logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ქართული ოცნების რუსული პრობლემა

26 აპრ 202321:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/26/vme7ptstyg2qpbw.jpg

საქართველოს ხელისუფლების გეგმა - მშვიდობის მაღალი ლეგიტიმაციით დასავლეთის დისკრედიტაცია მოეხდინა, პირწმინდად ჩავარდა. IRI-ის ბოლო კვლევა გვიჩვენებს, რომ პროპაგანდამ - "თუ ვირჩევთ დასავლეთს, ვირჩევთ ომს ანუ მეორე ფრონტს" - არა მხოლოდ არ იმუშავა, არამედ საპირისპირო ეფექტი მოახდინა და კამპანიის ავტორების, ანუ ქართული ოცნების რეიტინგის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა გამოიწვია.

ამ ყველაფერს ერთი ძალიან მარტივი მიზეზი აქვს. პირველად საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის უმრავლესობამ ირწმუნა და გაიაზრა, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა არა საზოგადოების დაკვეთის შესაბამისი, ანუ პროდასავლური, არამედ პრორუსულია. ქვეყანას კი რუსი ოლიგარქის რუსული ხელისუფლება მართავს. ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის კი რუსული ყველაფერი მიუღებელია.

მიუღებელია რუსული კანონი, რუსეთის მოქალაქეების ამ ქვეყანაში დიდი დოზით შემოდინება; მათთვის უძრავი ქონების შეძენის, თუ ბიზნესის წარმოების უფლება; რუსული ეკონომიკაც ისევე საშიშია, როგორც რუსული სახელმწიფო; რუსეთთან დგომა კი მორალურად უკიდურესად სამარცხვინო. რაც მთავარია, რუსეთის უძლეველობის მითი უკრაინაში ყოველდღიურ რეჟიმში იმსხვრევა; რუსეთის მარცხი კი მხოლოდ დროის საკითხია. ხალხი მიხვდა, რომ მიუღებელია ქართული, უფრო სწორად რუსული ოცნების შემოსაღებული რუსული მშვიდობაც, რომელიც უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხალხს მშვიდობა არ სურს, ან რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ჯეროვნად არ აფასებს, პირიქით. თუმცა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის გაერთიანებულმა ძალისხმევამ, მათ შორის ქართული ოცნების აბსურდამდე მისული პროპაგანდის დახმარებით - შედეგი გამოიღო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ოცნების შემოგდებული ფორმულა - დასავლეთი ან მშვიდობა - უბრალოდ ყალბი დილემაა. მეტიც, ნატო და ევროკავშირი მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, არამედ მათში გაწევრიანებაა მშვიდობის ერთადერთი გარანტი და თუ ამ ამოცანის მიღწევა უახლოეს წარსულში შეუძლებლად მოჩანდა, დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სრულიად რეალურია. შედეგად, ხელისუფლების აქტიურმა პროპაგანდამ, რომ თითქოს ევროპა ომში ჩათრევას ნიშნავს, ევროკავშირის მხარდაჭერა კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა და ისტორიულ მაქსიმუმამდე აიყვანა.

როდესაც გამოკითხულთა 90%-ს ევროკავშირის, ხოლო 80%-ს - ნატოს წევრობა სურს, შეუძლებელია, სახელმწიფო კიდევ დიდხანს მართოს რუსულმა რეჟიმმა, რომელსაც მხოლოდ 19-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და რომელიც ქვეყანას, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, რუსულ ჭაობში ექაჩება. ცხადია, ივანიშვილისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა ოპოზიციას საზეიმო ჯერ მაინც არაფერი აქვს, შამპანურების გახსნა კი ძალიან ადრეა: კვლევა გვიჩვენებს, რომ არჩევნები ხვალ რომ ჩატარდეს, 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ნაცმოძრაობის გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებს დამოუკიდებლად, ბარიერის ზღვარზე მოუწევთ თამაში.

დღეისათვის ფაქტობრივი გარემოება კი ასეთია: კვლევამ ასახა არა ოცნების მეორადი, რუსული პიარსტრატეგიის - არამედ ივანიშვილის პოლიტიკის მარცხი. დღეს ქვეყნის უმრავლესობას ცოტა რესურსით, მართავს საგარეო და საშინაო ლეგიტიმაციას მოკლებული მცირე ჯგუფი - ბევრი რესურსით. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ახლა მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეა, რომ არ განმეორდეს ის, რაც 2020 წელს მოხდა.

მან უნდა იპოვოს ოპტიმალური პასუხი კითხვაზე: როგორი უნდა იყოს საერთო და ინდივიდუალური პარტიული სტრატეგია, რომ პოლიტიკურად გაბანკროტებულმა უმცირესობამ ქვეყნის მძევლად ყოლა ვეღარ შეძლოს.


close დახურვა