ეთნორელიგიური იზოლაციონიზმის და ჰომოფობიის ნაერთით მიღებული წინასაარჩევნო კერძი როგორც ჩანს საკმარისი არაა და ოცნება სოციალური დემაგოგიით გაჯერებული საწებელას მოსხმასაც უხვად აპირებს. ხელისუფლებაში ყოფნიდან 9 წლის თავზე აღმოვაჩინეთ, რომ წამლების ფასნამატი 300-400% პროცენტია და პენსიონერების სესხის საპროცენტო განაკვეთიც კატასტროფულად მაღალი. რთველიც აქტიურად დასასუბსიდირებელი: მერე რა რომ იგივე მინისტრი მანამდე ასეთივე ენთუზიაზმით ყველას გვიმტკიცებდა, რომ ეს საბაზრო წესებს და დარგის განვითარების ინტერესს ეწინააღმდეგება, ახლა ხომ მორიგი არჩევნებია მოსაგები და პრინციპულობა დავივიწყეთ.
ხალხის საარჩევნო დაბოლება ახალ ფაზაში შედის: საინტერესო ისაა, რომ ოცნება ამ 100 მილიონს რომ ისევ ჩვენი ჯიბიდან მიმართავს, ისე რომ თავის ჯიბეს ხელს არ ახლებს და საარჩევნო ხმებს ფაქტობრივად ამ ხალხისავე ფულით ყიდულობს. მოსმენებსა-მიყურადებაზეც პრინციპში ახალი არაფერი იქნებოდა, პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრად მონათლულ NGO-ებსა თუ ჟურნალისტებზე ივანიშვილი თვალთვალს რომ არ აწარმოებდეს, ის იქნებოდა საზოგადოებისთვის გასაკვირი. აქ ახალი და მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რომ ბიძინას უსაფრთხოება თავისი გუნდის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, მთავრობას, მის ადმინისტრაციას და ბიზნესს იმაზე დიდი ინტერესით და ინტენსივობით უსმენს, ვიდრე ფორმალურ მოწინააღმდეგეებს. იდეაში, მეეჭვება, რომ ესეც ვინმესთვის მოულოდნელი ყოფილიყო.
როგორც დღეს ივანიშვილის მთავრობის წევრმა ნათია თურნავამ თქვა "ამ სიბინძურეზე" კომენტარს არ გააკეთებდა და ასეთი ჩანაწერების არსებობის არ წამს. პირველ ნაწილში 100%-ით ვეთანხმები. სიბინძურეა თვალთვალი, ვამატებ დიდი უკანონობაც, და განსაკუთრებით სიბინძურე სექსუალური ურთიერთობების და პირადი ცხოვრების ფაქტორის გამოყენება. მაგრამ მინისტრები თუ ტელევიზორში კოსტიუმირებული დეპუტატები რას ილაპარაკებენ ერთია და გაფიცებთ ყველაფერს, ვინც ახლა ამ გადაცემას უსმენთ, ვინმე თუ ხართ ისეთი, ვისაც ეჭვი გეპარებათ, რომ ივანიშვილის სუსი მასობრივ მოსმენა-მიყურადებას აწარმოებს და მათ შორის პირველ რიგში მისივე ავტორიტარული ვერტიკალის ჭანჭიკების და ასევე განსაკუთრებით სფეროზე, სადაც ფინანსები და ფულია კონცენტრირებული, ანუ ბიზნესზე... მე ამაში დარწმუნებული ვარ, წესით უნდა გადამარწმუნოს პირადი მონაცემების გენერალურმა ინსპექციამ, მთავარმა პროკურატურამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ...მაგრამ ბოდიში.. ასეთები როგორც დამოუკიდებელი ორგანოები მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს და ზოგი არც გვაქვს. როგორიც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოების ამ პრობლემაზე ნელთბილი რეაქციის მიზეზები, უდიდესი შეცდომა იქნება ივანიშვილის მხრიდან ტოტალური თვალთვალისა და კონტროლის რეჟიმის დამყარების მცდელობაზე სერიოზული რეაგირების არქონა.
თუ მწერლების მსგავსად ფართო საზოგადოებამ მომავალ არჩევნებში ძლიერი სილა არ გააწნა მილიარდერს, ხვალ აუცილებლად 21 საუკუნის საბჭოთი კავშირში გავიღვიძებთ. ოცნების ლიდერები კი გამოვლენ და ბატონ ბიძინას კვლავ მადლობას გადაუხდიან. ამჯერად იმისთვის, რომ სუსი უსმენს და უთვალთვალებს მათ შვილებს, ცოლებს, ქმრებს და საყვარლებს, რაღა თქმა უნდა მათივე სასიკეთოდ. და თუ ვინმეს აშანტაჟებენ, ისიც მათივე სასიკეთოდ ხდება, რადგან ჭეშმარიტ მეოცნებეს და მოქალაქეს, ისე როგორ თავის დროზე ჭეშმარიტ კომუნისტს და ამხანაგს ბელადისგან დასამალი არაფერი უნდა ქონდეს.