logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სახელმწიფო ტერორი

02 ივლ 202320:10
3 წუთის საკითხავი
 

ტერორიზმი - ძალადობის სისტემური გამოყენება, მოსახლეობაში შიშისა და შანტაჟის დანერგვით, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მიზნების მისაღწევად. როდესაც იგივე მიზნების მიღწევას, ასეთივე მეთოდებით ხელისუფლება ცდილობს, ამას სახელმწიფო ტერორიზმი ეწოდება. არც ტერმინი და არც მისი განმარტება სიმძაფრის შემოსატანად არ გამომიყენებია. ასე ადვილად არც გამოვიყენებდი ამ სიტყვას, რომ არა ძალადობის მზარდი კასკადი, რომელსაც ბოლო ხანებში ვადევნებთ თვალს და რომელიც სახელმწიფო ტერორიზმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სწორედ სახელმწიფო ტერორიზმის აქტია მიშა მშვილდაძეზე, ლევან ბერძენიშვილზე, ზურა ჯაფარიძეზე, თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა ადამიანებზე ორკესტრირებული თავდასხმები. ასევე სულ რამდენიმე დღის წინ კასპში მოწყობილი ცემა-ტყეპა, რომლისთვისაც სამი მუნიციპალიტეტიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს ადამიანები ნაცმოძრაობის პარტიული ღონისძიების ჩასაშლელად და მის ლიდერებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. ეს სახელმწიფო ტერორიზმია და არამარტო იმიტომ, რომ უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნებიდან წინასწარ ვრცელდება ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველი განცხადებები, არამედ უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, და რაც მთავარია სპეცსამსახურები, არამარტო მფარველობენ - არამედ უშუალოდ მონაწილეობენ იმ ტიპის ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, რომელთა მიზანსაც ხელისუფლების ოპონენტებზე და არასასურველ პირებზე ფიზიკური ძალადობა, მათი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება წარმოადგენს. და თუ ამას სადმე თავდამსხმელი პირის გამოვლენა მოჰყვა, უმეტეს შემთხვევაში ეს ფორმალური ხასიათისაა, ოცნების ხელისუფლება პროპაგანდისტული საშუალებებით, პარტიული აქტივით, საჯარო მოსამსახურეების იძულებით და სოცქსელებში ტროლბოტების ორკესტრირებული აქტივობით მოძალადეების ჰეროიზაციას და ტრადიციული ღირებულებებისა, თუ ეკლესიის დამცველებად მათ წარმოჩენას ცდილობს.

დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლურ ცივილიზაციასთან აშკარა დაპირისპირებაში მყოფი, სახელმწიფო ტერორიზმზე გადასული ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ომს უკვე მაკდონალდსთან ერთად შარლ პეროს წითელქუდას და მის სხვა ზღაპრებსაც უცხადებს, აგონიაში და არსებობის ყველაზე საშიშ, ფინალურ ფაზაშია. თუმცა ეს ავტომატურად სულაც არ ნიშნავს რომ პროცესი სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდება. მეტიც, შესაძლოა საკმაოდ დიდხანსაც კი გაგრძელდეს, თუ საზოგადოება ამ ყველაფერს საცირკო სანახაობად აღიქვამს. არადა სამწუხაროდ ასეა. ჯერ-ჯერობით გვაქვს სურათი, როდესაც მოსახლეობის ნაწილი იმ ძალადობას, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება, როგორც სატელევიზიო შოუს ისე უყურებს და მეტიც, ცივილიზებული ქვეყნის იმიჯის დამანგრეველი კამპანიის საწარმოებლად, მოძალადე ტერორისტად ქცეულ ხელისუფლებას თავსაც აყენებინებს. პარლამენტში რუსეთუმეების ხმებით მოხვედრილმა პოლიტიკურმა რუდიმენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მთავრობას მიმართა რომ "საცემი კიდევ ბევრია". აქ გასაკვირი ის კი არ იყო, რომ მისგან ეს ითქვა. ამაზრზენი სანახავი გახლდათ კიდევ უფრო მეტი სიველურისკენ მოწოდების საპასუხოდ ღარიბაშვილის და მისი მთავრობის წევრების თვითკმაყოფილ ფიზიონომიებზე გადაფენილი ღიმილი და თავის ქნევა. ასეთი მოწოდებები უკვე ყოველდღე გვესმის ოცნების ლიდერების მხრიდანაც, რომლებიც ორგანიზებულ ძალადობას ცინიკურად სამოქალაქო აქტივიზმად ასაღებენ და იმასაც მიგვანიშნებენ, რომ სახელმწიფო ტერორიზმის საბოლოო მიზანი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და განსხვავებული აზრის ჩაკვლაა. ნუ გვაღიზიანებთ, თორემ ტერორს მოგიწყობთ, შეწყვიტეთ წინააღმდეგობა და შეწყდება ძალადობაც, გაჩუმდით და არაფერი მოხდება, გათიშეთ ტელევიზიები და ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება - ეს არის ხელისუფლების გზავნილი, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ტერორისტული აქტების სერია გაგრძელდება და გახშირდება.

რეჟიმის მიზანი გასაგებია, თუმცა აქტიური და პატრიოტი ადამიანების უმრავლესობას ძალადობით ვერ შეაშინებ, ყველას ვერ დაიჭერ, სახლში ვერ გამოკეტავ და ქვეყნიდან ვერ განდევნი. ქმედებას ყოველთვის მოსდევს უკუქმედება, დაპირისპირება ყოველთვის შობს ახალ დაპირისპირებას,  ორგანიზებული ძალადობა კი ბევრად მასშტაბურ არაორგანიზებულ, თვითდინებაზე მიშვებულ ყოვლისწამლეკავ, დაუნდობელ, ძალადობრივ ნაკადად იქცევა.

დროა გამოვფხიზლდეთ! და თუკი ხელისუფლებაში ვინმეს ჯერ კიდევ შერჩა აზროვნების უნარი, ძალადობის ეს კასკადი სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს. ჩვენ უკვე გადავედით სახელმწიფო ტერორიზმის ფაზაში, სადაც დაცული უკვე აღარავინ იქნება, მათ შორის არც ძალადობის ორგანიზატორები, წამქეზებლები, მათი ოჯახის წევრები თუ საერთოდ ნეიტრალური და აპოლიტიკური ადამიანები. ქართულ პოლიტიკას სერიოზული გადატვირთვა სჭირდება, რაც სამართლიანი არჩევნების, ხელისუფლების განახლებისა და თამაშის სრულიად ახალი, ცივილიზებული წესების დამკვიდრების შედეგი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, ხელში ქაოსის შედეგად განულებული სახელმწიფო შეგვრჩება.

ამიტომ, მათ ვისაც საქართველოს ცივილიზებულობის სწამს და ამ ქვეყნისთვის ქვის ხანის - ზიზღზე, ძალადობასა და რეპრესიებზე დამყარებული მომავალი არ ემეტება, და ასეთი მოსახლეობის დიდი უმრავლესობაა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს: შევაკავოთ ჭკუიდან გადასული, ფსიქიკურად შეშლილი, არაადეკვატური ხელისუფლება, რომელიც საკუთარი თავისთვისაც ისეთივე საშიშია, როგორც ქვეყნისთვის. ხოლო ის ხალხი, ვისაც თითქოს ქვეყნისთვის გული შესტკივა, თუმცა შეკავების ნაცვლად ივანიშვილის მთავრობას კიდევ უფრო მეტი ძალადობისკენ უბიძგებს, ისეთივე დამნაშავეა, როგორც ეს რეჟიმი, რომელსაც ტერორიზმი - საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ორგანიზებული სახელმწიფო ტერორიზმის რანგში აჰყავს!


close დახურვა