჰუმანური პრინციპი შემოგვთავაზეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწფო სამართლიანი სასჯელის გარდაუვლობაზე დგას და არა მის სიმკაცრეზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა და კანონის გარდაუვალი აღსრულება არის სახელწიფოს სტაბილურობის უმთავრესი გარანტი. ისეთ სახელმწიფოებში კი როგორიც ჩვენ ვართ, სადაც აღარც საბჭოთა, მაგრამ არც ევროპული ტიპის სრული დემოკრატიაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით უფრო მკაცრად ისჯებოდნენ, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ერთის მხრივ ფართო საზოგადოებაში დაცულობის შეგრძნებას, მეორეს მხრივ კი სისტემაში დანაშაულის პრევენციას და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრას.
"დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ უსამართლო სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მას შემდეგ რაც ე.წ. უდოს, ანუ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან მისჯილი ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ გამოუშვეს. "ამ ცხოვრების დედაც" - 15 წლის ლუკა სირაძემ თავისი განწყობა გარდაცვალებამდე ამ ფრაზით გამოხატა. ჩვენ უფრო დახვეწილად ჩამოვაყალიბებთ სათქმელს: სახელმწიფოს, უფრო კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის სამართალი და კანონი სხვაგვარად მოქმედებს. ამ ნაბიჯით, გადაწყვეტილებების მიმღებებმა, რომელთა შორისაც დარწმუნებული ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირებიც არიან, სისტემას კიდევ უფრო მეტი ძალადობისკენ უბიძგა, მოქალაქეები კი ბევრად უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვა.
რატომ არის ჩოლოიანის საქმე პრეცედენტული და მნიშვნელოვანი? "დაცინვა და შეურაცხყოფაა მისი გათავისუფლება", - განაცხადა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმამ და მართლაც ასეა, რადგან ჩოლოიანს, რომლის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებამ თუ ბოროტად გამოყენებამ 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა, მხოლოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ე.წ. უდოს კომისიამ კი, რომელმაც ბევრ შემთხვევაში მძიმე ავადმყოფის და მომაკვდავი პატიმრის გათავისუფლებაზე, ან სასჯელის მოხდის გადავადებაზე არ გასცა რეკომენდაციები, გამომძიებელი საპატიმროდან წელიწად-ნახევარში გამოუშვა. და ეს მარტო სირაძეების დაცინვა არ არის, ეს მთელი საზოგადოების მასხრად აგდება და სისტემის სიმახინჯის უტყუარი ნიშანია. ასევე სიგნალია ყველასთვის, რომ თუ სისტემის ნაწილი ხარ და ხელისუფლებას ემსახურები, ნებისმიერი რამ შეიძლება ჩაიდინო და ადვილად გამოძვრე. და ასე იქნება მანამ, სანამ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას არ განვახორციელებთ და ბინძურ და მახინჯ საბჭოთა გადმონაშთზე უარს არ ვიტყვით. მანამდე კი პრევენციის როლს მარტო ბევრის მიერ შერისხული მედია ასრულებს, მომხდარ ტრაგედიაზეც და ახლაც მხოლოდ მედიიის მიერ ატეხილი ხმაური ქმნის თუნდაც გარკვეულ მორალურ წნეხს, რომელმაც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებისგან თავი უნდა შეაკავებინოს.
ლუკას მიერ დატოვებულ ქვეყანაში სამართალი კვლავ მხოლოდ შერჩევითია, ძალადობრივი სისტემის დანგრევის მოწოდებებიც და განწყობებიც კი უცნაურად ტალღობრივი და სუბიექტურ აღქმებსა და ინტერესებზე დამოკიდებული. მოკლედ ამ ცხოვრების თუ არა... ასეთი უსამართლო სისტემის!...