logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ღირსების შიმშილი

10 ნოე 202121:13
3 წუთის საკითხავი
 

სიმართლე გითხრათ - მიკვირს, რომ ჯერ კიდევ პირდაპირ ეთერში გესაუბრებით. ოცნების მიერ აკრეფილი ტემპის და მიმართულების გათვალისწინებით, ჟანრის კანონი მოითხოვს, რომ ჟურნალისტებსა და მედიაზე მხოლოდ ქუჩაში ძალადობით არ შემოიფარგლონ.

ნოემბრის დღეებისა და მათ შორის დღევანდელი სასამართლო პროცესის ფორმალური საფუძველი, ცხადია, გვახსენებს ტელევიზიის დარბევასაც და ქუჩაში ძალადობასაც. თავისთავად ის ფაქტი, რომ 14 წელია გასული და აქედან ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელზე მეტი საკმარისი არ აღმოჩნდა საქმის დასასრულებლად, ნათლად მეტყველებს, რომ სინამდვილეში დაზარალებულები არავის აინტერესებს და 7 ნოემბერი ოცნებას და მის ლიდერს მხოლოდ პოლიტიკის მანიპულაციისთვის სჭირდებოდა და სჭირდება. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, როგორ გულშემატკივრობდა, აქეზებდა და აფინანსებდა პირადად ივანიშვილი იმედისა და მისი მფლობელის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას, არც იმაზე, 14 წლის წინ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების შემოქმედები რომ დღეს ამავე სისტემის წამყვანი ფიგურები არიან და სააკაშვილს ასამართლებენ. მხოლოდ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

მე და ჩემი კოლეგები ეჭვქვეშ არ ვაყენებდით სახელმწიფო კორუფციისა და კრიმინალური განუკითხაობის ჭაობში ჩაძირული სისტემის ძირეული ტრანსფორმაციის საჭიროებას. ჩვენი კრიტიკის საფუძველი კანონის გვერდის ავლით, ხშირ შემთხვევაში ღირსების შემლახველი მოქმედებები გახდა. ანუ მოპყრობის ფორმები, რომლითაც თუნდაც დანაშაულში მხილებულ ადამიანებს იჭერდნენ და აკავებდნენ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ძირითადად აქედან დაიწყო კიდეც ჩვენი კონფლიქტი.

მაშინ ღირსების შელახვა კრიმინალების და კორუმპირებული კლასის დაშინებაზე იყო მიმართული, ახლა ღირსების შელახვა კრიმინალების და ახლადკორუმპირებულებისთვის ხარკის გადახდას ემსახურება. ცხადია, ეს ძველ ქცევას არ ამართლებს, თუმცა მოტივის მხრივ სურათს შეუდარებლად მძიმეს და მოუთმენელს ხდის.

"მიშა მშიშარაა და ვერ ჩამოვა" - არჩევნებამდე თითქმის ყოველ დღე გვესმოდა ეს ფრაზები. ივანიშვილიც იმედოვნებდა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერი არც საქართველოში ჩამომსვლელი იყო და არც საპატიმროში წამსვლელი, თავად კი თითქოს წაუგებელს თამაშობდა: სააკაშვილის მხრიდან დანაპირების კიდევ ერთხელ შეუსრულებლობა მას, როგორც პოლიტიკოსს, დაასუსტებდა, მხარდამჭერებში რეპუტაციას შეულახავდა და პარტიაში გავლენას შეუსუსტებდა, პოლიტიკურ საფრთხობელად კი მის გამოყენებას ოცნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეძლებდა.

ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც ტრუსკავეცის ნაცვლად, სააკაშვილმა ბათუმში გადაღებული ვიდეო ატვირთა. ჩამოვიდა კიდეც, ციხეშიც ჩაჯდა, არც მშიშარა აღმოჩნდა, ვერც გატეხეს, ვერც აცდუნეს და რაც მთავარია 41, დღეს უკვე სიმბოლურად 41-დღიანი შიმშილობით, ქართული ოცნების ნამდვილი სახე, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას ახლო ხედით აჩვენა.

სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის განადგურება, თუ არა სერიოზულად დასუსტება, ყოველთვის იყო ივანიშვილის მთავარი ამოცანა და ამ მისიას ემსახურებოდა ოცნების თითქმის ყველა ნაბიჯი. თუმცა დღეს საწინააღმდეგო რამ ხდება: რაც უფრო სუსტდება სააკაშვილის სხეული შიმშილობის შედეგად, და რაც უფრო უსამართლოდ, ღირსების შემლახავად და ცინიკურად ექცევა მას ხელისუფლება, მით მეტი ადამიანი თანაუგრძნობს და ძლიერდება როგორც პოლიტიკისო.

რატომ აკეთებს ამას ოცნება და, საერთოდ, რაში მდგომარეობს ხელისუფლების გეგმა? არ მგონია რომ ივანიშვილს მისი ფიზიკური განადგურება სურდეს, რადგან ძნელი წარმოსადგენია მას და მის გარემოცვას არ ესმოდეს თუ რას ნიშნავს ციხეში გარდაცვლილი პრეზიდენტი. მიუხედავად მიზეზებისა, ამას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მათ არავინ არასოდეს აპატიებს.

როგორც ჩანს, ივანიშვილის ამოცანა სააკაშვილის არა იმდენად სიკვდილი, არამედ ფიზიკურად ისე დასუსტება, რომ არაქმედუნარიანად აქციოს. მილიარდერს სურს, რომ ხანგრძლივი შიმშილობით პრეზიდენტის ორგანიზმს და, პირველ რიგში, მის სააზროვნო სისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს: მოკლას მისი ინტელექტი, ენერგია, შეზღუდოს შესაძლებლობები და აქციოს სხივჩამქრალ ადამიანად, რომელიც ძველი მიშას აჩრდილიც აღარ იქნება, რაც მისი პიროვნული ტრაგედიის გარდა - მხარდამჭერების მორალურ განადგურებას, დემოტივირებას და სრულ ფრუსტრაციას გამოიწვევს. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხელისუფლების ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება. იმ ბინძური პროპაგანდით კი, რომ თურმე პატიმარი კი არ შიმშილობს, საზოგადოებას ატყუებს და თაფლსა და ფაფებს მიირთმევს, თავად სააკაშვილი აიძულეს შიმშილობის უფრო მკაცრი ფორმებისთვის მიემართა, რამაც გამოუსწორებელი ზიანის რისკები საგრძნობლად გაზარდა.

მესამე პრეზიდენტმა უკვე ყველას დაუმტკიცა, რომ ის ბევრზე გამბედავიც არის, გამძლეც, მიზანმიმართულიც, პოლიტიკური ალღოც შეუდარებელი აქვს და ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რაშიც მოწინააღმდეგეებს თავი რომ დავანებოთ, მის ერთგულ მომხრეებსაც კი ეჭვი ეპარებოდათ. ხელისუფლების მხრიდან შეურაცხყოფით, დაცინვითა და დამცირებით ის კიდევ უფრო გაძლიერდა და ივანიშვილსა და რეჟიმს ნიღაბი ბოლომდე ჩამოხსნა. თუმცა მეტი შიმშილობა, რაც მის გონებასა და სხეულს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, უბრალოდ, აღარ ღირს არც პოლიტიკური ამოცანისთვის და არც ხელისუფლების მეტად გაშიშვლებისთვის.

დღეს ვითარება იმ წერტილთან არის მისული, საიდანაც უკან მობრუნება ჯერ კიდევ შეიძლება, ხვალ შეიძლება გვიან იყოს, რითაც მხოლოდ ივანიშვილი და მასზე მაღლა მდგომი ვლადიმირ პუტინი იხეირებენ. ეს უკანასკნელი კი არც სააკაშვილის ფიზიკურ სიკვდილზე იტყვის უარს, რითაც ფერადი რევოლუციების მთავარ ინსპირატორს, ეროვნებით ქართველებისვე ხელით სამაგალითოდ დასჯის, ქართულ სახელმწიფოს კი მორიგ ქაოსში გადაისვრის.

სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. მისი მხრიდან ეს იქნება ყველაზე მართებული და პასუხისმგებლობით სავსე ნაბიჯი, რაც ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსის რეალურ საფრთხეს აარიდებს. მართალია, ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების ვალი და პრეროგატივაა, თუმცა იმის მოლოდინი, რომ უპასუხისმგებლო და უღირსი მთავრობა ხვალ პასუხისმგებლიან და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს, უბრალოდ თავის მოტყუებაა. მიშას და ელენეს შიმშილობამ გვაჩვენა, ყველაზე დიდი პრობლემა ოცნების შემთხვევაში არა იმდენად ინტელექტის, რამდენადაც ღირსების და ქვეყნის სიყვარულის დეფიციტი და შიმშილია!


close დახურვა