logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დაბნეული საქართველო

07 სექ 202221:05
3 წუთის საკითხავი
 

როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე პარლამენტის საშემოდგომო სესიას ერთ მოქალაქეზე, თუნდაც ცნობილ ჟურნალისტზე თავდასხმით იწყებს, იმავე დღეს იდება ვიდეო, სადაც იტალიური ტოტალიზატორის თანამშრომლებს ქართველი ჟურნალისტის დედას აგინებინებენ, შემდეგ სახელისუფლებო მედიით და სოციალური ქსელებით ამ უზნეობას მაქსიმალურად ტირაჟირებენ, რასაც მორიგი ისტერია და შეურაცხმყოფელი აჟიოტაჟი მოყვება - მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ეთიკური და მორალური ზღვარი არ გააჩნიათ და რომ ის საერთო ეროვნული სიმბოლოები, რომლებიც კერპად არ უნდა ვაქციოთ, მაგრამ საზოგადოებრივი ქსოვილის შემკვრელი და გამაერთიანებელი უნდა იყოს, უხეშად, დაუნდობლად, ცინიკურად შეუძლიათ გამოიყენონ პოლიტიკურ ინსტრუმენტებად და საზოგადოების გახლეჩვის, დაპირისპირების და მარგინალიზაციის ხელოვნურ, თუმცა არსებული პროპაგანდისტული რესურსების პირობებში უაღრესად დამაზიანებელ მოვლენად გარდაქმნან

უამრავი საფრთხით დატვირთული და ბუნდოვანი მომავლის მქონე ქვეყანაში ამდენი ხელოვნური დაპირისპირების პროვოცირება ზუსტად ისაა, რაზე ტივტივითაც ივანიშვილი წონასწორობას დღემდე ინარჩუნებს. ამ, ბედს მინდობილი ქვეყნის გემი კი მართლაც უსაჭო ტივსა გავს, რომელსაც ქარიშხალი უახლოვდება, მასზე მყოფნი კი გარემოს დაბნეული მზერით ვუყურებთ.

ივანიშვილის პოლიტიკა და მისი ძალაუფლების სტრუქტურა აგებული იყო მოსკოვთან ლოიალობის, დასავლეთის მხრიდან პუტინის ძლევამოსილების სტატუს კვოდ მიღების, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე პარაზიტირების და ოლიგარქიული ვერტიკალის გამყარების პრინციპებზე. ოცნების ხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასავლეთის სკეპტიციზმით ამართლებდა ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით საქართველოს უკიდურესად პასიური და შენელებული სვლის დინამიკას. რისი საშუალებითაც არც ამ რეჟიმისადმი დასავლეთის ერთგულება დგებოდა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ და არც ქვეყნის შიგნით დემოკრატული რეფორმებისა და გარდაქმნების  ჩავარდნით გამოწვეული წნეხი იყო ხელისუფლებისთვის გაუსაძლისი. 

თუმცა, ეს იყო მოცემულობა 24 თებერვლამდე, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ომის შემდგომმა დინამიკამ კარდინალურად შეცვალა. შეცვლილია როგორც დასავლეთის პოზიციონირება პუტინთან მიმართებაში, ასევე ჩვენი რეგიონის ფუნქცია და საქართველოს შესაძლო როლი იმ ახალი ტიპის უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სისტემებში, რომელიც რეგიონში კოლოსალური რაოდენობის ინვესტიციას და ენერგეტიკული დერეფნის უპრეცედენტო გაძლიერებას ითვალიწინებს და რომელიც ამ ტიპის გრძელვადიან დაბნეულობას და საქართველოს მხრიდან რუსეთთან კეკლუცობას უბრალოდ ვერ აიტანს. 

დღეს უკვე ვართ ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ დასავლეთი, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში ვეღარ შეეგუება  რუსული ტიპის ოლიგარქიულ სისტემას; მეორეს მხრივ კი მოლოდინები იმის შესახებ, რომ პუტინი უკრაინაში სწრაფ გამარჯვებას მიაღწევდა, უბრალოდ დაიმსხვრა.

შედეგად კი ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სრული დაბნეულობის ფაზაში შევიდა. მილიარდერმა ამ გაურკვევლობიდან გამოსვლა ცნობილი ოთხეულის ჩამოყალიბებით და დასავლეთისადმი უკიდურესად რადიკალური პოლიტიკური ხაზის შექმნით სცადა. პარალელურად კი ვაშინგტონსა და ბრიუსელს საკუთარი თავი და პოლიტიკური ძალა რადიკალური ოთხეულის, ნაცმოძრაობის და დანარჩენი ოპოზიციის ალტერნატივად და დასავლური მიმართულების ადვოკატად შესთავაზა, რამაც კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა გამოიწვია: ამ ამოცანის შესრულება ახალი არჩევნებით და ოცნებაში ახალი ლიდერების მოსვლით შესაძლოა გამოსულიყო კიდეც, თუმცა როდესაც უკვე მმართველი პარტიის ლიდერებს კვლავ ანტი-დასავლურ კამერტონზე აწყობილი კობახიძე და ღარიბაშვილი წარმოადგენენ, მათი უკან - დასავლურ ნარატივზე გადაწყობა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. 

დაბნეულობას ამძაფრებს ანტი-ამერიკული და ანტი-დასავლური განწყობების მთესველი ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის მუშაობაც, რომელიც საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს არწმუნებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ითრევს და სისხლისღვრისკენ მიაქანებს. ივანიშვილი შესაძლოა ამ ეტაპზე გარკვეული ტაქტიკური და არა გეოპოლიტიკური ამოცანის გამო აკეთებდეს ამას, თუმცა შეუძლებელია ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობებზე არ იმოქმედოს, რის შედეგადაც ხელისუფლება უკვე თავად ხდება მის მიერვე მანიპულირებული საზოგადოებრივი აზრის მძევალი. ანტი-დასავლური რიტორიკის გაძლიერებას ივანიშვილის პიროვნული ფაქტორიც განაპირობებს რაც "კრედიტ სვისთან" მის გაჭიანურებულ დავას და დასავლური სანქციების მოლოდინს უკავშირდება. ეს პროცესი კი ახლო მომავალში ვერ დასრულდება.  ამიტომ, ოცნებას რომც უნდოდეს და ღარიბაშვილმა რაც არ უნდა მოზომილად ისაუბროს ბრიუსელში, დამკვიდრებული ხაზი: რომ ამერიკა მართავს ყველას და ყველაფერს, სწორედ ის ებრძვის ივანიშვილს და ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს, კვლავ გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას გამოიწევევს

არანაკლები დაბნეულობაა ოპოზიციურ ფრონტზეც. თითქოს არსებობს მთავარი საკითხი: ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაზე შეთანმხება, თუმცა აქაც სრული გაურკვევლობაა: ნაცმოძრაობა ვადამდელ არჩევნებს ითხოვს; ჯაფარიძე ეროვნულ დაუმორჩილებლობას; ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი არასმთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ალტერნატული საპარლამენტო პროცესის შექმნას ცდილობენ; ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ ჯერ მისი მხარდამჭერი უნდა გაააქტიუროს და ოცნებაზე შეტევის კალენდარზე მერე ილაპარაკოს, ბრიუსელში აცხადებენ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ჩაერთოს, რის საშუალებასაც მართალია ხელისუფლება არ იძლევა, თუმცა ოპოზიციის რაღაც ნაწილი თან მონაწილეობს თან არა. ქუჩაში რომ ვინმე გააჩერო და კითხო: რომელი ოპოზიციური პარტიის მოსაზრებას ემხრობიო, ალბათ იშვიათად თუ ვინმე გეტყვით, ვინ რა პოზიციაზე დგას. ყველაფერი ერთმანეთშია აბურდული და გადაზელილი. რთულად მოქმედებს სააკაშვილის ფაქტორიც. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის ქართულ პოლიტიკაში აღარ ერევა, თუმცა ნაცმოძრაობას არ უნდა და არც შეუძლია იმის აღიარება, რომ მიშა მათი პოლიტიკის ნაწილი აღარ არის, რაც დამატებით დაბნეულობას ქმნის ოპოზიციის ყველაზე მსხვილ პარტიაში და პარტიის წევრებში საკმაოდ ხისტ და უსიამოვნო დისკუსიას იწვევს. 

არ არის გასაკვირი, რომ ამ ვითარებაში საზოგადოებაც დაბნეულია: ათწელეულების განმავლობაში არსებობდა თემები, რომელთა გარშემოც კონსენსუსი თუ არა, გარკვეული მკაფიოობა არსებობდა: ეს იყო საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია; რუსეთი - როგორც ბოროტი და მტრული ძალა; და შტატები, დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით კი უკრაინა, როგორც ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები.

დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება, რომ დასავლეთი მტერია, უკრაინაც მტერია, და ის კი არა, რომ "რუსეთი ცუდია, თუმცა ძლიერი და ბაბაია უნდა დავუძახოთ", არამედ ის, რომ რუსეთი კარგი და ერთმორწმუნეა, უბრალოდ დასავლეთმა წამოაგო პროვოკაციაზე, გააბა ხაფანგში და აიძულა ასე მოქცეულიყო  რომ ამერიკა იყენებს უკრაინას რუსეთის დასასტსუებლად. ამ ნარატივს ამყარებენ პოლიტიკოსებად ქცეული საპატრიარქოს მაღალიერარქები, სხვა მღვდელმთავრების ხმა უბრალოდ არ, ან ძალიან სუსტად ისმის, რაც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე ახდენს გავლენას და კიდევ უფრო ზრდის დაბნეულობას. 

შედეგად ვიღებთ ტოტალურ დაბნეულობას: დაბნეულობას ხელისუფლებაში, დაბნეულობას ოპოზიციაში და დაბნეულობას საზოგადოებაში.

სად არის გამოსავალი? ამაზე მე პასუხი არ მაქვს. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ არის გარკვეული მოვლენები, რომლებიც უკვე ფაქტობრივად კალენდრის ნაწილია და როგორც კი მოხდება - დაბნეულობას აუცილებლად გაფანტავს: პირველია უკრაინის ომის საკითხი, რომელიც უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და შემოდგომაზე თუ არა, დიდი ალბათობით, გაზაფხულზე ვიხილავთ გარდატეხას. მეორეა დასავლეთის მხრიდან უფრო მკაფიო პოზიცია ივანიშვილთან, მის გარემოცვასთან და სანქცირებასთან მიმართებაში, რაც ასევე დროის საკითხია და მესამე: ევროკომისიის ვერდიქტი 12-პუნქტიან შეთანხმებაზე და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. 

ეს სამი მოვლენა დაბნეულობას სრულად გაფანტავს და ხელოვნურად აგებულ ბუნდოვან პარადიგმებს აუცილებად დაანგრევს. 

რა რეაქცია ექნება ამ მკაფიოობაზე საქართველოს მოსახლეობას - ამ კითხვაზე პასუხი განაპირობებს საქართველოს მომავალს.


close დახურვა