logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ცივილიზაცია VS ანტი-ცივილიზაცია

01 ნოე 202321:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/01/24it2alh4i5rfgq.jpg

"ყველაფერში დამნაშავე ამერიკა და დასავლეთია, ცივილიზაციათა ომში რუსეთი და მისი მოკავშირეები გაიმარჯვებენ", - იმეორებს პუტინი. ამ გზავნილის ოდნავ სახეცვლილი ექო უმალ გაისმა არაერთ ანტი-ისრაელურ მიტინგზეც, რომ სიონისტები: ისრაელი, ამერიკა და ნატო დამარცხდებიან და მათზე აუცილებლად ისლამი გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, ეს ფრაზები გუშინ საქართველოში, არცთუ მრავალრიცხოვან, მაგრამ მაინც გამართულ აქციაზეც ისმოდა.

სინამდვილეში, ეს არა ცივილიზაციებს შორის კონფლიქტი, როგორც რუსეთის პრეზიდენტს სურს წარმოაჩინოს, არამედ ცივილიზაციასთან კონფლიქტია! ანუ დაპირისპირებაა, ერთი მხრივ, ცივილიზაციისა და კულტურის, მეორე მხრივ კი, გამოქვაბულსა და სიველურეს შორის. რადგან იმას, რაც ჰამასმა ისრაელის კიბუცებში ჩაიდინა, არც ისლამთან, არც ქრისტიანობასთან და არც სხვა რომელიმე ტრადიციულ რელიგიასთან, მითუმეტეს, მათ წიაღში წარმოშობილ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ცივილიზაციასა და ანტი-ცივილიზაციას შორის კონფლიქტი, სადაც ცივილიზაცია, აქეთ მყოფი მთელი სამყარო და ანტი-ცივილიზაცია - ჰამასი, პუტინის რუსეთი, ირანის მმართველი ელიტა თუ სხვა მათთან კავშირში მყოფი ტერორისტული წარმონაქმნებია.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც შავი და თეთრი ისე აშკარაა, როგორც არასდროს. და თითქოს წარმოუდგენელია, რომ განსხვავებული აზრები არსებობდეს, ან საერთოდ კითხვა ისმებოდეს იმაზე, თუ რომელ მხარეს უნდა იყოს საქართველო. თუმცა, სამწუხაროდ, ასე მარტივად არ გვაქვს საქმე, რადგან საქართველოშიც, სულ უფრო ხშირად, სიველურის ჟინი ჭარბობს ცივილიზაციას, კულტურული და ცივილიზაციური აღვირი კი თითქოს უხილავი, სინამდვილეში კარგად ხილული ხელის მიერ საკმაოდ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს ახსნილი. მეტიც, ჩვენ ამ გლობალური ცივილიზაცია-ანტი-ცივილიზაციური დაპირისპირების ლოკალური ფრონტის ნაწილი ვართ, სადაც, მაჰაჩყალაშიც და თბილისშიც, რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული ძალადობრივი ჯგუფები ანალოგიური სცენარითა და სქემებით მოქმედებენ.

სამწუხაროდ, ამ კადრებში არაერთ მსგავსებას იპოვით…

მაჰაჩყალის აეროპორტში რამდენიმე ასეული გავეშებული არსება ისრაელიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეღწევას და ებრაელების განადგურებას ლამობდა, მაშინ, როდესაც იგივენი დუმან პუტინის მიერ დაღესტნის ახალგაზრდობის უკრაინის ომში მონებივით წასხმით, მიზანმიმართული გენოციდის მოწყობაზე. დაღესტნელები, ბურიატებთან ერთად, პუტინის სასაკლაოზე დასაღუპად განწირული ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია. თვეების წინ საპროტესტოდ მხოლოდ ქალები გავიდნენ და როდესაც როსგვარდიამ ისინი სასტიკად დაარბია, ამ კაცებს, რომლებიც ებრაელებზე სანადიროდ გამოვარდნენ, საკუთარი ცოლებისა და დედების, შვილებისა თუ, ბოლოსდაბოლოს, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მსგავსი ენთუზიაზმი და მითუმეტეს ველური აგრესია არ გამოუვლენიათ.

სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოშიც: ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშაა, მცოცავი ოკუპაცია არ ჩერდება, შედეგად, უკვე ბათუმის ზომის ტერიტორია დავკარგეთ; ყოველდღიურად იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს; ტაძრები რომ არ დაგვიკეტონ, ქართველი მღვდლები დამპყრობლებს თბილად მასპინძლობენ, ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობა, ოცნების ჩინოვნიკები ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდებიან; მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურა დრამატულად იცვლება: სახელმწიფოს ტოვებს მოქალაქეების ყველაზე შრომისუნარიანი, აქტიური და პროდუქტიული ნაწილი, მათი ჩანაცვლება რუსეთის მოქალაქეებით ხდება; ამ თუ სხვა რეალურ პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლება ექსტრემისტული ჯგუფების მეშვეობით, ვითომდა ქართველობის, ეკლესიისა და ტრადიციებს დაცვის ეგიდით, გამოგონილ საფრთხეებს დასდევს და უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ძალადობრივი მეთოდებით უპირისპირდება.

ამიტომაც, ანტისემიტიზმს ვუპირისპირდებით, თუ ჰოლოკოსტის ნაკვერჩხალს ვაღვივებთ, ცივილიზაციისკენ ვართ თუ ანტი-ცივილიზაციისკენ - ჩვენთვის არა ზოგადი და ფილოსოფიური, არამედ კონკრეტული და ყოველდღიურობაზე, ჩვენს უსაფრთხოებასა და ცხოვრების წესზე ფუნდამენტური გავლენის მომხდენი არჩევანია. ანტი-ცივილიზაციაა ალტ-ინფოს ძალადობრივი ჯგუფები, ანუ ქართული ჰამასი, რომელსაც თავისი მსხვერპლი უკვე ჰყავს და თუ ეს მსხვერპლი დღემდე უფრო დიდი არაა, მხოლოდ შემთხვევითობის და სამსხვერპლოდ შერჩეული ჯგუფების გარიდების შედეგია, მათი მეშვეობით დღეს ოცნების ხელისუფლება და მისი მბრძანებელი მოსკოვი ოპერირებს და რუსულ პოლიტიკას ატარებს. ცივილიზაცია კი პასუხისმგებლობის მქონე, ეროვნული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაზე მზრუნველი პროდასავლური საზოგადოებაა, რომელიც ერთადერთ ხიდს წარმოადგენს საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და თავისუფალ სამყაროს შორის. ამ საზოგადოების მიერ საფრთხის მასშტაბის გააზრებასა და კონსოლიდირებაზე იქნება დამოკიდებული - საქართველოში ცივილიზაცია გაიმარჯვებს, თუ ანტი-ცივილიზაცია!


close დახურვა