logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნებასაც არ გაცლიან

15 ნოე 202321:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/15/s7ijqq26z14prc5.png

ორშაბათს რამდენიმე კოლეგასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს შევხვდი. დიპლომატი ძალიან მონდომებულია, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლაში დაეხმაროს. პოლარიზაციის დაძლევაზე ისაუბრა. ვცადეთ აგვეხსნა, პირველ რიგში, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ მედიამ ამ პროცესში დადებითი წვლილი შეიტანოს.

მაგალითად: მთავრობა უნდა შეეშვას მასობრივ თვალთვალს, მიყურადებას და შანტაჟს, არ უნდა მოაწყონ ჟურნალისტების დარბევები, სუს-მა საქმეს მიხედოს და არა აგენტურისა და უსაფრთხოების ოფიცრების მეშვეობით ტელეწამყვანების ცემას, შეეშვან მედია მფლობელების დაჭერებს და მათ დევნას, ბიუჯეტსა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურებს ნუ გამოიყენებენ ქართული მედიის დისკრედიტაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, ნუ მიიღებენ რუსულ კანონებს, რომლითაც კრიტიკული ტელევიზიების მუშაობას ფინანსურად, თუ ცენზურის შემოტანის გამო შეუძლებელს გახდიან, იარონ არამარტო მათ "ქვევრებად" ქცეულ სტუდიებში, შეურაცხყოფის გარეშე უპასუხონ კითხვებზე ჟურნალისტებს.. მოკლედ - მოიქცნენ ცივილიზებული, კულტურული ადამიანებივით და დემოკრატი პოლიტიკოსებივით.

ამერიკის ელჩმა დანიგანმა ყურადღებით მოგვისმინა და გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერებთან უკვე გამართა შეხვედრები და დიდი იმედი აქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ამ ისტორიულ და რაც მთავარია რეალურ შანსს ქვეყანა ხელიდან არ გაუშვებს.. რაც - ვუბრუნდები დასაწყისში წარმოთქმულ სურვილს - დეპოლარიზაციის ხელშეწყობას, დასავლეთის დემონიზაციისა და რუსებთან ფლირტის შეჩერებას, კონკურენტულ და სამართლიან არჩევნებს და მედიაზე შეტევების შეწყვეტას ნიშნავს.

მძიმე გამოცდილებით დატვირთულმა კრიტიკულმა მედიამ ღრმად ამოვიხვნეშეთ და ჩვენი სკეპტიციზმის მიზეზი ავხსენით - მათ შორის წინა ღამეს, ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კონსულტანტის საზღვრიდან გაბრუნების ფაქტის გამო.. თუმცა ელჩს გული არ გავუტეხეთ და ყველანაირი მზაობა გამოვთქვით დეპოლარიზაციისთვის ხელი შეგვეწყო.

მოკლედ, შტატების ახალდანიშნულ ელჩს დავემშვიდობეთ. ეზოში გამოვედით. ტელეფონები ჩავრთეთ და ახალი ამბების ხაზში პირველი რასაც წავაწყდით, ოცნების ლიდერის და თბილისის მერის ეს განცხადება იყო.

"რომელ რუსეთის მტრობაზეა საუბარი, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო - ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო - ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ მომხდარიყო, დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით რა რუსეთზეა საუბარი...", - კახა კალაძე.

ივანიშვილი, ოცნება, კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი რომ არც ზნეს შეიცვლიან და არც ფერს - ვიცით. ეს გამონათქვამი ცალკეული წამოცდენა კი არაა - მრავალწლიანი მოქმედების პატერნი. საზოგადოების დაყოფა, ხალხის ერთმანეთთან ხელოვნური დაპირისპირება, პოლარიზაცია და ზიზღის მუდმივი კულტივირება ის საწვავია, რომელზეც მათი მმართველობითი მოდელის მანქანა მუშაობს. სხვაგვარად ვერც მართვა და ვერც არსებობა პოლიტიკაში ვერ წარმოუდგენიათ.

თავისთავად დაპირისპირება და პოლიტიკური კონფლიქტი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მამოძრავებელი ენერგიაა.. პრობლემა დამანგრეველ ხასიათს იძენს, როცა მხარეები, განსაკუთრებით ხელისუფლება, რომელსაც მთელი ძალაუფლება და ინსტიტუტები უზურპირებული აქვს - პოლიტიკური ოპოზიციის არსებობის უფლებას არ აღიარებს და თვით დამპყრობელსა და ქართველების ეთნიკური წმენდის მომწყობზე დიდ მტრად აცხადებს.

ეს ყველაფერი ამერიკის ახალი ელჩის ახალ იმედებს მოვაყოლე. როგორ გვინდოდა, რომ მას ოპტიმიზმის საფუძველი ჰქონოდა. მაგრამ ვინ გაცალა.. მეოცნებეების მიერ მითვისებულ ქვეყანაში არც ელჩს და დიდი ხანია არც ჩვენ ოცნებასაც არ გვაცლიან..


close დახურვა