logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ახალი კონტრაქტი

22 ივნ 202222:10
3 წუთის საკითხავი
clock 891
2022/06/22/d5tedli0lb3q5th.png

რანაირი აქცია არ გვინახავს საქართველოში, ქართველი ხალხის რამდენი სხვადასხვანაირი შემადგენლობა არ გამოსულა რუსთაველის გამზირზე სიხარულის, გლოვის ან ბრაზის გამო, მაგრამ 2022 წლის 20 ივნისი ნამდვილად გამორჩეულ დღედ დარჩება. აქ არ იყო არანაირი ერთგვაროვნება, მსგავსება და ორგანიზება, აქ იყო მხოლოდ დიდი სურვილი, ემოცია და ერთობის შეგრძნება. ჩვენ ვნახეთ ეროვნული თანხმობა მის ყველაზე უფრო ხმამაღალ, ხალხმრავალ და მრავალფეროვან ფორმაში. "ჩვენი ადგილი ევროპაშია, ვინც ამ გზაზე ხელს შეგვიშლის უმალ ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება". - ეს იყო ის ნათელი გზავნილი, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ამ შეკრებაში მონაწილეობით გაუგზავნეს ოლიგარქს. კარგად გამოჩნდა, რამდენად მარგინალურია ის იდეები, რასაც ბოლო წლებია და განსაკუთრებით, თვეებია ხელისუფლება ნერგავს, წყალს უსხამს და ცდილობს, მთელ საქართველოს თავს მოახვიოს.

20 ივნისი მართლაც იყო მარცხისა და უნდობლობის გვალვით დახეთქილი ქართული პოლიტიკური პროცესის ცაზე ჭექაც და ქუხილიც. დარწმუნებული ვარ, დაზაფრული და მესიჯარეული ვერც კობახიძე, ვერც კალაძე და ვერც სხვა, სამუშაო საათებში თუ მის მიღმა, ვერ გაბედავს და იტყვის - რომ ქართველი ხალხისა ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ საზოგადოებამ დაიბრუნა საკუთარი ძალის რწმენა და ივანიშვილს 2012 წელს დადებული კონტრაქტი საბოლოოდ გაუუქმა. მიზეზი მარტივია: მილიარდერმა უხეშად დაარღვია შეთანხმების ფუნდამენტური პირობები - ვერ მოიტანა ეკონომიკური კეთილდღეობა; დაამყარა რუსული მმართველობა; ევროპასა და საერთოდ დასავლეთთან ცივი ომი გამოაცხადა. ეროვნული თანხმობის ამ აქტითა და უპრეცედენტო მასშტაბის აქციით, ქართველმა ხალხმა დაითხოვა ოცნების ხელისუფლება და გამოთქვა მზადყოფნა გააფორმოს ახალი კონტრაქტი ახალ, მართლაც რომ ეროვნული თანხმობის მთავრობასთან.

სრული ილუზია და თავის მოტყუებაა იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა ევროკომისიის მოთხოვნებიდან რამეს შეასრულებს. მათთვის მიცემული თითოეული დღე იქნება ქვეყნისთვის დაკარგული დრო ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, რასაც ივანიშვილი, დიდი ალბათობით, კვლავაც პროცესის გაწელვის, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის და ერთიანობის დარღვევისთვის გამოიყენებს. კონტრაქტის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს. იმ მწარე და სამარცხვინო მარცხისთვის, რაც ქართულმა სახელმწიფომ ევროინტეგრაციის გზაზე იწვნია უნდა გადადგეს პრეზიდენტიც და პრემიერმინისტრიც, ივანიშვილი კი ჩამოშორდეს ძალაუფლებას. ეს იქნება სამართლიანი პოლიტიკური სასჯელი იმისთვის, რაც უკვე გააკეთა, უფრო სწორად, გააფუჭა ივანიშვილის მთავრობამ.

მიუხედავად ასეთი ხალხმრავლობისა და ძლიერი გზავნილისა, ასევე გულუბრყვილობაა ძალაუფლებით ტკბობის ბოლო ფაზაში შესული მილიარდერის "ნებიერად" დანებების მოლოდინი. მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ დემონსტრირებული ხანგრძლივი ერთობადა მშვიდობიანი ძალის თანმიმდევრული ჩვენებაა ის წამალი, რაც 10 წლის განმავლობაში, შეუზღუდავი ძალაუფლებით მთვრალ უზურპატორს გამოაფხიზლებს და აიძულებს ქართული, ევროპული იდეალების გარშემო გაერთიანებული ქართველი ერის ურყევ ნებას დაემორჩილოს.

თუმცა, არც მხოლოდ დეოლიგარქიზაციაა საკმარისი საბოლოო მიზნის მისაღწევად. საჭიროა ალტერნატივის შეთავაზება, რომელიც მზად იქნება დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეასრულოს ქართველი ხალხის მთავარი დაკვეთა: ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად დაბრუნება, რაც ევროკომისიის მოთხოვნების დროულად და ზედმიწევნით შესრულებაში გამოიხატება. ამ ამოცანის მიღწევა კი წარმოუდგენლად რთული იქნება, თუ ამ ახალი საერთო სახალხო საზოგადოებრივი გაერთიანების მმართველი რგოლი ისეთი ადამიანებით არ დაკომპლექტდა, რომლებიც გაანეიტრალებენ იმ შიშებს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დაუბალანსებელი მმართველობის დაბრუნების საფრთხეს უკავშირდება. ამ მხრივ საჭირო იქნება სისტემური გარანტიები და რაც მთავარია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა, თუ ვის, რა ვადით და რა პირობებით ბარდება ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ. ამ კითხვებზე საბოლოო პასუხებს, ცხადია, 24-ში არავინ ელის, მაგრამ მომავალში ამ მხრივ სიცხადე გადამწყვეტი იქნება.

კრიტერიუმები კი ნათელია: ამ ახალი სახალხო მოძრაობის მმართველობა და შეთავაზებები არსებული ხელისუფლების აბსოლუტური ანტიპოდი უნდა იყოს: ივანიშვილის მთავრობის 3 მთავარი მახასიათებელია რუსული სტილის მმართველობა, არაკომპეტენტურობა და ზიზღისა და ძალადობის თესვა. ახალი მოძრაობა კი ისეთი ადამიანებით უნდა დაკომპლექტდეს, ვისთანაც ევროპული ორიენტაცია, უმაღლესი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია კომპრომისზე, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა იქნება ასოცირებული.

ამის მაგალითი კვლავ 2022 წლის 20 ივნისი იყო. ფრაგმენტირებულმა, დაყოფილმა, ერთმანეთს გადაკიდებულმა და თითქოს სამუდამოდ მტრად მოკიდებულება ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო ჯგუფებმა და აქტივისტებმა მოახერხეს ამ ყველაფრის გვერდით გადადება და ასეთი ხალხმრავალი აქციისთვის მზადება. პროცესმა, მისმა მნიშვნელობამ, ისტორიულობის ღრმა შეგრძნებამ ყველა აიძულა, თავის თავზე მაღლა დამდგარიყო. სწორედ ამ შემართებით თუ მოახერხებს ივანიშვილის კოლექტიური ალტერნატივა რეალური ცვლილებების მოტანას.

სხვა შემთხვევაში შედეგად მივიღებთ ისევ იმავეს. მუდმივად წრეზე ტრიალს და რუსულ ჭაობში სულ უფრო ღრმად ჩაფლობას. და როგორც დღეს შევნატრით საქართველოს მსგავსი სასტარტო პოზიციების მქონე იმ სახელმწიფოების ბედს, რომლებმაც გასული საუკუნის დასასრულს თავი დააღწიეს რუსულ სამყაროს, ასეთია ბალტიური ქვეყნები და გახდნენ ცივილიზებული ევროპის განუყოფელი ნაწილი, ასეთი სანატრელი გაგვიხდება უკრაინის და მოლდოვას განვითარების დონე, ქვეყნების რომელთა ტრიოსაც სულ რამდენიმე წლის წინ ამაყად ლიდერობდა საქართველო.

20 ივნისს ჩვენმა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ გვაქვს პოტენციალი და ძალა რომ ეს ლიდერობა, ძალიან სწრაფად, დამსახურებულად დავიბრუნოთ!

წინ 24 ივნისია. წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!


close დახურვა