logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სანქცირებული ეკონომიკა სანქცირებული პოლიტიკური კლასით

19 მაი 202419:00
3 წუთის საკითხავი
 

ვეტოს დროულად გამოყენებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსულ კანონთან მიმართებაში დარჩენილი გაურკვევლობა საბოლოოდ გაფანტა: ივანიშვილს მაქსიმალურად შეუზღუდა ვაჭრობის სივრცე, წნეხი სრულად ოცნებაზე გადაიტანა. ახლა ბურთი მათ მოედანზეა და თავად უნდა გადაწყვიტონ - ვეტო დაძლიონ თუ არა, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის შენიშვნები თუ არა და თუ კი, როგორ და რა ფორმით. ივანიშვილის და ოცნების გადასაწყვეტია უღირთ თუ არა რუსული კანონის ამოქმედება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის, საპროტესტო მუხტის ზრდისა და საკუთარი თავებისა თუ ოჯახის წევრების სანქცირების ფასად.

უახლოეს მომავალში უკვე ამერიკის კონგრესში იგეგმება საქართველოს სანქცირებისთვის შესაბამისი კანონმდებლობის ინიციირება. არ მოგესმათ, ეს იქნება "საქართველოს სანქცირების აქტი"!, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს როგორც ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების რუსული კანონის და დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დასანქცირებას, ასევე ოლიგარქისა და მისი გარემოცვის ელიტური კორუფციის, კლეპტოკრატიისა თუ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარებისთვის ფინანსურ მარწუხებში მოქცევას. ცალკე თავი დაეთმობა საქართველოში მოსკოვის აგენტურის სანქცირებასაც. სახელმწიფო მდივან ბლინკენს გაუჩნდება პირდაპირი ვალდებულება მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და პერიოდულად, კონგრესს, ამის შეახებ მოახსენოს. ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ პრორუსული კურსის ცვლილების შემთხვევაში, რასაც ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრების გარეშე არც არავინ ელის,  შტატების მხრიდან ჩვენ ქვეყანასთან სამხედრო, სავაჭრო და კულტურული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

ამდენად მოულოდნელობა აღარ იქნება, თუ სულ ცოტა ხანში ივანიშვილს, პრემიერ კობახიძეს და მის მინისტრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებსა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს დაასანქცირებენ. შემდეგ კი უკვე ევროკავშირთან შეწყვეტილ უვიზო მიმოსვლას და თავისუფალ ვაჭრობას, გაჩერებულ ასობით მილიონიან ამერიკულ და ევროპულ დახმარებას, შეფერხებულ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროგრამებს ვიხილავთ. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც რუსული კანონის ამოქმედებისა და ივანიშვილის მიერ დაანონსებული პოლიტიკური კურსის რეალიზაციის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება.

კიდევ უფრო გრძელი და საშიშია იმ შედეგების ნუსხა, რომელსაც ეს ნაბიჯები გამოიწვევს: დასავლური კომპანიების  ქვეყნიდან გასვლა და უცხოური ინვესტიციების გატანა; საკორესპონდენტო ბანკების მიერ ქართული ბანკების მომსახურებაზე უარი; უცხოურ ვალუტებში ტრანზაქციების, მათ შორის ფულადი გზავნილების გართულება და შესაძლო შეჩერება; ტურიზმის სექტორის ჩავარდნა, უძრავი ქონების გაუფასურება და საბოლოო ჯამში საქართველოს არათვითკმარი, ექსპორტ-იმპორტზე ჭარბად დამოკიდებული ეკონომიკის ჩამოშლა.

აქვე, განსაკუთრებით მათ, ვისაც ბიძინას ავტორიტარიზმის მანიფესტის მოსმენისა და მასობრივი ცემა-რბევა-გინება-ტერორის ფონზე ჯერ კიდევ ,,ეოცნებება,”  ერთ რამეზე მინდა დაფიქრება ვურჩიო: - დავუშვათ რუსეთი არაფერ შუაშია. მართალია, უკიდურესად სუბიექტური უნდა იყო ადამიანი, პირდაპირ კავშირებს ვერ ხედავდე რუსულ ინტერესებსა და ივანიშვილის ნაბიჯებს შორის, თუმცა, ასეც რომ იყოს და ჩავთვალოთ - თითქოს ჩვენ  დასავლეთის კოლონიალიზმს ვებრძვით, მასონებს, გლობალური ომის პარტიას და ათას სხვა სიგიჟეს - შედეგად ვიღებთ ამერიკისა და ევროკავშირის გაძევებას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და საფინანსო სივრციდან. ანუ გვრჩება უზარმაზარი შავი ხვრელი, საინვესტიციო და ლეგალური საფინანსო რესურსების მწვავე დეფიციტით, რაც მხოლოდ ლარის კურსსა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების აქტივებზე კი არ აისახება, არამედ ქვეყანაში მოქმედ მსხვილ, საშუალო თუ მცირე ბიზნესზეც, რაც ასობით ათას დაკარგულ სამუშაო ადგილთან ერთად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გარდაუვალ, მკვეთრ შემცირებას ნიშნავს. ეს კი საჯარო მოხელეების ხელფასების, პენსიებისა და სხვა სოციალური ვალდებულებების შეკვეცას გამოიწვევს. გახსოვთ ალბათ, შევარდნაძის დროს, თვეების განმავლობაში ვერ მიღებული 14-ლარიანი პენსია, თუ საჯარო სამსახურებში არსებული მათხოვრული ხელფასი… ხოლო თუ ამ ყველაფრის უკან პირდაპირ რუსეთი დგას, სანქციების შედეგად გაჩენილ ფინანსურ ვაკუუმს, დიდი ალბათობით, რუსული შავი ფული შეავსებს, რის შედეგადაც დასავლური ღია ტიპის გამჭვირვალე ეკონომიკის ნაცვლად, სანქცირებული რუსული ეკონომიკის ორმაგად სანქცირებულ დანამატს მივიღებთ.

აქ კი უკვე საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა - რა უფრო უარესია: პროცესების უკან  მართლაც კრემლი იდგეს, რომელიც მზადაა შავი ფულით ნაწილობრივი მაინც შეავსოს დასავლური ეკონომიკის საქართველოდან გასვლის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ვაკუუმი, თუ ეს მხოლოდ ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამოწყებული ავანტიურაა, რაც საერთოდ ყველაფრის გარეშე დაგვტოვებს უზარმაზარი ფინანსური თუ ეკონომიკური ორმოს ფსკერზე, საიდან ამოსვლის პერსპექტივაც დიდი ხნის განმავლობაში აღარ გვექნება.

დამეთანხმებით ორივე ვერსია ერთმანეთზე ბნელი და მძიმეა. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ქვეყანას ეს უდიდესი კატასტროფა ავაცილოთ, ვიხსნათ ეკონომიკა სრული ჩამოშლისგან, გადავარჩინოთ დემოკრატია და ჩვენი ევროპული მომავალი. ამისთვის კი საჭიროა, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, კრიტიკულმა მედიამ და საერთაშორისო პარტნიორებმაც სახალხო პროტესტის მაჯისცემა ბოლომდე ვიგრძნოთ და გავითავისოთ, ენერგია და რესურსი კი სრულად და ორგანიზებულად რუსული კანონისა და მისი შემოქმედის - ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მივმართოთ.

საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის კი ბოლოს ერთი რჩევა მაქვს - რეალობა აღიქვან ისეთი, როგორც არის - ამ ტრაექტორიით პროცესის განვითარების შემთხვევაში ქვეყანას, ჩვენ ყველას, ანუ თქვენც - მალე გვეყოლება სანქცირებული მმართველი პოლიტიკური კლასი სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკით. გაიაზრეთ და დაფიქრდით თქვენი ოჯახების პირად პერსპექტივაზე, უფრო ზუსტად უპერსპექტივობაზე ასეთ საქართველოში!


close დახურვა