პუტინი დასავლეთს მუდამ "სარკისებური პასუხით" ემუქრება. ამ სტრატეგიის არსი ასეთია: კრემლი დასავლეთის მოქმედებიდან იღებს მისთვის გამოსადეგ ფორმას, აცლის შინაარსს და საკუთარი აგრესიის გასამართლებლად იყენებს. განსხვავებული გარემოებები ქრება; რჩება ცინიკური არგუმენტი - "თქვენ თუ შეგიძლიათ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია?!"
ეს მეთოდი საქართველოს წინააღმდეგ ორ ეტაპად ამუშავდა: ჯერ - ქვეყნის ტერიტორიის დასანაწევრებლად; ახლა - მისი პოლიტიკური ნების დასამორჩილებლად.
2008 წლის თებერვალში, კოსოვოს დამოუკიდებლობის ნაწილობრივ აღიარებამდე, პუტინმა განაცხადა რომ რუსეთს მზად აქვს: "დამაშნიე ზაგატოვკი" - ანუ საპასუხო ნაბიჯები და იცის, რას გააკეთებს. რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ ომს ოკუპაციის გაფართოება და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარება მოჰყვა. კოსოვო ამ აგრესიის გასამართლებელ პრეცედენტად აქციეს. განსხვავებული სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტი მოსკოვს არ აინტერესებდა - დასავლეთის ნაწილის გადაწყვეტილება საკუთარი მოქმედების საფარად სჭირდებოდა.
ამ სქემაში საქართველოს დამოუკიდებელი ნება საერთოდ არ არსებობს. ჩვენი არჩევანი დასავლელი "პატრონების" დავალებად ცხადდება, ჩვენს წინააღმდეგ ძალადობა კი - დასავლეთისთვის გაცემულ პასუხად. ზუსტად იმავე ლოგიკით უარყოფს პუტინი უკრაინის უფლებას, საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს.
დღეს "სარკისებური ომი" საქართველოს შიგნით გადამწყვეტ ფაზაში შედის.
უკრაინა და მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავდასაცავად რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებს ზღუდავენ. კობახიძე საქართველოში პროდასავლური ოპოზიციის გასაუქმებლად, სწორედ ამ მაგალითებს იშველიებს.
ფორმა თითქოს იგივეა; დანიშნულება, მიზანი - საპირისპირო. იქ სახელმწიფოს რუსული საფრთხისა და გავლენისგან იცავენ; აქ სახელმწიფოზე რუსეთის გავლენის განმტკიცებას სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვას არქმევენ.
სწორედ ეს არის მთავარი: დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოებში, რუსეთის ჰიბრიდული და კონვენციური ომისგან თავდასაცავად მიღებული ზომები - საქართველოში რუსეთის შეტევით იარაღად იქცა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის განხილვა დაიწყო. სარჩელის დაკმაყოფილებით მოქალაქეს ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას წაართმევენ, ქვეყანას ევროპულ გზას ჩაუკეტავენ და ხვალინდელი პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენასაც შეზღუდავენ.
პუტინის მრუდე სარკისებური სტრატეგია აქ კიდევ უფრო მძიმე სახეს იღებს: წულუკიანის კომისიის დასკვნაზე აგებული მსჯელობით, ბრალდების სიმძიმის ცენტრი ოკუპანტიდან საქართველოზე გადმოაქვთ. მოსკოვისთვის სასარგებლო ვერსიას ახლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭედიც შეიძლება დაესვას.
2008-ში დასავლური პრეცედენტით საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას ამართლებდნენ. დღეს დასავლური პრეცედენტები საქართველოში თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების გასაუქმებელ არგუმენტებად მოჰყავთ.
არა მხოლოდ ბეცი, სრულიად ბრმა უნდა იყო, რომ თვალში არ მოგხვდეს ამ სტრატეგიის კიდევ ერთი, არამხოლოდ სიმბოლური გამოვლინება: ზუსტად სასამართლო განხილვის დაწყების დღეს რუსეთთან სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ინიშნება - ორივე თანამდებობის შენარჩუნებით და მის მანდატში კონფლიქტის მოგვარების ხაზგასმით. დასავლეთთან უკიდურესი კონფრონტაციის ფონზე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არჩევანი იკეტება, მოსკოვთან პოლიტიკური არხი კი ძლიერდება. ამ ნაბიჯების ერთობლივი შედეგი საქართველოს რუსეთის წინაშე კიდევ უფრო დაუცველად დატოვებაა.
რუსები იმავე მრუდე სარკისებური სტრატეგიით უტევენ დამოუკიდებელ მედიას. საფრანგეთსა თუ სხვა დასავლურ სახელმწიფოებში საკანონმდებლო ზომებს მტრული სახელმწიფოების, პირველ რიგში კი რუსული ჰიბრიდული ჩარევის შესაზღუდად იღებენ. ივანიშვილის "ოცნება" საქართველოში ამ მაგალითებს შინაარსს უცვლის და დამოუკიდებელი მედიისა და მისი დასავლური მხარდაჭერის წინააღმდეგ იყენებს. ივანიშვილის საქართველოში მტერი ევროპა და ამერიკაა, ხსნის გზად კი გეორგიევსკის ტრაქტატის სულისკვეთებას გვთავაზობენ. ამდენად, ლოგიკურია, რომ ნამდვილად მტრული, ანუ რუსული გავლენის შეკავების ნაცვლად იზღუდება სივრცე, რომელიც ამ გავლენას ამხელს.
პარტიების აკრძალვა ამ პროცესს ახალ საფეხურზე გადაიყვანს. პოლიტიკური პლურალიზმის გაუქმებისა და ევროპული პერსპექტივის განადგურების შემდეგ დამოუკიდებელი მედიის დარჩენილი ნაწილის შენარჩუნება კიდევ უფრო გართულდება. ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეს არჩევანს ართმევს, შეეცდება წაართვას საშუალებაც, გაიგოს, ვინ და რატომ დატოვა არჩევანის გარეშე.
რუსებსა და ივანიშვილს ამ გეგმის განხორციელებას საერთაშორისო გარემოც უადვილებს. ტრამპის თუნდაც დროებითი დათმობები პუტინთან და შეტევები ზელენსკიზე დასავლეთის ერთიანობას ასუსტებს. კრემლი ამაში ახალ შესაძლებლობას ხედავს, "ქართული ოცნება" კი - ხელსაყრელ დროს დაწყებულის დასასრულებლად.
დღეს ამ სქემის მთლიანად დანახვა უფრო ადვილია, ვიდრე წლების წინ, როდესაც თითოეულ ნაბიჯს ცალკე გამართლებას უძებნიდნენ. მაგრამ სიცხადეს პოლიტიკური მოქმედება უნდა მოჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარე პარტნიორების ნაწილში გაძლიერდება მოსაზრება: საქართველო ამ ეტაპზე ასეთია და მასთან ურთიერთობაც ამ მოცემულობას უნდა მოერგოს - ღირებულებითი კავშირის ნაცვლად აღდგეს ტექნიკური, საქმიანი თანამშრომლობა.
ივანიშვილის ფსონი დიდი ხანია სწორედ ამ გათვლაზე დევს: ევროპამ მის მიერ შექმნილი რეალობა მიიღოს. ევროკავშირის გვერდის ავლით, ცალკეულ ევროპულ დედაქალაქებთან მისასვლელ გზასაც ამ მიზნით კვალავს.
ქვეყნის შიგნით ახალმა პოლიტიკურმა დინამიკამ პარტნიორებს უნდა დაანახოს, რომ საზოგადოებისთვის თავს მოხვეული უძრაობა საქართველოს საბოლოო არჩევანი არ არის. დასავლეთის მხარდაჭერამ კი ამ უძრაობის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი.
სწორედ ამიტომაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედიის გადარჩენა. პოლიტიკური ალტერნატივების გაუქმების პირობებში ის დემოკრატიული ცხოვრების ბოლო მოქმედ კუნძულად, დასავლეთთან ჩვენი პოლიტიკური და ღირებულებითი კავშირის ცოცხალ გამოხატულებად, და დემოკრატიული ინსტიტუტების რეგენერაციის ერთადერთ და გადამწყვეტ ცოცხალ სივრცედ დარჩება.
ამ სივრცის დაცვა საზოგადოებისგან თანადგომას მოითხოვს, დასავლელი პარტნიორებისგან კი დროულ და ქმედით მხარდაჭერას. მისი გაქრობის შემდეგ საქართველოსთან ტექნიკურ საკითხებზე საუბარს გააგრძელებენ; ევროპული მომავლისთვის მებრძოლი საქართველოს ხმა კი სულ უფრო ნაკლებად გაისმება.
პუტინის მრუდე სარკეში თავისუფალი ერები სხვის დავალებებს ასრულებენ. დამოუკიდებელი მედიის ეთერში ყოველდღე საპირისპირო ჩანს: ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ნება აქვთ და მის დათმობას არ აპირებენ.
კრემლსა და ივანიშვილს სწორედ ეს სჭირდებათ - საქართველო გაჩუმდეს - რათა შემდეგ პარტნიორებს უთხრან: ქვეყანა ასეთია, შეეგუეთ.
ჩვენი ამოცანაა, ამ შეგუებას საფუძველი გამოვაცალოთ - ქვეყნის შიგნით მოქმედებით, მის გარეთ მხარდაჭერით და იმ ხმის შენარჩუნებით, რომელიც ყოველდღე ადასტურებს: საქართველოს მომავალი ჯერ არავის დაუთმია.
