logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სუსლოვის ღირსეული მემკვიდრეები

14 აპრ 202420:28
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 2024 წლის 14 აპრილს, მაშინ როცა მთავრობა რუსული კანონის ხელახლა მიღებას და რუსული ყაიდის ავტორიტარიზმის გაფორმებას ცდილობს, დაუსვით თავს ერთი მარტივი კითხვა - სად იდგებოდნენ ოცნების დღევანდელი ლიდერები 1978 წლის 14 აპრილს? რას იტყოდნენ? როგორ მოიქცეოდნენ? რა რეაქცია ექნებოდათ მაშინდელ რუსულ კანონზე, ანუ საქართველოს რუსიფიკაციის დასკვნით აქტზე, რომლითაც სტალინის მიერ მოდერნიზებულ იმპერიაში ძალით შეთრეულ, არაერთგზის რეპრესირებულ სსრკ-ში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ქართველებისთვის ქართულად საუბარი და საქმის წარმოება ფორმალური, თუმცა მაინც კონსტიტუციის დონეზე აიკრძალებოდა?

ან, ოცნების, ჯერ კიდევ შემორჩენილი მხარდამჭერები სად დგახართ ახლა, როცა ივანიშვილის მარიონეტი, უმაღლეს დონეზე შეხვედრისას, ქართულად საუბრის აუცილებლობას საერთოდ ვერ ხედავს. იმის იმედად, რომ უცხოეთის აგენტის, გავლენის წარმომადგენლის - ხალხის მტრის თანამედროვე ვერსიის იარლიყით შეზავებულ ანტიდასავლურ, მათ შორის ანტიგერმანულ ისტერიას დიუსელდორფში ნასწავლი და მათ შორის გერმანელებისვე დაფინანსებული კურსების შედეგად დახვეწილი ენით გადაფარავს და გაანეიტრალებს.

ამ პროვინციული ვირეშმაკობიდან სარგებელი, რა თქმა უნდა, არ გამოვიდა და კანცლერმა შოლცმა იმავე გერმანულ ენაზე, გერმანული პირდაპირობით უთხრა ივანიშვილის შიკრიკს, რომ ევროპას მსგავსი კანონი არ აქვს; გერმანიაც და ევროკავშირიც უკიდურესად კრიტიკულად უყურებენ დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად მიმართულ ინიციატივას და იმედი აქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ხელმეორედ ამ შეცდომას არ ჩაიდენს.

მანამდე და მას შემდეგაც ღარიბაშვილი, კალაძე, მდინარაძე ხალხისთვის თვალებში რუსული ნაცრის შეყრას ენთუზიაზმით აგრძელებდნენ, თუმცა უნიჭო დემაგოგიის ჩემპიონატში გამარჯვებული მაინც მდინარაძეა:

"თუ მეგობრები გვეტყვიან, რომ ქართულად აღარ ვილაპარაკოთ და რუსები შეგვაქებენ, კარგია, რომ ქართულად ვლაპარაკობთ, უნდა შევწყვიტოთ თუ გავაგრძელოთ ქართულად ლაპარაკი?"

საერთოდ ნათქვამია, რომ სულელურ პროპაგანდას სულელები არ იგონებენ, სულელებისთვის იგონებენო... რა დონის ფარისევლები და დემაგოგები მართავენ ქვეყანას, როდესაც ჰგონიათ, რომ რუსული კანონის გასამართლებლად მსგავსი შედარებებით შეძლებენ საკუთარი პროპაგანდის ეფექტურობის გაზრდას.

ვინ უნდა აგვიკრძალოს ქართულად საუბარი, ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა? ამ სახელმწიფოების ელჩები უკვე ათწლეულებია ეროვნულ დღესასწაულებს ქართულ ენაზე გვილოცავენ და მნიშვნელოვან განცხადებებსაც ქართულად აკეთებენ. ჩემსავით, მიხეილ სუსლოვი ვინ იყო - შეიძლება არ გახსოვდეთ, მაგრამ უმრავლესობას ის მაინც თუ გახსოვთ - რუსეთის რომელიმე ელჩს საქართველოში ქართულად თუნდაც გამარჯობა წამოსცდენოდეს? მეტიც, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვყავდა რუსეთის ეთნიკურად ქართველი ელჩი, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი, რომელმაც ელჩობის ვადა ისე გალია, ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია ქართულად, არც ოფიციალურ შეხვედრებზე, არც მედიასთან კონტაქტისას. სულ მიკვირდა რატომ? ამით ხომ მეტ კეთილგანწყობას მოიპოვებდა და მოსკოვის პოზიციას უფრო დამაჯერებელს გახდიდა.. მაგრამ არა. იცით რატომ? მოსკოვიდან იყო მკაცრი დირექტივა: - ელჩმა საქართველოში ქართულად არ უნდა ისაუბროს!

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ თუ ვინმე გვეხმარებოდა და გვეხმარება ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებაში, სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაში, ჩვენი უძველესი და უნიკალური ხელნაწერების აღდგენასა და გაციფრულებაში - ეს სწორედ დასავლური ფონდები და მათი გრანტებია.

მაშინ, როდესაც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთი ერჩოდა ქართულ ენას, კრძალავდა ქართულად წერას და საუბარს, შლიდა და კირით ღებავდა ფრესკებს და უძველეს წარწერებს. დღეს, ახლა, საოკუპაციო რეჟიმი გალში ქართულად განათლების მიღებას უკრძალავს ეთნიკურ წმენდას გადარჩენილ ქართველ მოზარდებს, ოკუპირებულ შიდა ქართლში კი ქართულად მოლაპარაკეს არავის ტოვებს. ბოლოსდაბოლოს ცნობილია საბჭოთა პოლიტბიუროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრის, ცეკას იდეოლოგიური მდივნის სუსლოვის დოქტრინა:

"კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ წებო ძალას, თავის თვისებებს დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშაოთ რუსეთის გადარჩენის გეგმა... შორეულ აღმოსავლეთში მომსახურე ჩვენს გენერლებს უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური საშუალება. მათ ჩასასახლებლად გვჭირდება შავი ზღვის სანაპირო ტერიტორია, სადაც, როგორც მოგეხსენებათ ქართველები სახლობენ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან. ადრე თუ გვიან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ.

მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარას და სხვა კუთხეებს უნდა მიეცეს დამოუკიდებლობა, მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის როლი უნდა შევასრულოთ.

პარალელურად ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულები, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც საქართველოს ტერიტორიიდან მათი საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს.

ქართველები სანახევროდ ლიკვიდირებულნი და ასიმილირებულნი უნდა გავხადოთ".

აი, საიდან მოდიოდა და დღესაც მოდის საფრთხე საქართველოსა და ქართველებისთვის... და არა ოცნების მოლაპარაკე თავების დემაგოგია დასავლეთიდან მომავალ ჰიპოთეტურ საფრთხეებზე მინიშნებებით.

სამწუხაროა, რომ 1978 წლის 14 აპრილიდან 46 წლის შემდეგ, მათ შორის იმ მოვლენის მონაწილე თუ არა - შემსწრე თაობისთვისაც გვიწევს იმის შეხსენება, თუ ვინაა ჩვენი მტერი და ვინ ნამდვილი მეგობარი. ასე დაგვხია უკან ქართული ოცნების ქურქში შემოპარებულმა რუსულმა "მეჩტამ".

გვიყურებს ჩვენი ქცევით, უფრო სწორად, უსაქციელობით გაოცებული ევროპა საქართველოსთვის ჯერ კიდევ გაღებული კარით, რომელში შესვლასაც საკუთარი ხელისუფლება რუსული კანონებით, ევროპისავე ლანძღვით და ახალგაზრდების რეპრესიებით და სუსლოვის მემკვიდრეების დირექტივებით აფერხებს. თაობების ნაოცნებარი ევროპის ღია კარი და რიგში მდგომი მეზობელი სომხეთი, რომელიც დასავლეთთან ერთად ქართველების ისტორიულ ვერდიქტს არჩევნებზე ელის.


close დახურვა