logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: აჩვენე ბიძი(ნ)ას პასპორტი!

28 ნოე 202120:10
3 წუთის საკითხავი
 

როგორც გასულ კვირას ოცნების მთავრობის წევრმა შეგვახსნა - განსაკუთრებული ერი ვართ. ამ განსაკუთრებულობის მთავარი გამოხატულება კი, არც მეტი, არც ნაკლები, ორი პასპორტია: პირველი საგარეო - უცხოეთში წარსადგენად, მეორე კი შიდა მოხმარებისთვის.

უცხოელებისთვის განკუთვნილ პასპორტში: კოვიდის საუკეთესოდ მმართველი ქვეყანა ვართ; 2024 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადს ვაკეთებთ; ეკონომიკის განვითარების რეკორდული მაჩვენებელი და ორნიშნა ზრდა გვაქვს; სასამართლო რეფორმის ტალღებმა ისეთი გრავიტაცია შექმნა - ქართველი მოსამართლეები ამერიკასა და ევროპას მართლმსაჯულებაზე ჭკუას ასწავლიან; რეგიონში ჩვენი გავლენა ისე გაიზარდა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის მოგვარებაში ვეხმარებით; კრიტიკული მედია ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა; სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს ვატარებთ და გვყავს დემოკრატიულად არჩეული, ჰუმანური მთავრობა - "ვეგეტარიანელი", როგორც ამას ის პრემიერი ამბობს, მთლად იმ კაცმა რომ გვითხრა, რაც გინდათ ის დაუძახეთო.

შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ პასპორტში კი ასეთი ვითარებაა:

კოვიდმა თითქმის 12,000 ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა, დადებითობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერებს შორის ვართ;

გვაქვს ინფლაციის და ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რეკორდული მაჩვენებელი. საიმედოდ დამარცხებული კორუფცია კი დღეს ლამისაა ყველა დონეზე, ყოველდღიურ რეალობად იქცეს;

ქართული სასამართლო სისტემის მმართველად ამერიკულ და ევროპულ ოფიციალურ შეფასებებშიც კი კლანია მოხსენიებული. კლანი ვის ემორჩილება, ესეც ყველამ იცის;

მმართველობითი სისტემა და ინსტიტუტები სრულად რეპრესიებზეა მომართული. ქვეყანა კლასიკურ პოლიციურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, სადაც სამართალდამცავი ორგანოები პარტიული ბოსების უბრალო აღმასრულებლებად გადაიქცნენ;

მთლიანად გაუქმებულია დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებთან და განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოებასთან, ყველა მტრადაა გამოცხადებული;

უკანონო მიყურადებამ, მოსმენამ და შანტაჟმა უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. დაუცველია პიროვნების პირადი ცხოვრება, შელახულია ათასობის ადამიანის ღირსება. უხეშმა სახელმწიფო პროპაგანდამ ისეთი მწვერვალები დაიპყრო, რომ რუსეთის, ბელორუსისა და ჩრდილო კორეის მთავრობები გამოცდილების გაზიარებას გვთხოვენ;

განათლების სისტემა ხელისუფლების ელექტორალურ საოპერაციო ბაზად გადაიქცა, მოზარდების არამარტო განათლების უფლების მასიურ დარღვევას უმძიმესი შედეგები მოაქვს;

ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ციხეშია გამომწყვდეული, მის მიმართ მოპყრობის უკანონო, ცინიკურ და ძალადობრივ ფორმებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.

ცესკოს დადებული საარჩევნო შედეგი, რომელსაც პოლიტიკური სპექტრისა და მოსახლეობის უმრავლესობა არ აღიარებს, არაერთხელ გადაიწერა. მოპოვებული მანდატების წაგლეჯამ, შანტაჟმა და მუქარამაც რომ ვერ უშველა, ოცნებამ მომავალთან დაკავშირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები ვადაგასულ საკრებულოებს მიაღებინა, რითაც ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა;

რუსეთი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს, ხელისუფლება დუმს. მოსკოვიდან მართული ძალადობრივი ჯგუფები პოლიტიკურ დღის წესრიგს ქნიან და ქცევის ნორმებს გვიწესებენ. ჟურნალისტებზე ნადირობა და ძალმომრეობა სახელმწიფოს მიერ არის წახალისებული; იგივე სახელმწიფო ფინანსურად და პოლიტიკურად ახრჩობს კრიტიკულ მედიას.

დასავლური დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი - სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ხელისუფლება მთავარი რელიგიური ინსტიტუტის დისკრედიტაციისთვის ყველა მეთოდს იყენებს;

ვაშენებთ სუვერენულ დემოკრატიას, ანუ გვყოფნის ამბიცია და თავხედობა, დავამკვიდროთ დემოკრატიის ჩვენეული გაგება, რომელიც ამოტრიალებულ პირამიდას ჰგავს და სადაც ძალაუფლების წყაროც და მისი ერთადერთი რეალური მფლობელიც პოსტ საბჭოთა ოლიგარქია.

ჰოდა, ამ ორპასპორტიანობის პირობებში, ვერც ჩვენი გენეტიკა გვიშველის და ვერც "აღმოსავლეთის ლუქსემბურგობა". კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარეთ კობახიძის ფეიკპასპორტით ძნელად, თუმცა, შესაძლოა, ვიღაც მოტყუვდეს კიდეც. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, საკუთარ თავს ვერ მოვატყუებთ.

ჩვენ ხომ მაინც ზუსტად ვიცით, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ და სიმართლეს თუ დროულად თვალი არ გავუსწორეთ, ცვლილებისთვის ბოლომდე არ ვიბრძოლეთ და არ გავიზარდეთ როგორც სახელმწიფო, ჩავრჩებით პოსტსაბჭოთა ჭაობში.

მოკლედ ჩრდილში გასულ ოლიგარქს სახელმწიფოს ბედი სულ იმ ადგილზე კიდია, არცთუ შორეულ წარსულში სუფრაზე შემოსმულ ბიჭუნებს რომ აჩვენებინებდნენ და "პასპორტს" უწოდებდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ბავშვების ასაკიდან და მდგომარეობიდანაც დიდი ხანია გამოსული ვართ. უბრალოდ თავმოყვარეობის საკითხია - ვინმემ აღარ გაკადროს: - "აჩვენე ბიძიას თუ ბიძინას პასპორტი!"


close დახურვა