logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ღალატში გაძალიანება

18 დეკ 202219:59
3 წუთის საკითხავი
 

ისტორიული სამართლიანობა ჯერ არ აღმდგარა... მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ისტორიამ ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებით დაიწყო დენა.

აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ დინების მიმართულება თავისით არ შეცვლილა და უკრაინელების თავგანწირვის და უზარმაზარი მსხვერპლის ფასი აქვს.

თავგანწირვა და გმირობა 2008-ში და მანამდეც არც ქართველებს დაგვიკლია, მაგრამ მარტონი ვერაფერს გავხდით. თითქოს სრულიად ცხადი დანაშაული - სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრა, ოკუპაცია და შემდეგ ანექსია სადავო გახდა. ბუნდოვანების და ჩუმი კონსენსუსის საგნად იქცა.

ამიტომაც შეგვიძლია და უნდა ვუწოდოთ კიდეც ჰააგის სასამართლოს 16 დეკემბრის გადაწყვეტილებას გამარჯვება და აქვე ისიც შევახსენოთ საკუთარ თავს და ქვეყანას, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს, საქართველოს მთლიანობა აღსადგენია და ამ მიზნისკენ სვლა რთული წარმოსადგენია, თუ წარმოუდგენელი არა, იმ ადამიანების და ხელისუფლების პირობებში, რომლის მთავარი პროპაგანდისტული გზავნილიც, წლების განმავლობაში, ომში საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელების დადანაშაულება იყო და არის.

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ 2008 წლის ომის გამოძიება დაასრულა. ბრალი წარედგინა საოკუპაციო რეჟიმის სამ და რუსეთის ერთ წარმომადგენელს. საქართველოს მხრიდან ყველა გამართლდა. დადასტურდა, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკურ ნიადაგზე, რასაც მასშტაბური ხასიათი ჰქონდა.

ამ გადაწყვეტილებით ჰააგის სასამართლომ საბოლოდ დაუსვა წერტილი კრემლისა და ქართული ოცნების სინქრონიზებულ პროპაგანდას, რომ 2008 წლის ომში რუსეთისა და სეპარატისტების გარდა თითქოს კიდევ ვინმე იყო დამნაშავე. ასევე დაინგრა ყველა პროპაგანდისტული არგუმენტი, რომელიც  საქართველოს მხრიდან ომის დაწყებას, მძინარე ცხინვალის დაბომბვას, 2 ათასი მშვიდობიანი მაცხოვრებლის დახოცვას, კასეტური ბომბების გამოყენებას და 560 რუსი სამშვიდობოს ამოწყვეტას შეეხებოდა. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ ეს იყო სრულ სიცრუეზე დაფუძნებული რუსული დეზინფორმაცია, რითაც მოსკოვი საქართველოზე თავდასხმას ამართლებდა, რამაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია და მათ ერთიანობაში ბზარი შეიტანა და რასაც ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად იყენებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის წინააღმდეგ საარჩევნო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

გარდა მითების დამსხვრევისა, ჰააგის ვერდიქტს უდიდესი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ის საქართველოს სასარგებლოდ აკორექტირებს ტალიავინის დასკვნას და სრულად აბათილებს რუსეთის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომი ე.წ. “მშვიდობისკენ იძულების” ოპერაცია იყო და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება  იქ მცხოვრები ადამიანების ,,აგრესიული თბილისისგან” დაცვის და გადარჩენის ინტერესებში შედიოდა. ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გვიჩნდება დამატებითი სამართლებრივი საფუძველი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინის ომის ფონზე, წამოვიწყოთ ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის მიზანიც რუსეთის მხრიდან 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულება, აღიარებების უკან წაღება, 7 აგვისტოს სტატუსკვოს აღდგენა და საბოლოოდ ქვეყნის სრული დეოკუპაციაა.

არადა სერიოზული რისკი არსებობდა იმისა, რომ რუსეთისა და რაც მთავარია საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, ჰააგის სასამართლოს ქართველი სამხედროები დამნაშავედ ეცნო. 2015 წელს ეს საქმე გამოსაძიებლად თავად საქართველოს ხელისუფლებამ გადასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. კრემლის დავალება და ივანიშვილის ინტერესი და ამოცანა დიდი ალბათობით იყო კიდეც ქართველი მეთაურების სამხედრო დანაშაულებში მხილება და მათი საშუალებით უკვე მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი ბრალეულობის დადასტურება, რაც უდიდესი დარტყმა იქნებოდა ქართული სახელმწიფოსთვის.  საბედნიეროდ ყველაფერი პირიქით მოხდა. ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველ სამხედროებს ომის ყველა ეტაპზე ჰქონდათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ბრძანება და ისინი მას პირუთვნელად ასრულებდნენ.

უკლებლივ ყველამ, ვინც რუსების დავალებით, ან სააკაშვილის სიძულვილით, ან ხელისუფლების ხელში აღების სურვილით 2008 წლის ომის ინსპირატორობის ბრალში თანამონაწილედ ქვეყნის მთავარსარდალი დაასახელა და ამაზე ააგო კამპანია და შექმნა საფრთხე, რომ აგრესორად საქართველოს ცენტრალური მთავრობის გამოყვანით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევისთვის საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამუდამოდ დაეკარგა - ნებსით თუ უნებლიედ საქართველოს უღალატა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჰააგაში სასტიკად დამარცხდა, ივანიშვილის ხელისუფლება კვლავაც მიყვება პუტინისადმი მაამებლობის ხაზს. საპატიმროში გამომწყვდეულ, ჯანმრმთელობაშერყეულ პრეზიდენტ სააკაშვილისადმი ასეთი დისკრიმინაციული და ცინიკური დამოკიდებულებაც ამ პოლიტიკის გაგრძელებაა.

დღეს საქართველოს წარმოადგენს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის მიერ დაწერილი წიგნის ციტატები, როგორც საქართველოს აგრესორობის  მტკიცებულება, ჰააგაში რუსული მხარის საქაღალდეს ავსებდა, ხოლო პრემიერად გვყავს კაცი, რომლის პატრონის პირველი საჯარო გამოჩენაც კონფლიქტის გამჩაღებლად საკუთარი ქვეყნის მეთაურის და შესაბამისად ქვეყნის დადანაშაულებით აღინიშნა

თვალი მოვკარი, ვიღაცეები გუშინ დიდ ზეიმს თუ არა სიხარულისა და კმაყოფილების გამოხატვას ელოდნენ მოქმედი პრეზიდენტისა და პრემიერისგან ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. ჯერ-ჯერობით ვერაფერი მოვისმინეთ. თუმცა ხანდახან ლაპარაკს სიჩუმე ჯობია და ალბათ ძალიან გაგვიმართლა კიდეც, რომ ახლა ირაკლი კობახიძის ბრიფინგს არ ვუყურებთ იმის შესახებ, რომ  ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ომის პარტიის აგენტებითაა სავსე და რომ მათ გადაწყვეტილებებს ჩალის ფასი აქვს.

აი, ვის სიტყვებს ქონია ჩალის ფასი - ჰააგამ დაგვანახა ჩვენც და მთელს მსოფლიოსაც. ისტორია იმასაც მალე გვაჩვენებს, რომ ღალატს მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოეტანა ქვეყნისთვის და აუცილებლად მოუტანს იმ სახელებითა გვარებით ქართველებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ თანმიმდევრულ ღალატში გაძალიანდებიან.


close დახურვა