logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დაუსჯელი ძალადობა - რუსული მახე

18 ივნ 202320:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/18/6m1q152z0l3l074.jpg

"2012-ში გარეთ ცხვირს რომ ვერ ყოფდით, ეგ დრო ბრუნდება ნაცებო… მოიმარაგეთ ტუალეტის ქაღალდი, ფქვილი, მაკარონი, წიწიბურა და დარჩით სახლში თქვენივე უსაფრთხოებისთვის" - ეს არის ოცნების პროპაგანდისტული არხის თანამშრომლის ფეისბუკ პოსტი, რომელიც ერთი შეხედვით მარტივად ხსნის ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული და ორგანიზებული ძალადობის კასკადს თავისუფალი ნების ადამიანების წინააღმდეგ. თუმცა, ვეჭვობ რომ გახშირებული ორგანიზებული ძალადობის ავტორების ჩანაფიქრი გაცილებით მზაკვრული და შორსმიმავალია, ვიდრე პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შეშინება, ან თუნდაც სახლში გამოკეტვა. ადამიანების ასე ღიად და დემონსტრაციულად გამოწვევა არის, არც მეტი არც ნაკლები, ღია სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების აშკარა მცდელობა, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყანაში უკონტროლო სიტუაციის შექმნაა.

საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცეს დაუცველი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში, თუ დახურულ სივრცეში შეკრების დროს, გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამო ძალადობის მსხვერპლი ხდება? როდესაც პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები არაფერს აკეთებენ, საკუთარი თავი, შვილი თუ ოჯახის წევრი ხომ უნდა დაიცვა? ლოგიკურია, რომ ბოლოსდაბოლოს ვითარება მივა იმ წერტილამდე, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სტუდენტებს თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს მოთმინება აღარ ეყოფათ,  დაორგანიზდებიან და მიაგნებენ შესაბამის ფორმას იმისთვის რომ მოძალადეებს, დაზომბირებულ და კუნთებდაბერილ ზონდერებს ეფექტური  ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიონ.

ამის ნიშნები უკვე არის. პოლიტიკოსების განცხადებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში კობახიძის ზონდერების მიერ  სასტიკად ნაცემი სტუდენტის უკრაინაში მეომარი მამა, თანამებრძოლებთან ერთად უკვე გამოეხმაურა მომხდარს  და კონკრეტული შემონათვალიც მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების, ძალადობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების მიმართ.

გათვლილი შედეგი კი უნდა იყოს ქაოსი და უკონტროლობა, რაც  რუსეთის მარიონეტული მთავრობის მხრიდან უკვე ღია რეპრესიებზე გადასვლის  ფორმალურად ლეგიტიმური საფუძველი გახდება. ეს ხელისუფლებას იმისთვის ჭირდება, რომ მათთვის პრობლემების შემქმნელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები ძალადობით, ციხეებში გამომწყვდევით, თუ ქვეყნიდან წასვლის იძულებით გაუუვნებელყოს და პოლიტიკურ, თუ საინფორმაციო ველზე სრული კონტროლი დაამყაროს. ან კიდევ უარესი, პირდაპირი მოწვევა გაუგზავნოს რუსეთის ხელისუფლებას, საქართველოში წესრიგის აღსადგენად ძალების მოშველებისთვის. პრეცედენტი გვაქვს და სულაც არის უცხო საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის. რით დამთავრდა ეს ყველაფერი ჩემს და უფროს თაობას ალბათ კარგად ახსოვს.

ასეთი სცენარისგან პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გვიცავდეს, თუმცა დღეს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოს თვალებზე, პირსა თუ ყურებზე ხელი აქვთ აფარებული, ქვეყანაში სრული ინსტიტუციური დამბლაა, რომელიც ივანიშვილმა დამართა იმ კონსტიტუციურ რგოლებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს და ჩვენს უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ. უკიდურესად დასუსტებული სახალხო დამცველის აპარატის განცხადება  ვეღარაფერს ცვლის. არათუ დუმს -ძალმომრეობას პირდაპირ აქეზებს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც პირველი უნდა იმაღლებდეს ხმას პატრიარქისა და ეკლესიის სახელის ძალადობისთვის გამოყენების წინააღმდეგ. ამის ნაცვლად საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი ღია და სასტიკი ძალადობისკენ მოწოდებით გაჯერებულ შეკრებებს რეგულარულად ესწრება, ხოლო ეპისკოპოსი მოძალადეს, საჯაროდ, მარჯვენას ულოცავს. ამ მძიმე ფონზე სადაა გამოსავალი?

გამოსავალი საზოგადოების რეაქციაშია. იმ ადამიანებსა და მათ განწყობაშია, რომლებიც ორი დღის წინ, მთელი ღამის განმავლობაში, თბილისსა თუ მთელს საქართველოში უხილავი ძაფით იყვნენ გაერთიანებულნი. ეს იყო ერთის მხრივ შიშის და ხიფათის განცდა, მეორეს მხრივ კი სიცოცხლის სიყვარული, მათთვის სრულიად უცნობი ოჯახისადმი  თანადგომა და სოლიდარობა, როდესაც დროებით გაუჩინარებული მოზარდის ძებნისას ხალხი არ დაელოდა არც პოლიციას, არც მაშველებს და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებს და ათასობით ადამიანი ერთი მისიითა და სურვილით გაერთიანდა: ეპოვათ და გადაერჩინათ 11 წლის გოგონას სიცოცხლე. აი ეს გრძნობა - თანადგომის და სოლიდარობის, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და ფეთქავს  ჩვენს სახელმწიფოებრიობაგაუჩინარებულ და მინავლებულ ქვეყანაში, ყოველგვარი პათეტიკისა და ალეგორიების  გარეშე არის ის, რაც დაგვიცავს და გადაგვარჩენს.  და თუ ამ გრძნობასა და ერთიანობას საერთო საფრთხისა და ღირებულებების გარშემო გავაღვივებთ და გავაძლიერებთ, რუსული რეჟიმისადმი ორგანიზებული წინააღმდეგობის და ქართული სახელმწიფოს გადარჩენისათვის ბრძოლის ფორმას მივცემთ, ვერანაირი ავტორიტარიზმი თუ რუსეთის დაგებული მახე ვერასდროს ვეღარაფერს დაგვაკლებს. 


close დახურვა