logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რუსული მარში ევროკავშირის წინააღმდეგ

28 აპრ 202419:20
3 წუთის საკითხავი
 

იმის დასამტკიცებლად და სადემონსტრაციოდ რომ თურმე ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს ევროკავშირს კი არა რუსულ კანონს უჭერს, ოლიგარქმა პარლამენტის წინ აქცია დაგვიანონსა, რომელზეც საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებს მთელი საქართველოდან მოუძღვებიან. მართალია ეს რუსული კანონის მხარდაჭერაზე მეტად ოცნების ხელისუფლების სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს, თუმცა, სასოწარკვეთილ ნაბიჯებსაც აქვთ თავისი მიზნები:

აშკარად დაღმავალ ტრაექტორიაზე მყოფ ქართულ ოცნებას, რომელიც ტროლ-ბოტების ქარხნების, ადმინისტრაციული რესურსისა და რადიკალურ-ექსტრემისტული ჯგუფების მობილიზებითაც კი ვეღარ ახერხებს საჯარო სივრცეში, მათ შორის ქუჩაში დომინირებას, აუცილებლად ჭირდება ილუზიის შექმნა, რომ სოციალურ ქსელებში კანტი-კუნტად შემორჩენილი დაქირავებული პერსონების ამარა კი არ არის, არამედ მას ზურგს მოსახლეობის უმრავლესობა უმაგრებს. სწორედ ამ მეტობის დემონსტრაციისთვის სჭირდებათ მათ ხალხის გარკვეული მასა ქუჩაში, რათა დაამტკიცონ რომ თუ რუსულ კანონს 9600 ადამიანი ეწინააღმდეგება, როგორც თავად დათვალეს, მხარს ასი ათასი უჭერს. ძნელი მისახვედრი არ არის თუ რის მიღწევას ცდილობს ოცნება ამ შიდა მოხმარების პოლიტ-ტექნოლოგიური ხრიკით. ის საკუთარ მხარდამჭერებს თუ ძალოვან სტრუქტურებს ამხნევებს და აგულიანებს.

მეორე, ეს არის ძალიან კონკრეტული გზავნილი პერსონალურად ივანიშვილის მხრიდან დასავლური სტრუქტურებისადმი, რომ სიტუაციას ის აკონტროლებს, ყველაფერზე წამსვლელია და თუნდაც უხეში ძალისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნებას მოახერხებს. ამიტომ ჯობია დასავლეთი შეეგუოს მომავალ არჩევნებში მის მიერ დაწერილ შედეგს და მის პირობებთან ადაპტირდეს. ამის ნაწილია ის გზავნილიც, რომელიც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, თითქოს აღარც საქართველოს სურს შემდეგი ნაბიჯების გადადგმა ევროპისკენ და აღაც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის. და თუ ოდესმე იქნება, მოვილაპარაკოთ ჩვენს პირობებზე და რა პრობლემაა, ამ კანონსაც გავაუქმებთო.

ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ ეს იქნება ძალოვნებისა და მოსამართლეებისთვის სახალხო ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნა კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯებისა და ზომებისთვის, ანუ დღემდე არნახული მასშტაბის და სიმკაცრის რეპრესიების ტალღის წამოსაწყებად.

ივანიშვილისთვის ამ 3 მიზნის მიღწევა უკიდურესად რთული იქნება და აი, რატომ:

1. ძალით მობილიზებული ხალხის რაოდენობამ და მასზე აგებულმა პროპაგანდამ შესაძლოა რამდენიმე დღე იმუშაოს, თუმცა მომდევნო დღეების მასობრივი სახალხო პროტესტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიშლება, აუცილებლად დაჩრდილავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ერთჯერად ფარსს. ძალიან ნათელი იქნება, თუ სად არის სინამდვილეში მუხტი, შემართება გულწრფელობა და ბრძოლის ჟინი.

2. დასავლეთი აღარც ტყუვდება, აღარც შანტაჟს ექვემდებარება და აღარც დათმობის პოლიტიკას აგრძელებს, რადგან სტრატეგიული ბუნდოვანების ხანა დასრულებულია. სახელმწიფო დეპარტამენტმა, თუ ევროსტრუქტურებმა ქართულ ოცნებას პუტინისტური რეჟიმის იარლიყი საბოლოოდ ააკრა. ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს საკითხზე, პროცესი დაძრულია და ისტორიულ კანონზომიერებასთან მიმართებაში პუტინის მარიონეტი მსგავსი ფაფხურით ვეღარაფერს გააწყობს, აი სანქციებს კი დააჩქარებს.

რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ის მართლა საფრთხის მატარებელია დროის გარკვეულ მონაკვეთში. თუ პუტინის, ლუკაშენკოს, მადუროს მაგალითებს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც დიქტატორები თრგუნავენ საზოგადოებრივ პროტესტს. რუსეთში, ბელორუსში და ვენესუელაშიც, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოზე მეტი რაოდენობის ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში რეპრესიული რეჟიმების, თუ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად, თუმცა სპეცსამსახურების სეგმენტური მუშაობის და სხვა რეპრესიული მექანიზმების აქტიურად გამოყენებით შესაძლებელი გახდა ყველაზე კრიტიკული ჯგუფების გამოხშირვა-განეიტრალება და შიშის სინდრომის მასიურად დანერგვა, რამაც ამ საზოგადოებებში წინააღმდეგობის რესურსი გადატეხა, გამოფიტა.

საქართველო ამ მხრივ გაცილებით მყარად დგას, ბევრად განვითარებული და კარგად ფესვგადგმული არასამთავრობო სექტორითა თუ კრიტიკული მედიით, თუმცა გარანტირებული ჩვენთანაც არაფერია. ამ დროს დროულია რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას - რუსული კანონის მთავარი სამიზნეები არასამთავრობო სექტორი და მედია ორგანიზაციები სწორედ ამიტომაც არიან.

ამდენად, სანამ ზეწოლის, სამსახურის დაკარგვისა თუ სხვა შიშებით გაამართლებდეთ იმას რომ ორშაბათის აქციაზე, რუსულ მარშზე მისვლას გაიძულებენ, კარგად დაფიქრდით: რუსული კანონის მხარდაჭერით თქვენ თავად უწყობთ ხელს თქვენივე შვილების, მშობლების, კოლეგების თუ მეგობრების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას. საჯარო მოხელეებმა, თუ პარტიულმა მუშაკებმა ბოლომდე უნდა გაიაზროთ, რომ მთავრობა ატარებს რუსულ მარშს ევროკავშირის წინააღმდეგ, ამ აქციაში მონაწილეობით და ოლიგარქისადმი ერთგულების დემონსტრირებით პირადად ეწინააღმდეგებით ქვეყნის უდიდესი უმრავლესობის, მათ შორის თქვენს საკუთარ არამარტო ნება-სურვილს, არამედ აქამდე გაწეულ უზარმაზარ ღვაწლს, რომლის მიზანიც - საქართველოს ევროკავშირის წევრობაა. და ისიც იცოდეთ, რომ თუ ივანიშვილი ამ კანონს მიიღებს, ძალაუფლებას შეინარჩუნებს და ქვეყნის საჭეს ბოლომდე რუსეთისკენ შეატრიალებს, ბრიუსელი ნელ-ნელა უკან წაიღებს ყველა იმ სიკეთეს, უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის თუ ფინანსური დახმარების ჩათვლით, რომლებითაც მათ შორის თქვენც ყოველდღიურად სარგებლობთ. რომ აღარაფერი ვთქვათ ვაშინგტონზე, რომლის მხარდაჭერის დაკარგვაც ძალაუფლებისა და ფულის ბულემით დაავადებული, გახრწნილი ივანიშვილის რეჟიმისა და რაც მთავარია სისხლისმსმელ ვამპირად ქცეული რუსი დიქტატორის პირისპირ მარტოს დაგვტოვებს, ყველას, მათ შორის თქვენს შვილებს, რომლებიც აქედან თავისითაც წავლენ და თქვენვე გაარიდებთ.

რუსული ოცნების პროპაგანდით დაბანგულებს კიდევ ერთხელ გეუბნებით: ხელისუფლება ცდილობს დაგვაბრუნოს წარსულში, როცა ჩვენი მომავალი ევროპაშია. ის უპირისპირდება შვილებს და მომავალ თაობებს. ის უპირისპირდება ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია. რუსული მარში ერთი აგურია იმ კედელში, რომლის აღმართვასაც ივანიშვილი ცდილობს საქართველოსა და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას შორის. თქვენზეა დამოკიდებული ეს კედელი რამდენად მდგრად და გადაულახავ ისტორიულ ზღვრად იქცევა, რომლის ქვეშაც საქართველოს ევროპული მომავალი რუსულ ჭაობში ჩაიძირება.


close დახურვა