logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: 5 ივლისი, მედია და ოზონის შრე

05 ივლ 202322:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/05/m3h8r37j02b7bi8.jpg

ოზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. რომ არა სტრატოსფეროს ეს ფენა, რომელიც ჩვენს პლანეტას გარს აკრავს, დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.

დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის მედია ოზონის შრის ფუნქციას ასრულებს. სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, ამავე დროს მის აქტივობას აკავებს და ფილტრავს იმ ზომაზე, რომ საზოგადოებრივი საჭიროებები აღსრულდეს, მაგრამ სისტემა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავიდეს და მოქალაქეებისათვის ცხოვრება - სახელმწიფო ძალადობისგან დაუცველი და გაუსაძლისი არ გახდეს.

2021 წლის 5 ივლისი. შავი დღე ქართული მედიისთვის და მთლიანად დემოკრატიისთვის. 2023 წლის 5 ივლისი ჟურნალისტების მიერვე გამოძიებული ფაქტები, რომლებიც მედიაზე მორიგ თავდასხმაში სახელმწიფოს სისტემურ დანაშაულზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

რატომ ვლაპარაკობთ ამდენს ჟურნალისტებზე თავდასხმების თაობაზე? ეს კითხვა გადაცემების კომენტარებშიც გამოჩნდა - ნორმალურია ამხელა რესურსის და საეთერო დროის ხარჯვა ჟურნალისტების პრობლემებზე? ლეგიტიმური შეკითხვაა და ვისაც მედიის ასეთი მგრძნობელობა საკუთარი პრობლემების მიმართ თვალში ხვდება და ფიქრობს, რომ თუნდაც სხვა, ხალხისთვის მნიშვნელოვან თემებს ყურადღება აკლდება - პასუხს იმსახურებს.

პასუხი კი ზუსტად იქვეა, სადაც ასეთი შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს. ის, რომ მედია იბრძვის, ნორმალურია, რადგან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულ სისტემასთან ბრძოლა მისი მოვალეობაა. არანორმალურია, როცა პარტიულ პოლიტიკასთან შეზრდილ სუს-ის და პოლიციის თავნებობას ეგუება და ნებდება.

ნორმალურია, როცა მედია რუსული დეზინფორმაციული მანქანის ქართულ ვერსიას სიმართლეს ახვედრებს, ადგილობრივ მარგარიტა სიმონიანებსა და დუგინებს არც აწმყოს გამრუდებული აღქმის და არც წარსულის გადაწერის უფლებას აძლევს. არანორმალურია ხელოვნურად ატომიზირებული ქართული საზოგადოების იმ წარმომადგენლების პოზიცია, რომლებმაც ქართული გვარის რუსი ოლიგარქის ფინანსურ დახმარებას შესწირეს მოქალაქეობრივი სინდისიც, სარი აზრიც და მომავლის მიმართ პასუხისმგებლობაც.

ნორმალურია, როცა მედია საზოგადოების ხელოვნური დაპირისპირების მცდელობებს ამხელს, ეროვნული, რელიგიური შუღლის გაღვივების ნებისმიერ გამოვლინებას განვითარების საშუალებას არ აძლევს, უმცირესობების მიმართ ტოლერანტობას ზრდის და ხალხის განწყობების ცივილიზებული ერების და პირველ რიგში ქართული საზოგადოებისთვის ისტორიულად დამახასიათებელი შემწყნარებლობის რელსებზე დაბრუნებას ცდილობს.

არანორმალურია, როცა მმართველი პარტია, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელისუფლებო პროპაგანდა, სუს-ის ოფიცრების, მათი აგენტურის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით, ძალადობის რუსული კერპის ქურუმებად ქცეული, საპატრიარქოს სახელით მოლაპარაკე ფიგურების კურთხევით განხორციელებული ფიზიკური თავდასხმების უკან დგანან და ძალადობრივ ენას და მოქმედებასაც, საბიუჯეტო პოლიტიკური კორუფციის საქმებთან ერთად, პროცესების მართვის, ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ რესურსად იყენებენ.

ნორმალურია, როცა ქართული მედია ქვეყნის ისტორიული არჩევანის ერთგულია, თავისუფლების, ქრისტიანულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე დაფუძნებული დასავლური ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს თავს და ამავე იდეალებისთვის იბრძვის.

არანორმალურია, როცა მმართველი პარტიის ლიდერი კოკა მორგოშიას და მოძალადეებს ადვოკატობს, ქართული პარლამენტი რუსულ კანონებს იღებს და გმირი უკრაინელი ხალხის ლიდერებისგან პუტინის მოკავშირის "საპატიო" ტიტულს იმსახურებს.

მედია რუსული ტოტალიტარიზმის რელსებზე შემდგარ სისტემას ებრძვის, რომლის მთავარი სამიზნეც მისი ფუნქციის გამო თავადაა, მისი განადგურების შემდეგ ყველა მოქალაქე დაუცველი დარჩება. ამიტომაცაა მედიის ბრძოლა თქვენი ბრძოლა, თქვენი - ვისაც საქართველოს მომავალი ევროპაში წარმოგიდგენიათ და არა მორალურად და პოლიტიკურად გახრწნილ და გადაგვარებულ "რუსკი მირში".

მედია ცივილიზებული, დემოკრატიული ქართული საზოგადოების ოზონის შრეა, ხელისუფლებების თავნებობისგან მისი დამცავიც და დამცველიც. 5 ივლისის მსგავსი ძალადობა მას მნიშვნელოვნად აზიანებს, ჩვენი კოლეგების დაკარგული სიცოცხლე კი აუნაზღაურებელ დანაკლისად რჩება.


close დახურვა