"მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი და ეს პირობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შესრულდება", - კახა კალაძე.
გვეშველა ვითომ?!… "სულ რომ მე და ჩემს მოადგილეებს მოგვიწიოს მუშაობა, იანვრის ბოლოს ყველაფერს დავასრულებთ"-ო მოგვახსენა ქალაქის მერმა. შესაძლოა, ზოგს მოეწონოს კიდეც კალაძის ასეთი "თავდადება", სინამდვილეში კი, საქმე უკიდურესად სამწუხარო რეალობასთან გვაქვს: ქალაქს იმდენად ცუდი და სასოწარკვეთილი ხელმძღვანელი ჰყავს, რომ დახარჯული მილიონების და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, კალაძის არა თუნდაც მარცხენა, ან მარჯვენა ფეხის, არამედ მისი მკლავისა და ნიჩბის იმედად უნდა ვიყოთ.
აი, პანიკას და ისტერიკას რაც შეეხება და იმას, თუ ვინ არის მართლაც ღრმა ისტერიკაში, ამის საუკეთესო დადასტურება სწორედაც რომ კალაძის ტონი და სიტყვებია. თუმცა, მერის ეს მდგომარეობა მხოლოდ იქიდან არ გამომდინარეობს, რომ მერია იძულებული გახდა მისივე შერჩეული კომპანიებისთვის ხელშეკრულებები გაეწყვიტა, რამაც ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის მხრიდან წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების კრიტიკის საფუძვლიანობა დაადასტურა. მიზეზი მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, კალაძე ოპოზიციის ლიდერების ლანძღვის და პოლიტიკურ ოპონენტებზე არაადეკვატურად აგრესიული შეტევის ნაცვლად, მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა და მინიმუმ იმ ვიცე-მერს მაინც მოხსნიდა, რომელიც სამუშაოებს ზედამხედველობდა.
დიდი ალბათობით, ჩვენ თვალს ვადევნებთ ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში შემობრუნების პირველ მნიშვნელოვან ნიშანს და ავტორიტარული ვერტიკალის შიგნით გავლენების დარეგულირებისა და ბელადის ეჭვებისა თუ დასაბუთებული პრეტენზიების რეალიზების საწყის ეტაპს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოლიგარქის მხრიდან "საპატიო" პარტიული თანამდებობის დაკავების მთავარი არგუმენტი ქართულ ოცნებაში კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება. და ვინ შეიძლება იყოს მილიარდერისთვის უკეთესი სამიზნე, თუ არა მისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსისა და ბიოგრაფიის მქონე თბილისის მერი, რომელზეც ჩვენი ინფორმაციით, სუს-ში არაერთი მამხილებელი კორუფციული მასალა დევს, პარალელურად კი, მისი რეიტინგი თავად ბელადისას მკვეთრად აღემატება.
ასე რომ, ის, რაც დღეს კალაძემ გააკეთა, შესაძლოა, პოლიტ-ტექნოლოგიური ხრიკია და იმაზე მიანიშნებს, რომ მისთვის მთავარი საფრთხე არა ოპოზიციისგან, არამედ ივანიშვილისგან მოდის. ექსტრავაგანტური ჩაცმის სტილის მერი ცდილობს, დაასწროს არანაკლებად ექსტრავაგანტური ხასიათის მქონე მილიარდერს - არსებული საფრთხის გათვალისწინებით, მწვავე კონფლიქტში შევიდეს ოპოზიციის ყველა ფრთასა და ლიდერთან და მათთან რადიკალური დაპირისპირების ფონზე, ივანიშვილის გეგმებში ერთგვარი კორექტივი შეიტანოს: ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ქცეული ქართული ოცნების გენერალური მდივნის, ან მისი გარემოცვის დასჯა ოპოზიციის გამარჯვება გამოვა, ეს სვლა კალაძისთვის მილიარდერისგან თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი ხდება.
ძნელია სხვა რაიმე ლოგიკური ახსნა მოუძებნო ჯერ ნაცების მოყვარულისა და შემდეგ მათი "გადაშენების" ვერშემძლები კახი კალაძის ამ სრულიად არაადეკვატურ, ისტერიულ და პანიკურ ტონალობას. იმ ფონზე, როდესაც ლამის ნახევარი ქალაქი უწყლოდაა, კიდევ უფრო დიდი ნაწილი საცობებში დგას და მტვერში იხრჩობა, თბილისის მერი დედაქალაქის მცხოვრებლებთან ანგარიშვალდებულებისა და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, თბილისელებისავე ხარჯზე, ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიებისგან თავის გადარჩენას ცდილობს.