logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მოქმედება რუსული დაზვერვის მითითებით

22 სექ 202417:00
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის და ქართული სახელმწიფოს რუსეთის მიერ მიტაცების სპეცოპერაციაში ჩართული სხვა პირების სანქცირების და საერთაშორისო იზოლაციის საკითხი გადაწყვეტილია.

შეერთებულმა შტატებმა მოამზადა და უწყებებს შორის შეათანხმა პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის, მის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრის გამო ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ მკაცრ ზომებს ითვალისწინებს.

ამერიკის ხმას აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა საქართველოს ბაზარზე უკეთესი წვდომა, ფაქტობრივად, მან, გარკვეული ქმედებები, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა", - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი.

მოკლედ რომ ვთქვათ შეერთებული შტატების მთავრობა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს უპატიებელ დანაშაულში: საქართველოს და მისი სტრატეგიული მოკავშირეების საერთო ინტერესების წინააღმდეგ მტერთან კოორდინაციით მოქმედებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ: კვირის დასაწყისში შტატებმა ივანიშვილის რეპრესიული მანქანის საყრდენი ფიგურები დაასანქცირა, პარალელურად,  ჩვენმა არხმა, სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების მოსამზადებელი პროცედურის დასრულების შესახებ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციების ეტაპი დამთავრებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლიანი არჩევნების პრინციპების დარღვევის, დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიების ტალღის გაგრძელების შემთხვევაში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისრის გაფრთხილება იძულებითი საპასუხო ნაბიჯების შესახებ ამოქმედდება. შედეგად -  ივანიშვილისა და ოცნების მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის უკვე შეჩერებული პროცესი, კიდევ უფრო უკანა წერტილისკენ გადაინაცვლებს და საკონსულოებთან რიგების ეპოქაში დაგვაბრუნებს.

ჩვენი ინფორმაციით, ევროკავშირი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალიზება არ დასჭირდეს. მეტიც - წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ივანიშვილის ანტიდასავლური რიტორიკის, კობახიძის მხრიდან ევროპის მთავრობებზე, მათ ელჩებზე თავდასხმებისა და ავტორიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი კანონების, თუ ქმედებების გამო, თბილისელი მაღალჩინოსნებისა და რეპრესიული აპარატის წარმომადგენლების მიმართ პერსონალური სანქციების გამოყენებისკენ იხრება. თუმცა ასეთ გადაწყვეტილებებს სრული კონსენსუსი სჭირდება, რასაც უნგრეთის პოზიცია აფერხებს. რჩება რეაგირების ისეთი მექანიზმი, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, მას წევრი ქვეყნების უბრალო უმრავლესობის თანხმობაც ყოფნის, ამ ხაზით კი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს შეთანხმება მით უფრო დასაბუთებული გახდება, თუკი არჩევნების შედეგით ქვეყანა რუსული გავლენის ავტორიტარულ ბანაკში ჩაარჭობს დროშას.

პარალელურად, დროების ხელთ არსებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეერთებული შტატების ელჩის დაბარების და ვაშინგტონისადმი ღიად გაჟღერებული მუქარის შემდეგ, ამერიკელების მხრიდან პირადად ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ შეერთებული შტატები კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს.

ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სანქცირების შემდეგი ტალღის მოლოდინში ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, მთავრობას, ვაშინგტონიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს.

ანტიდასავლური კონფრონტაციის და ფაქტობრივი ცივი ომის პირობებში არცერთი ასეთი ნაბიჯი, არამარტო პოლიტიკურ წონასწორობა დაკარგული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოულოდნელი არ იქნება. ივანიშვილი საკუთარ თავს, მის გარემოცვას და რაც მთავარია ქვეყანას და მის ხალხს სრული იზოლაციისკენ მიაქანებს.

იგივე კობახიძე, მომავალ კვირას საქართველოს წარმოადგენს გაეროს ყოველწლიურ ასამბლეაზე, სადაც სახელმწიფოები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილებს აჟღერებენ.

თქვენი არ ვიცი და მე პირადად მზარავს იმის წარმოდგენა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, გაეროს ტრიბუნიდან, მისი პატრონის მიერ გორსა თუ რუსთავში საკუთარი ქვეყნის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გაიმეორებს.

იმასაც წინასწარ ვხედავ - რამდენად კმაყოფილი სახით მოუსმენენ მას რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიის დელეგაციები.. ის ქვეყნები, რომლებიც შეერთებული შტატების უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მოქმედი არაღიარების პოლიტიკის გამო, დღემდე, უკიდურეს უმცირესობაში რჩებიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით პრემიერმინისტრის გამოსვლის ტექსტში განიხილება საქართველოს მხრიდან ე.წ. თავდაუსხმელობის აქტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა. შეგახსენებთ ეს სწორედ ის მოთხოვნაა, რომელსაც ჟენევაში მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციის და ორივე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვენ. საქმე რაშია:  ეს ვალდებულება, საქართველოს, ცალმხრივად, წლებია აღებული აქვს, მათ შორის გაეროს და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდანაც. მაგრამ რუსეთი მონდომებით ცდილობს მსგავსი შეთანხმების სუბიექტებად სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები აქციოს, რისი დაშვებაც არაფრით შეიძლება, რადგან ასეთ შემთხვევაში თბილისი თავად შექმნის პრეცედენტს კონფლიქტის მხარეებად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად არა რუსეთის, არამედ სოხუმისა და ცხინვალის აღიარებისა. ერთადერთი რამაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეაფერხოს - მოახლოებული არჩევნები და ხალხის მოსალოდნელი რეაქციაა.

დააკვირდით - რას აკეთებს ივანიშვილი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რომლის საარჩევნო ელექტორალურ ლოგიკასაც ვერავინ პოულობს: - ის დაჟინებით იმეორებს რუსული კონსტრუქციის შემადგენელ რამდენიმე თეზას: ომი სააკაშვილმა, ანუ საქართველომ დაიწყო დასავლეთის წაქეზებით, ცეცხლის ალში გავხვიეთ მშვიდობიანი ოსური სოფლები, უნდა შედგეს ნიურნბერგის პროცესი, გასამართლდნენ ომის დამნაშავეები და ბოდიში მოვუხადოთ სეპარატისტებს.

ყველაფერი თავის მასშტაბურ მოღალატეობრივ სურათში ჩაჯდება, თუ ძირითად აქცენტს ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების და მიმდინარე არჩევნების პრიზმაში კი არ შევხედავთ, არამედ პუტინის ცივილიზებულ სამყაროსთან კონფრონტაციის სტრატეგიულ კონტექსტში.

ამდენად გორსა და რუსთავში წარმოთქმული ფრაზები, მანამდე, წლების განმავლობაში, არცთუ ბუნდოვნად, ამ ღალატისთვის ნიადაგის შემზადება,  შეიძლება საქართველოს სახელით, სწორედ გაეროში, ივანიშვილის მარიონეტის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაგვირგვინდეს.

არჩევნებამდე 1 თვით ადრე ვითარება ასეთია: ივანიშვილი დგამს ღია ნაბიჯებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საპირისპიროდ, ახალ ფაზაში გადაჰყავს დასავლეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ცივი ომი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი იწყებს რუსეთის დაზვერვასთან მოთანამშრომლე მთავრობის აქტიურ იზოლაციას და სანქცირებას, გვაქვს მეოთხეჯერ ხელისუფლებაში დარჩენისთვის რუსული მეთოდებით მებრძოლი პარტიის სანქცირებულების ოცეული, რუსეთის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობაში მხილებული სანქცირებული ლიდერით სათავეში. კიდევ უფრო რომ გაგიმარტივოთ - ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში გვეყოლება დასავლეთისგან სანქცირებული, კეთროვანი სახელისუფლებო ვერტიკალი და მათთან მხოლოდ შავი სქემებით ითანამშრომლე ბიზნეს ჯგუფები, რადგან ღია კავშირებით ისინიც საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან მოკვეთილები აღმოჩნდებიან.

რაც ჩამოვთვალე მხოლოდ ფაქტებია და არა მოწოდება რაიმე არჩევანისკენ. კვლავ ვიმეორებ - არჩევანი საერთოდ აღარ გვაქვს. მათ შორის ივანიშვილისადმი ლოიალურ ელიტებსაც - მათ მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უწევთ - ბიძინასთან ერთად გაკეთროვანდნენ, თუ მისი მოცილებით თავი გადაირჩინონ.  დანარჩენებისთვის ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს: ქვეყნის დანაწევრების ლეგიტიმაციას, მსხვერპლის აგრესორად გამოცხადებას, საქართველოს ისტორიის გადაწერას, სრულ საერთაშორისო პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციას, მეტ სიღარიბეს და ემიგრაციას და თაობებისთვის ევროპული პერსპექტივის დასამარებას.

დასავლეთმა თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერის საქმის მისი ნაწილის ინტენსიური აღსრულება დაიწყო. ჯერი ჩვენზეა, ანუ საქართველოს ხალხზე!


close დახურვა