როცა უკვე 11 წელია ღარიბ-ღატაკი და პრობლემებით დახუნძლული ქვეყნის უმდიდრესი ხელისუფალი ხარ და მათი მოგვარებისთვის ვერაფერს, ან საერთოდაც არაფერს აკეთებ - პარადიგმას ცვლი, ტრადიციებისა და ეკლესიის თავგამოდებული დამცველი ხდები და დასავლეთიდან ლგბტქ თემის სახით მოვლენილ ვითომდაც საფრთხეს უპირისპირდები; რითაც, უფრო ფართო კონტექსტში, პირდაპირ თანხვედრაში მოდიხარ პუტინის რუსეთთან, რომელიც ამ თემას, უკვე წლებია, ძალაუფლების კონსოლიდაციის ქმედით იარაღად იყენებს.
ოცნება ქვიარ თემის პრობლემებით უკვე არაერთი წელია უნამუსოდ მანიპულირებს საკუთარი პროპაგანდისტული ამოცანების მისაღწევად და იმასაც ახერხებს, რომ პროევროპულ ოპოზიციასთან და სამოქალაქო ჯგუფებთან დაპირისპირების ხაზი სწორედ აქ გაავლოს, ფუნდამენტალისტურ და რუსული ინტერესების გამტარებელ ჯგუფებთან ერთად კი ეფექტური სპექტაკლები დადგას, რომლის სცენარის ავტორიც და შემსრულებელიც თავადაა. შედეგი კი ისაა, რომ ქვიარ თემი ვერ ახერხებს საკუთარი დღის წესრიგის რეალიზებას, უხეშად ილახება მათი უფლებები, ხოლო ჩაშლილი ღონისძიებიდან "მარშუტკებით" ევაკუაცია ყველაზე დიდ მიღწევად წარმოჩინდება.
"ლისის ბრძოლა" რომ სპეცსამსახურებისა და ძალადობრივი ჯგუფების წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული სპექტაკლია, გავრილოვის, მარტის თუ სხვა მოვლენებისას იმავე პოლიციის ქვედანაყოფების მოქმედებითაც დასტურდება, როდესაც სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლითა თუ ცრემლმდენი გაზით საკმაოდ ეფექტურად მოახერხეს ხალხის ბევრად უფრო დიდ ნაკადებთან გამკლავება. არადა პრაიდის ლოკაცია პოლიციასთან კონსულტაციით შეირჩა, უსაფრთხოების გარანტიებიც საჯაროდ გაიცა, არც გაშლილი სივრცე ყოფილა იმ დღის სიურპრიზი, მაგრამ მოხდა ის, რაც ყველამ ვნახეთ და მოახლოებული არჩევნების ფონზე პროგნოზირებადი იყო. სამწუხაროდ, ღონისძიების ორგანიზატორები და თემის წევრები კვლავ ხაფანგში აღმოჩნდნენ, ჩვენ კი მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ აქ ცივილიზებული თანაცხოვრების ელემენტარული წესები არ მოქმედებს, საქართველო არათუ დასავლური, საერთოდ სახელმწიფოც აღარ არის, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები ფარატინა ქაღალდია, ძალადობრივი ჯგუფები კი, თითქოს, ამ საზოგადოების დომინანტური ნაწილი, რომელთა ნება-სურვილის გარეშეც ქვეყანაში არაფერი ხდება.
ყველგან, მათ შორის დასავლურ საზოგადოებებშიც არიან ექსტრემისტულ-იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი რადიკალური ჯგუფები, რომლებიც კანონის მიღმა გადიან და ძალადობას მიმართავენ. სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხალხთან ანგარიშვალდებული ხელისუფლების პირობებში, ასეთ ჯგუფებს კანონი თავის ადგილს უჩენს, შედეგად დანაშაულის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება. საქართველოს შემთხვევაში კი ეს ჯგუფები არა ტრადიციული, თუ ულტრა-კონსერვატორული ღირებულებების დამცველები, არამედ უკეთეს შემთხვევაში უმეტესად ხელისუფლების გაგრძელება, უარეს შემთხვევაში კი პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების ინსტრუქციების შემსრულებლებად გვევლინებიან. აქ ღირებულებითი კოლიზია კი არ არის პრობლემა, არამედ ხელისუფლების ფარისევლობა, რომელიც ხელოვნურად ირგებს იმ იდეოლოგიურ ნიღაბს, რომლისგანაც ფორმით და შინაარსით ყველაზე შორს დგას. ბიძინას ოცნება, ამ თვალსაზრისითაც, ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე თვალთმაქცი და თავხედურად ყალბი ხელისუფლება, რადგან, როდესაც თავს ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების დამცველად ასაღებ, ასკეტურობით შეიძლება არ გამოირჩეოდე, მაგრამ საჯარო პოლიტიკის ყველა ასპექტში ამ ღირებულებებს ასხივებდე.
არადა ეს ადამიანები, საკუთარი ცხოვრების წესითა და მოქმედების სტილით კონსერვატორული პრინციპებისგან გაცილებით შორს დგანან, ვიდრე ულტრა-ლიბერალებად და აგენტებად შერაცხილი ოპოზიციური თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც საკუთარი ხედვების სადემონსტრაციოდ უფრო ხშირად ციტირებენ ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას, თუ ქართული იდენტობის განმსაზღვრელ სხვა მოღვაწეთა ნააზრევს, ვიდრე ხელისუფლების მოლაპარაკე თავები, რომლებიც დუგინის იდეოლოგიის გამავრცელებლებად უფრო ირჯებიან, ვიდრე ქართული ღირებულებების.
ქრისტიანული პატიოსნებაც უცნაურად აქვთ ინტერპრეტირებული: სახეზე გვაქვს კორუფციის აქამდე არნახული მასშტაბები, რაზეც ოცნების ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების კოსმოსური სისწრაფით მზარდი ქონება მეტყველებს. საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ასეთ ფუფუნებაში არ უცხოვრია, ეს იმ ფონზე, როდესაც არცერთი ხელისუფლების დროს ამდენი ადამიანი არ გაქცეულა საქართველოდან გაჭირვებისა თუ პერსპექტივის არქონის გამო. მმართველი ძალა იქცა ცილისწამებისა და ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბის მანქანად, სადაც ოპონენტების არასრულწლოვანი შვილებიც კი სამიზნეებად არიან ქცეული, ბოლო ამაზრზენი მაგალითია ჩემი კოლეგის, ელისო ჯარიაშვილის გოგონას ისტორია და მასზე სისტემის ნულოვანი რეაქცია.
ბევრი ერთნაბიჯიანი სიყალბის მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითად: პრემიერი ლგბტქ+ პროპაგანდის უკიდურესად გაზვიადებულ საფრთხეებზე ლამის ყოველდღე საუბრობს, პარალელურად საკუთარ შვილს სექსუალური უმცირესობების მიმართ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ უნივერსიტეტში აგზავნის. ოცნების გენერალური მდივანი კალაძე კი, რომელიც თავს ლამის "ჩოხოსნად" წარმოგვიდგენს, რეალურად იმავე სექსუალური უმცირესობების მიერ შექმნილი მოდის ბოლო ტენდენციების ბრენდ-ამბასადორია სხვათა შორის არამარტო ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში.
და ბოლოს, რაც შეეხება 8 ივლისს და მორიგ, ყოველწლიურ ცირკს, რომელიც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება, ჩვენს პოლიციას მინდა ვურჩიო: ნურც თავს იწვალებენ და ჩვენც ნუ დაგვტანჯეს. გაიხადონ ჩვენი გადასახადით შეძენილი, კონსტიტუციისა და ადამიანის ღირსების დაცვისთვის შეკერილი მუნდირები. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი: ბიძინას და მოსკოვის პატრიარქიის საქართველოში უკვე ირანული მოდელის "მორალის პოლიცია" მოქმედებს. ეს ის ხალხია დედაქალაქის ცენტრში, შავი სამოსით რომ დაძრწიან და "მათი მორალის კანონების" აღსრულებას დაუსჯელად ეწევიან. თუმცა, ირანი ამ მხრივ უფრო "მოწესრიგებული" და გულწრფელია - "მორალის პოლიცია" ოფიციალური სტრუქტურაა და ფორმალური საკანონმდებლო ჩარჩო მაინც ახდენს მისი მოქმედების რეგლამენტირებას. ირანული მორალის პოლიციის ქართული ვერსია - რუსული კაგებეს და "ბეზპრიდელშინის" პირმშო ზომბია. ადგილობრივ სუს-საც და პოლიციასაც "რუსკი მირის" შენების ინსტრუმენტებად თუ იამხანაგებს და ყველა ერთად, ქვეყნის კონსტიტუციასა და ევროპულ მომავალს თავზე გვამხობს.
სიყალბესა და ფარისევლობას კი ყველაზე უკეთ, შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ხალხი გრძნობს. ქართველი ხალხი, რომელიც გულწრფელია ქვეყნის სიყვარულში და ღალატის რეალური მასშტაბის გააზრების შემდეგ, მათ, ვინც უკრაინისა და ევროკავშირის დროშებს წვავს და სანაცვლოდ ამ ქვეყნის ყველაზე ვერაგი მტრის ტრიკოლორს ეთაყვანება, მწარე ისტორიულ განაჩენს გამოუტანს. თუმცა ეს შედეგი სპონტანურად ვერ დადგება და სამოქალაქო ძალისხმევის - ორგანიზებულ ძალად ქცევა ჭირდება. ფარისევლობის აღლუმებიც აქ დამთავრდება.