logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ვისთვის რეკს უკრაინაში ეკლესიის ზარები

10 აპრ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 

"პროწივ ლომა ნეტ პრიომა, იესლი ნეტ დრუგოვა ლომა" - საბჭოთა საყოფაცხოვრებო ფოლკლორის ეს ნიმუში საბჭოთა დროში დაბადებულებს თუ ეხსომებათ. ლომი ქართულად ძალაყინს ან მსგავს უხეშ რკინის ნაჭერს ნიშნავს, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთადერთ საშუალებას, რუსული გაგებით, მხოლოდ მისივე მსგავსი, უხეში ძალა შეიძლება წარმოადგენდეს. უკრაინელებმა რუსულ ტანკებს სწორედაც, რომ ლომის სიმამაცე დაუპირისპირეს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა ბრიტანეთის ექსტრაორდინალურობით გამორჩეულ პრემიერ ბორის ჯონსონს, რომელმაც კიევში უეცარი ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა ლომის სიმამაცე გამოიჩინა, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი მოგვასმენინაო.

რამდენიმე კვირის წინ, ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა უკრაინაზე თავის სტატია ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივნის სიტყვებით დაიწყო - „ძალაუფლების კორიდორებში არ საუბრობენ ეკონომიკასა და პოლიტიკაზე. იქ ისტორიაზე ლაპარაკობენ“. ფერგიუსონი წუხდა, რომ ისტორია, რუსეთის გარდა, არასწორად ესმით დასავლეთშიც. ამ ყველაფრის საპირისპირო კი ნამდვილად ბორის ჯონსონია. მან კარგად იცის და ესმის ისტორიის მნიშვნელობა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, როცა საფრანგეთი დაეცა, საბჭოთა კავშირი გერმანიასთან ერთად ინაწილებდა აღმოსავლეთ ევროპას, ამერიკას კი ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ბრიტანეთი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც არათუ არ დათმო ჰიტლერთან, არამედ უმძიმეს ბრძოლაში ჩაერთო მის წინააღმდეგ. ბორის ჯონსონს ესმის მისი ქვეყნისა და ცივილიზაციის ისტორიული მისია, სწორედ ამიტომ მისი მოულოდნელი ვიზიტი გმირ ქალაქ კიევში და დიდი სამხედრო დახმარების გაგზავნა, ამ ისტორიული მისიის ერთგულებაა. მას სურს ჰგავდეს ჩერჩილს და ამის გამო მემარცხენე მედიის დასაცინიც გახდა, მაგრამ სამყაროში, სადაც ატომური სახელმწიფოს მეთაურს სურს სტალინს ჰგავდეს, ჩვენი დროის ჩერჩილი ნამდვილად გვჭირდება.

"ფუყე თავთავი რომ თავაწეულია, მძიმე კი თავდახრილი“ - ეს გამონათქვამი ქართველების ძველი სიბრძნეა. ოცნების ტროლ-ბოტები უკვე ადარებენ კიდეც თმაგაჩეჩილ ბრიტანეთის პრემიერს ფუყე თავთავს. არადა თუ ყურადღებით დავაკვირდებით ბორის ჯონსონის სიმამაცეს, ფუნდამენტურად გააზრებულ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს, ლიდერულ პოტენციალს და რაც მთავარია - ბრიტანულ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ხარისხს - დავინახავთ, რომ ის თავისი გაცვეთილი ფეხსაცმელებით ნამდვილად უფრო სავსე თავთავია, ვიდრე პირიქით. ფუყე თავთავი კი ჩვენი თავაწეული და თმა დავარცხნილი, ამპარტავნობითა და ამბიციით გაბიჟვინებული (გურული ზედსართავია) პრემიერმინისტრი, რომლის უტიფრობისა და ამპარტავნების ერთადერთ საფუძველს არა საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება, არამედ პატრონისადმი მონური ერთგულება და მისი გადაწყვეტილებების ბრმა მორჩილება კვებავს.

უკრაინელი ხალხის ლომობა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის, თავისუფლებისათვის ბრძოლისა და მსხვერპლის გაღების უნარში გამოიხატება. უნარში, დაუპირისპირდნენ პუტინის სასტიკ ურდოს, რათა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და პერსპექტივა გადაარჩინონ. რაც იმ ძლიერი, საერთო ეროვნული ნებიდან მოდის, რომლის განუყოფელ ნაწილადაც იქცა უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეული პოზიცია. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის არ დაუტოვებია კიევი, უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაურს ეპიფანეს არც ერთი დღით არ მიუტოვებია საკუთარი სამწყსო. მსოფლიო საპატრიარქოს და არაერთი ავტოკეფალიური ეკლესიის მიერ აღიარებული და მოსკოველი კირილე გუნდიაევის მიერ დაწყევლილი უკრაინელი მართლმადიდებლების წინამძღვარი ყოველ კვირას, კიევის ცენტრში აღავლენს ლიტურგიას, ისევე როგორც რეგულარულად ჩადის ბუჩასა და სხვა პატარა ქალაქებში, ანუგეშებს ცოცხლად დარჩენილ მგლოვიარე უკრაინულ ოჯახებს და აკურთხებს რუსი ბარბაროსების მიერ დახოცილთა სასაფლაოებს.

რაში მდგომარეობს უკრაინელთა მართლაც ლომისებური რკინის ნების კიდევ ერთი საიდუმლო?! დღეს, დროებაში ნახავთ სიუჟეტს, რომლის კადრების ფონზეც ეკლესიის სამრეკლოდან მომავალი ზარების ხმა ისმის. მლოცველებს საეკლესიო მსახურებაზე უხმობენ. ასეთი კი აღდგომის მოახლოებასთან ერთად თითქმის ყოველდღეა.

ამ ამბავში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებულად შესამჩნევი და ხაზგასასმელი, რომ არა ერთი გარემოება: უკრაინის მართლმადიდებლური ტაძრების სამრეკლოდან, ყოველ ჯერზე, ქართველებისთვისაც უკვე კარგად ნაცნობი მელოდია ისმის - უკრაინის ჰიმნი, ეკლესიების ზარები უკრაინის ჰიმნით უხმობენ მლოცველებს. ჰიმნით, რომელიც დღეს არამარტო თავისუფლების, არამედ იმ ღმერთის ჰიმნიცაა, რომელმაც ქრისტიანებს და მთელ სამყაროს თავისუფლება მოგვიტანა!


close დახურვა