logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ამოვისუნთქეთ... ღრმად ჩავისუნთქოთ და...

17 დეკ 202320:11
3 წუთის საკითხავი
 

ბევრმა ჩვენგანმა შვებით ამოვისუნთქეთ. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია… თითქოს დიდი სტრესი მოგვეხსნა და გავხალისდით, თუმცა საკმარისია რეალობას თვალი გაუსწორო და მიხვდები - ჯერ არ ხარ სამშვიდობოზე! ის, ვინც პროცესს უნდა წარმართავდეს და შენთან ერთად ევროპულობისთვის იბრძოდეს - გუშინაც და დღესაც ევროპული იდეის მთავარი მოწინააღმდეგეა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უკვე "ევროპის ეზოში" ვართ, ანუ "ევროღობის" შიგნით, რომლის მიღმაც სხვა ცივილიზაციაა... მართალია ეზოში ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მის გარეთ, ევროკავშირი ბევრი საშუალებით დაგვეხმარება, თუმცა სრულად დაცულები აქ ვერ ვიქნებით, რადგან ეს ღია სივრცეა. ღობის ზემოდან კი რუსეთის თუ სხვა აგრესიული თუ ავტორიტარული სახელმწიფოს ხელი ძნელად, მაგრამ მაინც შეიძლება მოგვწვდეს. სრული უსაფრთხოებისა  და სტაბილურობისთვის საჭიროა ევროკავშირის ეზოდან შენობაში შეგვიშვან, რომელსაც NATO-ც მოჰყვება, სადაც მყარად ვიქნებით დაცული როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თუ დემოკრატიული თვალსაზრისით. ევროპულ შენობაში დროულად მოსახვედრად, ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ გეოპოლიტიკის მაჯისცემის გათვალისწინებით, საქართველო სასურველი, სასარგებლო პარტნიორი და მომავალი წევრი იყოს ევროკავშირისთვის, რაც ოცნების ხელისუფლების პირობებში თითქმის წარმოუდგენელია და აი რატომ:

დღეს ევროპის პოლიტიკური ისტებლიშმენტი - წევრი ქვეყნების ლიდერების სახით, თანხმდება, რომ რუსეთის შეკავების ამოცანაში ევროკავშირის გაფართოებას და უკრაინის საბოლოო გამარჯვებას თუ არა - გაძლიერებას - განსაკუთრებული როლი აქვს. მოსკოვი ებრძვის ყველაფერს რაზეც გაერთიანებული ევროპა დგას, უკრაინა კი ის ქვეყანაა, რომელიც ევროპული ცივილიზაციის რუსეთისგან დასაცავი ფრონტის ხაზზეა, ისევე როგორც საქართველო ამაგრებდა ამ ფრონტის ხაზს ათწლეულების განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ისტორიაზე. სწორედ ამ მსხვერპლის, დაღვრილი სისხლისა და ოფლის, წინა ხელისუფლებების მიერ ენერგო-გეოპოლიტიკური ფუნქციის დამკვიდრების, თუ მოდერნიზაციული რეფორმების წყალობით, უკრაინაში ქართველი მებრძოლების გმირობის და ქვეყნის შიგნით ქართული საზოგადოების ნაწილის თავდადების შედეგად გახდა შესაძლებელი კანდიდატის სტატუსის მიღება.

რაც შეეხება ოცნების ხელისუფლებას, რომელიც დღეს დაფნის გვირგვინს ურცხვად ირგებს, მან ყველაფერი გააფუჭა რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა: ივანიშვილის გუნდი იმ ბორბლებში ჯოხების შერჭობით იყო დაკავებული, რომელსაც მიზნისკენ მივყავდით და დავრჩებოდით კიდეც სტატუსის გარეშე, რომ არა ევროპის უპრეცედენტო მიზიდულობა, გეოპოლიტიკურმა მაგნიტმა ეს წინააღმდეგობები გადალეწა და საქართველო ევროკავშირის ეზოში აღმოჩნდა.

ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ღია კონფლიქტშია ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყნების ლიდერებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის ყველა მნიშვნელოვან ფრაქციასთან. ამის საპირისპიროდ კი დემონსტრაციულად მეგობრობს ორბანთან, რომელიც გადაჭარბებული იქნება თუ ვიტყვით რომ პუტინის თუთიყუში და მარიონეტია ევროკავშირში, თუმცა, როგორც მინიმუმ, ისეთ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომელიც რუსეთს შეიძლება აწყობდეს. გარდა ამისა, უნგრელი ოპორტუნისტის ნაბიჯები აშკარად ცდება რაციონალური პოლიტიკური ვაჭრობის სივრცეს და ღირებულებებითა და უსაფრთხოებით ვაჭრობის და მეტიც შანტაჟის სფეროში გადადის. შესაბამისად, ის რაც ხუთშაბათს მოხდა, როდესაც გაფართოების პაკეტზე მსჯელობისას შოლცი, დანარჩენი ლიდერების მხარდაჭერით, ორბანს, ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიმღები სივრციდან, ანუ დარბაზიდან გასვლაში "დაეხმარა", ნათლად მეტყველებს რა დამოკიდებულება აქვთ ევრო ლიდერებს უნგრელ კოლეგასთან. ასევე ისიც, თუ რამდენად ძვირი უჯდება გაერთიანებულ ევროპას ავტოკრატიისკენ მიდრეკილი და საერთო ევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ მოძრავი სახელმწიფოს თავის რიგებში ყოლა.

ევროკავშირის ლიდერებს მყარად აქვთ გადაწყვეტილი პუტინის დასუსტება და რუსული საფრთხის განეიტრალება, მათ თუ ევროკავშირის შიგნით, ვეტოს უფლებით ვინმე არ სჭირდებათ, ეს ორბანი 2-ია. ანუ ივანიშვილის რომელიმე მარიონეტის სახით წარმოდგენილი ლიდერი, რომელიც უნგრეთის პრემიერისგან განსხვავებით პირდაპირ რუსეთზე იქნება დამოკიდებული. გარე ფაქტორს რომ შევეშვათ, მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეროვნული ზეიმის ერთპარტიულ ღონისძიებად გადაქცევით, პრეზიდენტის სცენაზე არ აშვებით, პარლამენტში ევროკავშირის დროშების მხოლოდ ოცნების დეპუტატებისთვის დარიგებით და კიდევ არაერთი სამარცხვინო ნაბიჯით, ივანიშვილის მარიონეტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ ევროპულობის არაფერი სცხიათ და არც ზნის შემცველობისა ეტყობათ რამე.

ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე სრულიად საკმარისი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის იმის გასააზრებლად, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა მინიმალურია. 2024 წლის არჩევნები იქნება განმსაზღვრელი იმისა - მოვხვდებით ქართველები ევროპის შენობაში, ანუ ევროპულ ოჯახში, თუ ათწლეულობით გავიჭედებით ეზოში, სადაც საზეიმო არაფერი გვექნება.

არაერთ ბრძოლა თუ კატასტროფა გამოვლილი, გადაღლილი და გამოფიტული საზოგადოებისთვის ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სტიმულია და ოპტიმიზმსა და პერსპექტივის განცდას აცოცხლებს. ეს პერსპექტივა აღარაა ბუნდოვანი - აქვე ახლოს მყოფი, და ხელშესახებია, მარტივად რომ ვთქვათ - ერთი ხელის გაწვდენაზეა. რაღა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური ჟესტი, რომელიც პოლიტიკურ აქტად იმ მომენტში შედგება, როდესაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით. ჩვენთანაც და ბრიუსელშიც ამას კარგად ვგრძნობთ. რაც იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი - რუსეთიც არ იქნება გულხელდაკრეფილი. გამძაფრდება სამშვიდობოს მიახლოებულ საქართველოზე ზეწოლა, რაც წინა პლანზე წამოწევს მშვიდობისა და უსაფრთხოების თემას და გაააქტიურებს საზოგადოებაში ჩაბუდებულ, არცთუ უსაფუძვლო  შიშებს, რომლითაც ხელისუფლება, ტრადიციულად, მისთვის სასარგებლოდ მანიპულირებს.

ამიტომ, ვისთვისაც ხანგრძლივი და გარანტირებული მშვიდობის თემა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია - სწორედ მან უნდა გაიაზროს - ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული წინდაუხედაობა და დანაშაულიც. კეთილდღეობასთან და დემოკრატიასთან ერთად, თუ რეალური მშვიდობა და რუსული საფრთხეების განეიტრალება გვინდა, ამის მისაღწევად ევროკავშირის კანდიდატობიდან წევრობამდე დარჩენილი დისტანციის მაქსიმალურად სწრაფი დაფარვა და NATO-ს წევრობა გვჭირდება. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებით შევცვლით არა უბრალოდ რუსულ ოცნებას, არამედ ქვეყნის მმართველობით სისტემას და მივიღებთ კოალიციურ, პროდასავლურ მთავრობას, რომელიც რუსების სათარეშოდ ქცეულ ქვეყანას ევროპისკენ სვლის ტრაექტორიაზე არამარტო დააყენებს, არამედ მოტორს ააჩქარებს და ევროკავშირის გაფართოების წლად დასახელებულ 2030-ს საჭირო ფორმაში შეგვახვედრებს. ეს თარიღი, ჩვენ, ივანიშვილის პროვინციული ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის სიმბოლოს ნაცვლად - საქართველოს სამშვიდობოზე გასვლის, ევროპულ ოჯახში დამსახურებული მიღებისა და ქართული სახელმწიფოს აღორძინების დაწყების ისტორიულ თარიღად უნდა ვაქციოთ.

ასე რომ, ახლა კი შვებით ამოვისუნთქეთ, მაგრამ ღრმად ჩავისუნთქოთ და საქმეს მივხედოთ! ბურთი ჩვენს მოედანზეა და ჩვენს გასაკეთებელს ევროპა აღარ და ვეღარც გააკეთებს.


close დახურვა