logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სულელი ან მოღალატე

21 აპრ 202419:50
3 წუთის საკითხავი
 

როდესაც სტრატეგიული ბუნდოვანება ქრება, ყველა კარტი მაგიდაზეა გადაშლილი - ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. ვისაც ჯერ კიდევ გძინავთ - გაიღვიძეთ: ეს უკვე მოხდა საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებით.

ეჭვგარეშეა, რომ დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტები კარგა ხანია ფლობდნენ ინფორმაციას ივანიშვილისა და ქართული ოცნების გადაწყვეტილებების რუსული შინაარსის შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ან ღია თამაშისთვის არ იყვნენ მზად, ან ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ქართული სახელმწიფოს დახმარებას ქვეყანაში შემორჩენილი მწირი დემოკრატიული რესურსით შეძლებდნენ. ამერიკის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის პერსონალური ისტორია ამის საუკეთესო მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ სხვაზე გაცილებით უკეთ ხედავდა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის რუსულ ტრაექტორიას, როგორც ელჩმა ისე გალია საკუთარი უფლებამოსილების ვადა, რომ მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწია ოცნების მისამართით მკვეთრად კრიტიკული განცხადებების კეთება. დღეს, უკვე განსხვავებული სტატუსით მოლაპარაკე დეგნანი, რომელიც არა ამერიკელი პენსიონერი, არამედ შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის მრჩეველია, ღიად აცხადებს, რომ საქართველოში, რუსული დავალების შემსრულებელი კლასიკური ავტორიტარული რეჟიმია, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი ყველა სახელმწიფო ორგანო, პერსპექტივაში, პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩათვლით; ქვეყანა არჩევნების ფაქტობრივი გაუქმებისკენ მიჰყავს და არ არის გამორიცხული კონსტიტუციის ის მუხლი გააუქმოს, რომელიც რეგიონში ერთ დროს დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირის - საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაციის გარანტია.

მეტიც, ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობას რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ უკანასკნელი მათგანის შინაარსზე ვკონცენტრირდეთ, კონკრეტულად კი სიტყვებზე, - რომ "საქართველოში ინიციირებული რუსული კანონი კრემლის შთაგონებულია", - ეს სხვა არაფერია, თუ არა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, რომ საქართველოს მმართველი პარტია კრემლის ინტერესების გამტარებელ რეჟიმად ჩამოყალიბდა.

ანუ, ივანიშვილის ხელისუფლებასთან მიმართებაში წლების განმავლობაში არსებული ბუნდოვანება საბოლოოდ გაიფანტა. დასავლეთი უკვე ერთმანეთისგან მკაფიოდ მიჯნავს ქართველ ხალხს და ოცნების ხელისუფლებას, რომელსაც რუსულ რეჟიმს უწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის თუ ბალტიის ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების მხრიდან გამოხატული პოზიცია არა მხოლოდ შეშფოთება, არამედ ძალიან მკაფიო გაფრთხილება და განგაშის სიგნალია როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე მოსახლეობისთვის.

ამ დიდი პოლიტიკური სურათის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი შემადგენელია, ივანიშვილისა და მისი მარიონეტების რეაგირება დასავლეთის უკიდურესად კრიტიკულ პოზიციაზე. და თუ აქამდე მხოლოდ ამერიკისა და ევროპის ზოგადი დემონიზაციის პროცესი მიმდინარეობდა მის ცალკეულ წარმომადგენლებზე, ევროპალამენტარებსა თუ კონგრესმენებზე თავდასხმით, დღეს ივანიშვილის პროპაგანდის სამიზნედ ამ ქვეყნების პოლიტიკური ინსტიტუტები და მათი პირველი პირები იქცნენ. ისმის პირდაპირი ბრალდებები, თითქოს დასავლეთმა უკვე ორჯერ სცადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და ამაზე საუბრობს არა ქართული ოცნების რომელიმე რიგითი პარლამენტარი, არამედ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი - პრემიერმინისტრი. მეტიც, მთავარი პროპაგანდისტული საშუალებებითა და ოცნების მოლაპარაკე თავების მეშვეობით ივანიშვილი დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მომზადებას აბრალებს, რაც თითქოსდა ქვეყნის ომში ჩასართავად კეთდება.

პროცესის მესამე და დასკვნითი კომპონენტი თავად რუსეთია. საქართველოს გარდა, დღეს, მსოფლიოში არ არსებობს სხვა რომელიმე სახელმწიფო თუ გეოგრაფიული ერთეული, უკრაინაც კი, რომელთან მიმართებაშიც რუსეთის ხელმძღვანელი პირები ასეთი სიხშირითა და მკაფიოობით აკეთებდნენ განცხადებებს. დღე არ გავა, პუტინის უახლოესი გარემოცვის რომელიმე წარმომადგენელმა არ შეაქოს ოცნების ხელისუფლების მცდელობა "დასავლური ჩარევებისგან დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი". მთელ ამ ისტორიაში კი ყველაზე სასაცილო და ტრაგიკული ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებისა და კრემლის წარმომადგენლების არათუ მიზანი, არამედ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შინაარსიც კი ერთმანეთის ზუსტი ასლია: დასავლეთის ვითომდა "კოლონიალური სისტემა გააფთრებით ებრძვის რუსეთს, მის სამეზობლოში ისეთი პატარა ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვითა და შიდა საქმეებში ჩარევით, როგორიც საქართველოა". ამ ტექსტებს რომ ვუსმენ, ჩემი ბავშვობა, პროგრამა "ვრემია" და უკვე კბილებმორყეული საბჭოთა პროპაგანდა მახსენდება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიმწრით დამოუკიდებლობა მოპოვებული საქართველოს ჩემზე ახალგაზრდა ხელისუფლები სიტყვასიტყვით იგივე ტერმინებით იდემაგოგებდნენ.

მთავარი კითხვა: რა შედეგებს მოიტანს სტრატეგიული ბუნდოვანების ხანის დასრულება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის. რუსული კანონის მიღებას გარდაუვალად მოჰყვება დასავლეთის უმკაცრესი ნაბიჯები, მათ შორის სანქციები და საქართველოსთვის უკვე მოცემული რიგი სიკეთეების უკან წაღებაც, რაც ბუნებრივად დაამძიმებს ზოგად ვითარებას ქვეყანაში და სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქართული ოცნების პოზიციებს. თუმცა, მათ მაინც ექნებათ პირადი დანაკარგების შევსებისა და პროპაგანდისტული საშუალებებით საკუთარი თავის უსამართლოდ დაჩაგრულის და მსხვერპლის როლში წარმოჩენის საშუალება. ოცნების ლიდერებმა შესაძლოა ამერიკასა და ევროპაში, მითუმეტეს ჩარტერებით ვეღარ იფრინონ და იქ არსებული ქონებაც დაკარგონ. თუმცა, შავი ფულის სამრეცხაოდ საქართველოს გადაქცევით ფინანსურ კომპენსაციასაც მიიღებენ და დასავლეთს - გლობალური სამხრეთით, ბრაზილიითა თუ ემირატებით ჩაანაცვლებენ, როგორც ეს სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქებმა გააკეთეს.

გაცილებით მნიშვნელოვანია, რა გავლენას მოახდენს სტრატეგიული ბუნდოვანების დასრულება საზოგადოებრივი აზრისა და ჩვენი მოქალაქეების არჩევანზე. მთავარი შედეგი იქნება სრული დელეგიტიმაცია და პოლიტიკური მარგინალიზაცია. ამ თვალსაზრისით, ქართული საზოგადოება პირობითად რამდენიმე სეგმენტად შეგვიძლია დავყოთ: პირველი, ოცნების იდეური მოწინააღმდეგეები, რომელთა პოზიციაც მმართველი პარტიის მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებისადმი მტრული დამოკიდებულების მიმართ ყოველთვის მკვეთრად უარყოფითი იყო და ამ პოზიციას აქტიურადაც გამოხატავდნენ. მათთვის შეიცვლება მხოლოდ ის რომ რწმენაში კიდევ უფრო განმტკიცდებიან.

აი, საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც კლანური ტიპის ოლიგარქიული მმართველობის შედეგებს იმკის, რაც გაძვირებულ ფასებში, სიღარიბის მატებასა და გაუარესებულ ცხოვრებაში გამოიხატება, წლების განმავლობაში საქართველოს ერთადერთი დამხმარე და დონორი დასავლეთიდან ასეთი კრიტიკის შემდეგ, აშკარად უფრო გაღიზიანდება და საპროტესტო სეგმენტის ნაწილს გაცილებით აქტიურადაც შეუერთდება.

თუმცა, მთავარი მაინც ამ პროცესის საზოგადოების იმ, საკმაოდ სოლიდურ ნაწილზე ზემოქმედება იქნება, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულებს და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელებისგან შედგება. ამ სეგმენტის დიდი ნაწილი ხმას ქართულ ოცნებას სტაბილურობისა და სტატუსკვოს შენარჩუნებისთვის აძლევდა. თუმცა, დღეს უკვე გვაქვს სურათი, როდესაც ივანიშვილი დემოკრატიულ, მდიდარ და ძლიერ დასავლეთთან ღია კონფრონტაციით და რაც მთავარია თავად დასავლეთის მხრიდან ბოლოსდაბოლოს მკაფიო განაცხადით, რომ საქართველოს ჰყავს რუსული, კრემლისაგან მართული და შთაგონებული ხელისუფლება, რომელიც რუსული კანონმდებლობით ცდილობს საქართველოში რუსული ტიპის რეჟიმის დამყარებას, ამ სეგმენტის არც ერთ მეტ-ნაკლებად მოაზროვნე წარმომადგენელს ხავსსაც კი აღარ უტოვებს ხელმოსაჭიდად და კონფორმიზმის გასამართლებლად. მეტიც, ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, ამ ხალხს საპროტესტო მოძრაობაში ჩაბმის გარდაუვალი მოტივაციაც უჩნდებათ, რადგან ხედავენ, რომ ცივილიზებული სამყაროსგან, მდიდარი ბაზრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისგან იზოლირებული, შავი ფულის სარეცხ მანქანად გადაქცეული საქართველოს რუსული მომავალი მათი ოჯახებისთვის, ბიზნესისთვის, თუ მთლიანად ქვეყნისთვის სრულიად უპერსპრექტივო გზაა.

ამ ყველაფრის შედეგი კი იქნება ის, რომ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ის კონსტრუქცია, რომელზეც ხელისუფლების ძალაუფლება დღემდე დგას, ანუ საჯარო მოხელეებისა თუ ბიზნესის, ე.წ. აპოლიტიკური სეგმენტის სიჩუმე და მორჩილება, იმ პირობით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა მაინც ევროკავშირისკენ წავა, გარდაუვალ ნგრევას იწყებს. ოცნება კი არა მხოლოდ დელეგიტიმაციის, არამედ სრული მარგინალიზაციის აქტიურ ფაზაში გადადის. იმიტომაც, რომ მხოლოდ იმ ადამიანების იმედად რჩება, რომელთათვისაც დასავლეთი მართლა მტერი, რუსეთი კი მოკავშირე და ევროპის ალტერნატივაა. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი უკიდურესად მცირეა, რაც ხელისუფლების შენარჩუნებას არჩევნების გაყალბებითაც კი შეუძლებელს ხდის.

ყველა დანარჩენი კი, ვისაც დღემდე არ სჯეროდა ქართული ოცნებისა და ივანიშვილის რუსული ბუნების, ან სულელი იყო, ან თავს ისულელებდა, ან საერთოდ ღარ მოვერიდები ამ სიტყვას - მოღალატე. დასავლეთის მხრიდან სტრატეგიული ბუნდოვანების დასრულებამ შუა კატეგორია საერთოდ გააქრო, რადგან ოცნებამ, ბოლო ნაბიჯით, თავის განგებ გასულელების შანსი და სივრცე აღარავის დაუტოვა. ამიტომ, თუ კვლავ მიგაჩნია, რომ რუს ოლიგარქს მაინც ევროპისკენ მივყავართ, ან უკიდეგანოდ სულელი ხარ, ან უბრალოდ საქართველოს ევროპული მომავლის მოღალატე. ამ ორიდან ერთის არჩევის შემთხვევაში ალბათ უფრო სულელი იყო ჯობია... მაგრამ აქაც შეგახსენებთ, რომ შედეგი - მაინც ღალატი გამოდის.


close დახურვა