დილაუთენია ხალხით, მათ შორის ბავშვებით სავსე აეროპორტის მისადგომები; ქუჩებში გამოსული ათასობით გულანთებული ადამიანი; სახალხო ოვაციის ფონზე ღირსების ორდენებით დაჯილდოებული ფეხბურთელები და ფოიერვერკით დასრულებული საერთო ეროვნული ზეიმი თავისუფლების მოედანზე…
ბევრნი ვართ მომსწრე ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის დინამოს დახვედრის, არაერთ შთამბეჭდავი სანახაობა გვინახავს მსოფლიოს, ევროპის თუ ჩემპიონთა თასის მფლობელთა საპატივსაცემოდ გამართული ზეიმებისა გამარჯვებულთა ქალაქებში. გუშინდელი დღეც ასეთ ზეიმს ჰგავდა, რაც ბევრ უცხოელს გააკვირვებდა: მერვედფინალში დამარცხებული გუნდის ჩამოსვლას ასეთი სიხარულითა და ენთუზიაზმით რატომ ზეიმობდა ათიათასობით ადამიანი. არადა, ეს თითქოს არაადეკვატური რეაქცია, სინამდვილეში აბსოლუტურად ბუნებრივია და აი რატომ:
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ახლა იდგამს ფეხს, ახდენს საკუთარი იდენტობის დემონსტრირებას, აკეთებს განაცხადს მსოფლიოში. რა შეიძლება იყოს ამისთვის უკეთესი არენა თუ არა ფეხბურთი, როგორც სამყაროს ყველაზე პოპულარული და მასობრივი სპორტის სახეობა. არადა, ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ დიდი, გარდამტეხი გამარჯვებები არ გვქონია. ბუნებრივია, იყო წარმატებების გარკვეული ეპიზოდები, ვარდების რევოლუცია, რეფორმებში წარმატება და რეგიონის ლიდერად გადაქცევა, ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება თუ ევროკავშირთან ასოცირება, თუმცა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს იყო პერიოდი რომელსაც თან სდევდა უწყვეტი მარცხების მთელი სერია, რასაც დღეს უკვე ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, რუსეთისკენ შეტრიალებული კურსი და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის ჩახერგვა დაემატა.
გარდა ამისა, თითოეულმა ქართველმა, მათ შორის იმათაც, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი დასავლური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ცალკეული ტენდენციების მიმართ, მაინც ზუსტად იცის, რომ ქართველისთვის წარმატება მხოლოდ მაშინაა ნამდვილი და ღირებული, მაშინ აქვს გემო და ფასი, როდესაც მას ევროპა და დასავლური სამყარო აღიარებს. სწორედ ეს არის ის სივრცე და ცივილიზაცია, ის სტანდარტი და კულტურული გარემო, სადაც ქართველს სურს რომ დაფასდეს, ქება დაიმსახუროს და მიღწეული წარმატებით იამაყოს.
მათ შორის ამით აიხსნება რუსული ოცნების მიერ ევროპულ საფეხბურთო არენაზე მიღწეული წარმატების მიწერის მცდელობაც. რაც, ერთი შეხედვით, თითქოს ბუნებრივია, რადგან მოქმედ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, თუმცა, თუ ოდნავ დავფიქრდებით, დავინახავთ რომ სწორედ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების გაბრწყინება შეიძლება გახდეს ივანიშვილის მთავარი თავის ტკივილი. რადგან, რაც უფრო მეტად შეეცდება ოცნება ფეხბურთელების ამ ევროპული წარმატების მიწებებას, მით უფრო გაუჭირდება მას წინასაარჩევნოდ ევროპისგან დისტანცირება და ვერ ასცდება საკუთარ პოლიტიკასთან და პროპაგანდასთან წინააღმდეგობას, რომლის საშუალებითაც აქამდე თავგამოდებით გვიმტკიცებს, რომ ევროკავშირი მტერია და საქართველოს ომში ჩათრევას, გადატრიალების მოწყობას და ქვეყნის ქაოსში გახვევას ცდილობს.
და თუ დღეიდან ასე აღარ არის, და თუ ფეხბურთელებმა თავისი შრომით, მონდომებით, პატრიოტიზმით, პროფესიონალიზმით და შთამბეჭდავი თამაშით ევროპულ ფეხბურთში ხმაურიან გარღვევას მიაღწიეს, ხელისუფლება რას აკეთებს? მისი პასუხისმგებლობა არ არის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნით უკვე ევროინტეგრაციაში მოგვეხდინა ასეთი გარღვევა? სინამდვილეში გარღვევა და წარმატება კი არა, სტრატეგიული ხაზის რღვევა ხდება და გარდაუვალი საშიშროება არსებობს, რომ უკვე მიღწეული და მოპოვებულიც დავკარგოთ, საქართველოს მთავრობა არა მარტო საკუთარ კარში ავტო გოლების გატანითაა დაკავებული, თამაშის წესებსაც უხეშად არღვევს.
მზარდი ევროპული და ამერიკული სანქციები ის ტაბლოა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სავალალო ანგარიშს აჩვენებს და რასაც ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გასვლა კი არა, საერთოდ დისკვალიფიკაცია მოჰყვება.
ოცნების გუნდით, კობახიძის კაპიტნობითა და ივანიშვილის მწვრთნელობით, საქართველოს, ევროპულ მოედანზე წარმატების შანსი არ აქვს. მმართველ გუნდს კონტრაქტი 26 ოქტომბერს ეწურება. და თუ მართლა გვინდა ევროპული გამარჯვებების სერია ამჯერად უკვე მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველმა ხალხმა ახალი კონტრაქტი რუს ოლიგარქს არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გაუფორმოს.