logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ყარს!!!

15 სექ 202121:02
3 წუთის საკითხავი
 

რაღა შორს წავიდე და სუს-დან გამოჟონილ ფაილებში 4 მღვდელმთავართან ჩემი სატელეფონო საუბარი დეტალურადაა აღწერილი. არადა, ეს ის პერიოდია, როცა არც პოლიტიკაში ვიყავი და არც ტელევიზიას ვხელმძღვანელობდი, უბრალოდ, ერთ-ერთ, უწყინარ, პოლიტიკურად თუ ელექტორალურად ხელისუფლებისთვის მეათეხარისხოვან კვლევით და სასწავლო ცენტრს წარმოვადგენდი. თუმცა, როგორც ჩანს, სუს-ის ინტერესის არეალში მაინც აღმოვჩნდი.

წარმოიდგინეთ, რა დონის და მასშტაბის თვალთვალი თუ მიყურადება ხორციელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებისთვის ინტერესის ან წინააღმდეგობის საგანს წარმოადგენენ. თუმცა, არა მხოლოდ მათ, ჩვენთან უკვე ყველას უსმენენ, მარტო პოლიტიკოსებს, საეკლესიო პირებს, ბიზნესმენებს და ჟურნალისტებს კი არა, ყველას: სამოქალაქო აქტივისტებს, საექსპერტო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, ადვოკატებს, ექიმებს, სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებს. როდესაც ტექნოლოგიური პროგრესი ტოტალური მოსმენის შესაძლებლობას კლავიშის მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით იძლევა, თვალთვალის გლობალური სისტემა კი ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ კონტროლს მოკლებულია, გამოთქმა რომ საქართველოში ყველას უსმენენ - პირდაპირი გაგებით სიმართლე და რეალობა ხდება.

მეტსაც გეტყვით: მარტივი გამოსაცნობია, რომ ივანიშვილს, საპატრიაქოსა თუ ოპოზიციაზე მეტად საკუთარი გარემოცვის მოსმენა და თვალთვალი აინტერესებდეს. ამიტომაც, ფაილების ახალი დოზის გაჟონვა არ ჭირდება იმის მიხვედრას თუ რა ინტენსივობითა და მასშტაბით უსმენენ მოქმედ მინისტრებს, მათ მოადგილეებს, საჯარო მოხელეებს, პარტიის წევრებსა თუ ოცნებასთან სხვა ფორმით დაახლოებულ ადამიანებს. რაც მათ, მიუხედავად თანამდებობისა თუ გავლენებისა, სიმდიდრისა თუ სოციალური სტატუსისა, ყველაზე მოწყვლად და დაჩაგრულ ადამიანებად აქცევს. მათ შორის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში დღეს თავად ოცნების ლიდერები არიან. გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მეცოდებით, რადგან უდიდესი ბოროტების ნაწილი და ამავე დროს მსხვერპლი ხართ. ეს არჩევნები კი ყველასთვის, თუმცა პირველ რიგში თქვენთვისაა გამოსავალი, რადგან ბოროტების მანქანის დანგრევა და თავიდან მოშორება, რომელიც სრულად ივანიშვილს და მის ინტერესებს ემსახურება, ამ ქვეყნის და თქვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

არადა სისტემა, რომელშიც ამ ღარიბ ქვეყანაში ამხელა ფულს ვიხდით, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით კი საგარეო საფრთხეების განეიტრალებას უნდა ემსახურებოდეს. გამოჟონილი ფაილებიდან ცხადი ხდება, რომ საპატრიარქოს თუ სხვა უწყებების რიგი წარმომადგენლების მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ღია და საეჭვო კავშირების ამსახველი უამრავი მასალა გვაქვს. თუმცა, დასკვნები და რეაგირება, რომელიც ამ მასალას მოჰყვება, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ნაკლებად, მმართველი ელიტის ძალაუფლების გამყარებას კი ნამდვილად ემსახურება. ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაგირება, არც მეტი, არც ნაკლები ლილოს ნაგავსაყრელს მახსენებს, სადაც ტოქსიკური აირების შეკავებას მთავრობა ნაგავზე მიწის დაყრით ცდილობს, რაც ბუნებრივია ვერაფერს შველის, გარემო კი უმოწყალოდ იწამლება. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, რომ სუს-ის ფაილების გაჟონვის შედეგად, იმ მომწამვლელი აირის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩავისუნთქეთ, რომელიც ივანიშვილისა და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში დაგროვდა. ძნელი მისახვედრი არ არის, რა მოხდება, თუ ერთ დღესაც მთელი ეს სიმყრალე ერთიანად ამოიფრქვა. წარმოდგენაც კი მზარავს, რამდენ ადამიანს დაენგრევა ცხოვრება და რამდენის ყოფა გახდება გაუსაძლისი. ამ დროს, ხელისუფლების მაღალჩინოსნები: ღარიბაშვილი, წულუკიანი, მდინარაძე, კობახიძე გვიმტკიცებენ, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია და კიდევ აქეთ გვემუქრებიან. სინამდვილეში კი მათი განცხადებების ფონზე, ჩვენ ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესს ვადევნებთ თვალს. ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ვერც გააკეთებს. ის უკვე არაქმედუნარიანი და ამავე დროს ძალიან საშიშია.

ნებისმიერ თქვენგანს მინდა ვკითხო: გახვრეტილ ჭურჭელს, რომელსაც სითხე წურწურით გასდის, ხომ აღარ ვიყენებთ? ხომ უმალ ნაგავში გადავუძახებთ და ახლით შევცვლით, რომ იქიდან გამოჟონილით სახლ-კარი არ მოგვეთხვაროს? დღეს მმართველობითი სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის ხელშია, უბრალოდ კი არ ჟონავს - შადრევანივით აფრქვევს სახელმწიფო საიდუმლოებას თუ პირად ინფორმაციას, რომლის შეკავებაც ოცნების ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია. საჭიროა მისი დროულად ჩანაცვლება და ერთიანი შეკავების მექანიზმის შექმნა, იმისთვის რომ სუს-დან ამოხეთქილმა სიმყრალემ ჩვენი ქვეყანა და საარსებო სივრცე სიცოცხლისთვის ბოლომდე გაუსაძლისი და უვარგისი არ გახადოს. მანამდე კი ყველაფერი ძალიან ყარს!


close დახურვა