logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ზამთრის საბურავები

15 იან 202320:20
3 წუთის საკითხავი
clock 798

როდესაც თბილისის მოლიპულ და გაუწმენდავ გზებზე გაცვეთილ საბურავიანი მანქანები მოტორიანი ციგებივით დასრიალებენ, პრობლემის გადაწყვეტას კი ქალაქის მერი მოწოდებით ცდილობს: - ვისაც ზამთრის საბურავები არ გაქვთ, სახლში დარჩითო... ადვილი მისახვედრია რომ საქმე ცუდად კი არა, ძალიან ცუდადაა.

რა თქმა უნდა პრობლემაა, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი თოვლს ელოდება იმისთვის, რომ მანქანაზე შესაბამისი საბურავი დააყენოს, როდესაც დაბალი ტემპერატურის პირობებშიც არანაკლებ საშიშია არასეზონური და მითუმეტეს გაცვეთილი საბურავით სიარული. თუმცა, ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ის, თუ როგორი მოუმზადებელია თბილისის მერია სტიქიის ისეთ მარტივ გამოვლინებასთან, როგორიც თოვლია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რეგიონსა და მსოფლიოში ამოვარდნილ გეოპოლიტიკურ ქარიშხალს ქართული სახელმწიფო იმაზე გაცილებით მოუმზადებელი ხვდება ვიდრე თბილისის მერი სეზონურ თოვლსა და ყინვას.

ტექტონიკური ძვრები უკვე კარგა ხნის დაწყებულია. მსოფლიო ახალ რეჟიმში ცხოვრობს. უკიდურესად გაზრდილია რისკები და შესაბამისად ღიაა შესაძლებლობების ფანჯარაც. პუტინის სიშლეგის თუ უკრაინელების გმირობის შედეგად გაჩნდა ისტორიული შანსი. თუმცა, როგორც ქართველი მძღოლების უმრავლესობას, ზამთრის საბურავები ჩვენ არ გვაქვს, საჭესთან კი ისეთი მძღოლი გვიზის - მარტო უკუსვლით სიარული რომ შეუძლია, ისიც ცარიელ გზაზე. ახლა ვსხედვართ და ვფიქრობთ "ლისი", ანუ გალიპული საბურავებით ამ რთულად დასამორჩილებელ გზაზე გასვლას და მოძრაობას ისევ ადგილზე დარჩენა ხომ არ ჯობია. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დრო მიდის, შესაძლებლობის ფანჯარა იხურება. არადა ყველა ვინც მოემზადა, საერთო მიზანზე შეთანხმდა, შინაგანად გაერთიანდა, საბჭოთა "ვოლგის" სურნელზე ნოსტალგია აღძრულები უკანა სავარძელზე გადასვა და მერსედესის და ტესლას მართვის მცოდნე  მძღოლებს ჩააბარა საჭე, წინ წავიდა და არათუ ათწლეულების, საუკუნეების დაგროვილი პრობლემების საშვილიშვილოდ მოგვარება დაიწყო.

რაღა შორს წავიდეთ. პოლიტიკური გარდატეხის მომენტისთვის, ანუ მომენტუმისთვის დიდი ხანია ემზადებოდა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომელმაც მის ხელთ არსებული ყველა რესურსი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად მაქსიმალურად გამოიყენა. ალიევი დაელოდა მომენტს, ისარგებლა რუსეთის სისუსტით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. მართალია არც სომხეთი იყო ამასობაში გულხელდაკრეფილი. ერევანიც ცდილობდა  შესაძლებლობის ფარგლებში გაძლიერებას და რისკების დაზღვევას. უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მისი ფალავანი თხის ფეხებზე მდგარი კოლოსი, რუსული უსაფრთხოების "საბურავები" კი "ლისი" აღმოჩნდა და სომხეთი ცუდად მოსრიალდა.

ისტორიის განმავლობაში იშვიათად, მაგრამ წარმატებული გარღვევები მაინც გვქონია, რაც მხოლოდ დიდი გეოპოლიტიკური, ტექტონიკური ძვრების დროს ხდებოდა. საქართველო მაინც იმდენად პატარა და შეზღუდული რესურსების ქვეყანა იყო ყოველთვის, რომ თავად ასეთი ტალღის გამოწვევა არ შეგვეძლო, თუმცა, პერიოდულად ამ ტალღის სათავეში მოქცევას ვახერხებდით. ეს მაშინ ხდებოდა როცა ქართველ ლიდერებს ჰყოფნიდათ ჭკუა, სტრატეგიული მოთმინება და გამბედაობა. ასეა დღესაც, როგორც არ უნდა გვინდოდეს, ჩვენ გეოპოლიტიკურ ქარიშხალს ვერ დავძრავთ. თუმცა, როდესაც ასეთი ქარიშხალი უკვე მძვინვარებს და შუა ზღვაში ხარ, გემი უნდა გქონდეს გამართული და იალქანი სწორად მიმართული, იმისთვის, რომ ზურგის ქარი მაქსიმალურად გამოიყენო და სწრაფი ტემპით წახვიდე მიზნისკენ. სამწუხაროდ ჩვენ გემიც გაუმართავი გვაქვს, იალქანი კი საერთოდაც ქარის საწინააღმდეგოდ მიმართული. არადა სულ ორი რამ  გვჭირდებოდა: პირველი, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის პირველ რიგში დიპლომატიის და შეიარაღებული ძალების ფორმაში ყოფნა დასავლურ, ცივილიზებულ სამხედრო-პოლიტიკურ კოალიციაში ძლიერი პოზიციების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის. და მეორე, ეროვნული თანხმობა, რომელიც საჭირო მომენტში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის და გამარჯვების გზაზე მყოფი მსოფლიო ძალის დახმარების სრულად გამოყენების საშუალებას მოგვცემდა.

საბედნიეროდ ჯერ კიდევ არის დრო.ზამთრის საბურავებს ჯერ კიდევ გვთავაზობენ.. თუმცა ჩვენ, ჭირვეული ბავშვივით, დახმარების მსურველებს ფეხებს ვუბაკუნებთ და ცვლილებების და გარეთ გასვლის შიშით, რუსეთთან ერთად ჩიხში დარჩენას ვარჩევთ, ჩიხში, რომელიც უკვე ორმხრივად იხერგება და აშმორებული წარსულის ჭაობიანი წყლით ივსება.


close დახურვა