logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: (თუ) ომი დამთავრდება, მშვიდობის გეშინოდეს, ოცნებავ!

28 ივლ 202419:00
3 წუთის საკითხავი
 

არჩევნები მეგანარატივების ომია. მაგალითად: შეერთებული შტატების გამორჩეულად დრამატული საარჩევნო კამპანიის ლამის ფინალურ ეტაპზე ბაიდენის საარჩევნო რბოლიდან გამოთიშვას და კამალა ჰარისით ჩანაცვლებას, ტრამპის კამპანიისთვის, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ტრამპისტების საარჩევნო კამპანიის მეგა ნარატივს ბრძოლა - fight წარმოადგენდა. ბრძოლა დასუსტებული, ენერგიისაგან დაცლილი, ნაკლებად ქმედუნარიანი კონკურენტის წინააღმდეგ. ეს ნარატივი იმდენად ღრმად გაჯდა კამპანიის ხასიათში, რომ თვით ყველაზე ექსტრემალურ ვითარებაში, თავდასხმიდან რამდენიმე წუთში, ფეხზე წამომდგარმა სახედასისხლიანებულმა ტრამპმა მაღლა აწეული მუშტის ფონზე, ყოველგვარი იმპროვიზაციის გარეშე დაიწყო ამ მოწოდების სკანდირება fight! fight! ბრძოლა!

ვიზავიდ ჰარისის ჩანაცვლებამ საარჩევნო დაპირისპირება "უკომპრომისო პროკურორისა" და "დამნაშავე მსჯავრდადებულის" კამპანიის კალაპოტში გადაიყვანა. ახლა მოწოდება "fight" - ენთუზიაზმით და ენერგიით სავსე დემოკრატების 20 წლით ახალგაზრდა ქალ კანდიდატს უფრო შეესაბამება, ვიდრე 80 წელს მიღწეულ მაჩოს.

მეგანარატივმა უკუღმა იწყო მუშაობა, და ასეც გაგრძელდება, თუ რა თქმა უნდა ტრამპის კამპანია ამ ტენდენციას რამე ახალს არ დაუპირისპირებს.

ახლა რა ხდება ჩვენთან და რატომ გამიჩნდა იდეა საქართველოს საარჩევნო კამპანიასთან გარკვეული პარალელის გავლების:

ჩვენთანაც, მიუხედავად უკვე კონსოლიდირებული ავტორიტარიზმისა, ანუ სიტუაციისა - როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ დონეზე ერთი ჯგუფის და ჩვენს შემთხვევაში - ერთი ადამიანის გავლენის ქვეშ არის მოქცეული, ჯერ კიდევ კონკურენტული დემოკრატიის ფაზაში ვართ, ანუ, როცა არჩევნების ჩატარებას ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის ფორმალური მნიშვნელობა მაინც აქვს.

ივანიშვილმა, სურს - არ სურს, საარჩევნო კამპანია უნდა ჩაატაროს და ამისთვის ჭირდება მეგანარატივი "ომისაგან დამცველის" შესახებ.

ეს ნარატივი, სიახლეს არ წარმოადგენს და განსაკუთრებული აქტუალურობა უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბიანი, დამანგრეველი აგრესიის ფონზე შეიძინა: - "გარშემო ომია. შეიძლება ეკონომიკურ წინსვლას და სოციალურ კეთილდღეობას ვერ გთავაზობთ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხითაც კატასტროფული უკუსვლა გვაქვს, ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ოცნებას - ევროპულ ოჯახში დაბრუნებას - ძირი გამოვუთხარეთ, მაგრამ სამაგიეროდ წინ აღვუდექით ომის გადმოდინებას და განვასახიერებთ მშვიდობას."

დღეს არ ვაპირებ იმაზე საუბარს, თუ რა ტიპის კამპანია უნდა დაუპირისპიროს ოპოზიციამ ოცნების სპეკულაციას ომსა და მშვიდობაზე. ამის გაკეთება ადვილი არ არის, თუმცა არც შეუძლებელი. ადვილი არ არის, რადგან ომი ჩვენ სამეზობლოში რეალურ სურათს წარმოადგენს, მათ შორის ჩვენი, კრიტიკული არხების მიერ ყოველდღიურად დემონსტრირებული დამანგრეველი შედეგებით.

ოპოზიციის მეგა ნარატივი, რომელიც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონკრეტულ დაპირებას და მათ შორის ყოველგვარი ომის გარეშე, ჩვენსავე მდგომარეობაში მყოფი, თუნდაც მოლდოვას ხელშესახებ ინტეგრაციულ დინამიკას ეყრდნობა - მაინც პერსპექტივაა, რომელსაც ჯერ კიდევ მოჰყვება აჩრდილად წლების განმავლობაში თავად დასავლეთიდან ნაკვები პესიმიზმი ნატოსა, თუ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.

კიდევ უფრო რომ გავამარტივო: ერთ მხარესაა ჯერ კიდევ მიმდინარე ომის სასტიკი თვალსაჩინოება და მეორე მხარეს ევროპული მშვიდობის და კეთილდღეობის - რეალური, ძალიან ახლოს მყოფი, მაგრამ მაინც პერსპექტივა.
ახლა კი მივადექით მთავარ სათქმელს, რომელიც გარკვეულწილად ჰგავს არა იმდენად ხაფანგს, არამედ ამერიკულ არჩევნებში რეალობის ცვლილების შედეგად ამოყირავებულ მეგა ნარატივს:

თავად ივანიშვილი და ახლა უკვე მთელი ქართული ოცნება საზოგადოებას, ოქტომბერში, მანდატის განახლების მთავარ მოტივად, უახლოეს პერიოდში, უკრაინაში ომის დამთავრებას და ამის შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების პერსპექტივას სთავაზობს.

ივანიშვილმა და მისმა მრჩევლებმა კვლევებზე დაყრდნობით დანამდვილებით იციან, რომ ხალხს და საერთოდ ყველა ნორმალურ ადამიანს საქართველოში რა თქმა უნდა ომის ეშინია, მაგრამ ამის პარალელურად დასავლეთთან ღია კონფრონტაცია და ფაქტობრივი ცივი ომის ფაზაში გადასვლა არანაკლებ დამანგრეველ დინამიკად აღიქმება საქართველოს სახელმწიფოს და ამ ქვეყნის და ყველა ოჯახის პერსპექტივისთვის.

ანუ კარგი იყო, რომ "ომისგან დამიცავი", მაგრამ დასავლეთისგან სამუდამო დაშორება და ომის გენერატორ, ჩამორჩენილ და კეთროვნად ქცეული რუსეთის კალთაში ჩაგორება წარმოუდგენლად მძიმე პერსპექტივაა საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90%-სთვის.

ამიტომაც დაიწყო ივანიშვილმა აქტიური მტკიცება იმისა, რომ "... ცოტაც გვაცალეთ, ომი რამდენიმე თვეში დამთავრდება, "გლობალური ომის პარტიასთან" დაპირისპირების აუცილებლობა აღარ იარსებებს და დასავლეთთან ურთიერთობებსაც გადავტვირთავთო..."

ახლა ვნახოთ რა შეიძლება მოხდეს და რა დაემართება თავად ქართული ოცნების მეგა ნარატივს, თუ ეს მართლაც ისე მოხდა, როგორც ივანიშვილი და ოცნება ამბობს და რისი პერსპექტივაც მსოფლიოში განვითარებული პროცესების გათვალისწინებით საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება.

ანუ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი, ყოველ შემთხვევაში ცხელი ფაზა, უკრაინაში რამდენიმე თვეში მართლაც დამთავრდა? ივანიშვილს და მთელ ოცნებას ჩამოენგრევა მეგანარატივი, რომელზეც არამარტო მისი საარჩევნო კამპანია, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების იდეოლოგიური ღერძი დგას.

ყველა გონიერი და ოდნავ პოლიტიკაში ჩახედული ადამიანი კარგად ხვდება - ოცნების ლიდერების მიერ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთის პირობებში, დასავლეთთან, არა თუ ნდობის დეფიციტი - უნდობლობის უზარმაზარი უფსკრულია გაჩენილი და ხიდის გამდებად, თავად ამ უფსკრულის ამომთხრელი ოცნება ვერცერთ შემთხვევაში ვეღარ გამოდგება. ანუ ფაქტობრივად შემდგარი მოცემულობაა: დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორების პერსპექტივა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზე გადის.

მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც რომ გვერდზე გადავდოთ, აბა დაფიქრდით - რაღაზე უნდა იდგეს ოცნება, თუ ომი დამთავრდა და მშვიდობა დადგა, რითიღა უნდა დააშინოს ხალხი, ან რით უნდა გამოკვებოს დამშეული, პოლიტიკურთან ერთად სოციალური სიდუხჭირის, უსამართლობის, უთანასწორობის და უპერსპექტივობის გამო ბრაზითა და უკმაყოფილო ხალხით სავსე საქართველო?

თუ კი რამეზე ოცნებობს ახლა ბიძინა - უკრაინაში ომის ცხელი ფაზის გაგრძელებაა. ღმერთმა ქნას და თუ ომი შეჩერდა უკრაინისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პირობებით, ეს ვერც პუტინისადმი დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულებას ვეღარ შეცვლის და ხელისუფლებაში მყოფ აქაურ პუტინისტებსაც გამოაცლის ომის მუდმივ შიშსა და დაუცველობაზე დაშენებული განწყობით ხალხის მანიპულირების ნიადაგს.

ამ ერთხელაც დაუჯერეთ ბიძინას, დაუჯერეთ და... თუ ომი დამთავრდა მაშინ რაღა უნდა ქნას?! თავი რით გადაირჩინოს?! ბრეხტის არ იყოს, (თუ) ომი დამთავრდა, (ბიძინა) მშვიდობის გეშინოდეს!


close დახურვა