logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინას Zებრა

12 ივნ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

სათაურში მონიშნულმა ლათინურმა ასო Z-მა ალბათ პუტინისტური რაშიზმის სიმბოლოს ასოციაციები გაგიჩინათ. რა საერთო აქვს ამ სიმბოლოს საქართველოს დღევანდელობასთან?! აი მაგალითად პუტინმა სულ რამდენიმე დღის წინ საკუთარი თავი პეტრე პირველს შეადარა და რუსეთისთვის მიწების დაპყრობისა და შემომტკიცების ამბიციას დაუკავშირა. ქართულ სინამდვილეში კი, თანამედროვე პროცესი სრულიად დაცლილია თუნდაც მიუღებელი, მაგრამ იდეოლოგიური პარადიგმისა და შინაარსისგან.

აბა თავად დაფიქრდით: ივანიშვილს რამდენად აღელვებს ნეოკოლონიალიზმი ან კონსერვატიზმი, ლიბერალიზმი თუ სოციალიზმი, თანასწორობა, ერეკლე, გარეჯი, ან საერთოდ, რაიმე განსაკუთრებული მიღწევით საქართველოსთვის მოპოვებული მსოფლიო თუ არა, თუნდაც რეგიონული ავტორიტეტი?!  ისტორიული პარადიგმების გაღვიძება, მათი თანამედროვეობაში ინტეგრირება პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი ყველგანაა. მთავარია რაზე აკეთებ არჩევანს. ოცნების ისტორიული პარადიგმა კი რუსეთთან შეერთებას უკავშირდება, ამბის მორალი კი რაზე დაყრდნობაც უნდათ, საკმაოდ პრიმიტიულია - როგორც ერეკლე მეორე არაა რუსეთთან დაკავშირების გამო მოღალატე, ასევე არ ვართ ჩვენც. ამას გვეუბნება მილიარდერი და სინამდვილეც უფრო მარტივი დასანახი ხდება. ერთადერთი რაც მილიარდერს აღელვებს არის საკუთარი კომფორტი, ფიზიკური და ფინანსური უსაფრთხოება და მათ დასაცავად და ბოლო წლებში განსაკუთრებით მსუყედ ნაკვები ეგოს დასაკმაყოფილებლად პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. მარტივად რომ ვთქვათ, ამბიციური რუსული რაშიზმისგან განსხვავებით, თანამედროვე ბიძინისტური საქართველოს სიმბოლურ გამოსახულებად ასო Z-ი მაინც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ, არამარტო იმიტომ, რომ რუსული მმართველობითი სტილის საშიშ პაროდიას წარმოადგენს, არამედ იმიტომაც რომ სიტყვა ზებრას პირველი ასოა. ზეტი სინამდვილეში ბიძინას უცნაური გატაცებებისა და პირად კომფორტზე საქართველოს მორგების მახინჯი და ავადმყოფური მცდელობის სიმბოლიზაციაა, დაცლილი ყოველგვარი საგნობრიობისა და იდეოლოგიისგან, უკიდურესად პრიმიტიული და ამავე დროს საშიში შედეგების გათვალისწინებით. 

ყველა, ვინც ბიძინას პერსონალური სანქცირების გამო ისტერიასაა აყოლილი, არ აწყენდა უბრალოდ დაფიქრდეს: ისტორიის ცენტრში საქართველოა თავისი წარსულით, აწმყოთი და ევროპული მომავლით, ფსკერისკენ მიმავალი ეპოქა კი ისტორიაში რუსულის მსგავსად Z ნიშნით შევა, ხოლო მის განმარტებაში ერთი სიტყვა ჩაიწერება: ზებრა და მასთან ასოცირებული ბიძინა ივანიშვილი თავისი ყველა ახირებით. კობახიძის ნათქვამი: რომ "სხვა ევროპა" უნდათ, პირდაპირი გაგრძელებაა ივანიშვილის აზროვნებითი პრობლემისა, რომლის ექსპერიმენტული მოდელი აგერ უკვე 10 წელია საქართველოა.  ბიძინას არ მოსწონს მედია - მას აქვს ამბიცია, რომ ახალ მედიას შექმნის, თანაც არამარტო ქართულს, ბლუმბერგსაც კი ჟურნალისტიკას ასწავლის; ბიძინას არ მოსწონს საექსპერტო საზოგადოება - ჰოდა ახალ და განსხვავებულად ღრმად მოაზროვნე ანალიტიკოსთა პლეადას გამოზრდის; ბიძინას არ მოსწონს ოპოზიცია - ახალ ოპოზიციურ სუბიექტებს გააჩენს და წაახალისებს; ბიძინას არ მოსწონს ევროპა და დასავლეთი - შესაბამისად მას "ნამდვილ" ევროპელობას და ღირებულებებს ასწავლის და მერე გადაწყვეტს გახდეს ასეთი, მისთვის მოსაწონი ევროპის ნაწილი თუ არა. ჩამონათვალი ყველა სფეროზე შეგვიძლია გავავრცელოთ... სხვაგვარად არც უნდა და არც უღირს..

მოკლედ რაც მას არ მოსწონს ის ან არ არსებობს, ან ისე უნდა არსებობდეს, როგორც თავად აწყობს და წარმოუდგენია. შესაბამისად, რაც დრო გადის, ჯერ ქვეყნის შიგნით ყველა ინსტიტუტი ან მნიშვნელოვანი ფიგურა მოექცა ამ ხედვაში, უმეტესად იქცა მსხვერპლად, და ახლა საზღვრებს უფრო თამამად გავცდით და მთელი სამყაროს თუ არა - ევროპული კონტინენტის მიმართ გაგვიჩნდა პრეტენზიები. იმავე ხაზს მიყვება ხუნდაძის და სხვების  გახმოვანებული მესიჯი: "თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას".

ამ სათუოდ ქცეულ ვითომ დილემას უკიდურესად საშიშ პერსპექტივამდე მივყავართ: მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება და კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის ერთგვარი გარანტიაა, ივანიშვილის მიერ საკუთარი თავის ერის ღირსებად გამოცხადება, ქართველების მრავალი თაობის მართლაც რომ ბრძოლით მოპოვებული ევროპული პერსპექტივით ვაჭრობა და დასავლეთის, პრეზიდენტ შევარდნაძის გაყვანილი მილსადენით და სააკაშვილის გაკეთებული ინფრასტრუქტურით ასეთი შანტაჟი კონფრონტაციის და ვითარების ესკალაციის ალბათობას ერთიათად ზრდის და საქართველოს დასავლურ პერსპექტივასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის. "ეგენი უკრაინის მსგავსად ჩვენს ომში ჩათრევას ვერ მოესწრებიან", ისმის ოცნების სპიკერების ვითომდა იმედიანი შეძახილებიც. "და თუ ომში გვითრევენ და ბიძინას ასანქცირებენ, მაშინ ჩვენ თავად ვიტყვით უარს დასავლეთზე". დანარჩენები კი იმას ამტკიცებენ, რომ ევროპას, ალტერნატიული ენერგო-დერეფნის გამო დღეს იმდენად ვჭირდებით,  რომ იქით დაგვიწყებს ხვეწნას. ერთი წუთით აქ გავჩერდეთ და კარგად დავფიქრდეთ: თუ საქართველოს ომში ჩართვა დღეს ვინმეს არ სურს, ეს სწორედაც ევროკავშირია. მითუმეტეს იმ არგუმენტის გამოც, რომ თუ ბაქო-ჯეიჰანის  და ბაქო-ერზრუმის ენერგო დერეფანი ერთადერთი ალტერნატივაა, მაშინ მთლად სულელი უნდა იყო ამ დერეფნის ომის ქარცეცხლში გახვევა გსურდეს. მეორეს მხრივ, ისიც არანაკლები სისულელეა, თითქოს ენერგო-სატრანზიტო ფუნქციის გამო ევროკავშირი აქეთ შეგვეხვეწება კანდიდატის სტატუსის მოცემას.

ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო ამ ენერგო მარშრუტის ყველაზე უმნიშვნელო წევრია. და საერთოდაც, ის ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან მოდის და თურქეთის გავლით შედის ევროკავშირში. თუმცა ბრიუსელი სულაც არ ფიქრობს, რომ რომელიმე მათგანი გაერთიანებული ევროპის წევრი უნდა გახდეს. ასე, რომ თუ ამ ტრაექტორიითა და თავხედობის ხარისხით გააგრძელა გზა ოცნების ხელისუფლებამ, ნუ გაგვიკვირდება რომ ბიძინასაც დაასანქცირებენ და საქართველოსაც უარით გამოისტუმრებენ. დღეს ივანიშვილი უკვე სრულად ამორტიზებული და ნდობა დაკარგული ბრენდია, განულებული და გამოუსწორებლად შელახული საერთაშორისო რეპუტაციით. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი სასწრაფოდ განახლების რესურსზე ზრუნვაა, რადგან ბიძინას და მისი ოდიოზური აპოლოგეტების პირობებში საქართველოს მომავალი - უკვე ისტორიული წარსულია, რომელიც ლათინური ასო Z-ზეტით, შინაარსობრივად კი ბიძინას ზებრით გამოიხატება.


close დახურვა