logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ხალხის უძალობა ოცნების ნაცვლად

26 ოქტ 202220:50
3 წუთის საკითხავი
 

ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება… ტრადიციების პატივისცემით გამორჩეულ, ძირძველ ქრისტიანულ სახელმწიფოს ფერადკანიანი და მეტიც - არაქრისტიანი მმართველი ჰყავს. ინდოელი ემიგრანტების ინდუსმა შვილმა რიში სუნაკმა, რომელმაც საპარლამენტო ფიცი არა ბიბლიაზე, არამედ ინდუისტურ წმინდა წიგნ “ბჰაგავად-გიტაზე” დადო, ჯერ კონსერვატიული პარტიის ლიდერობა მოიპოვა, შემდეგ კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

მანამდე კი იყო სადიკ ხანი, პაკისტანელი ემიგრანტების შვილი, რომელმაც ლონდონის მერის არჩევნები ცნობილ მილიარდერ ბარონ ზაკ გოლდსმიტს პირწმინდად მოუგო, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და გავლენიანი ქალაქის გასაღები ჩაიბარა და დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს.

გიკვირთ ხომ? ბევრი იმასაც იტყვის რომ ბრიტანეთი აღარც ტრადიციების პატივისმცემელი და აღარც კონსერვატიული ქვეყანაა. მაგათ ხომ “ბრიტანელობა” კარგა ხანია დაკარგეს…

ის რომ გაერთიანებული სამეფოს 79-ე პრემიერი ინდუსია, ხოლო ლონდონის მერი პაკისტანელი-მუსლიმი, ორივენი კი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიების შვილები არიან, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: თანამდებობებს იკავებენ ის ადამიანები, რომელთაც ხალხი ირჩევს. ტრადიციების პატივისცემის პირობებში კი, რისი მაგალითიც მონარქიის არსებობაა, ახალ ტრადიციას თავად მოსახლეობა ქმნის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებასთან პირდაპირი ანგარიშვალდებულების პირობებში, პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის მწვერვალი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ბრიტანელისთვის, მისი ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნიკური წარმომავლობის თუ რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. ასე მუშაობს ნამდვილი დემოკრატია და ამიტომაც ცხოვრობენ ბრიტანელები კარგად.

ჩვენთან ასეთ რამეს ნამდვილად ვერ ავიტანდით, რადგან ეს ხომ “ქართველობის დაკარგვა” იქნებოდა.. სამაგიეროდ გაგებით ვეკიდებით იმას, რომ ერთმა ძალიან მდიდარმა კაცმა ყველაფერი იყიდა და მიიტაცა: ძალაუფლებაც, არჩევნებიც, მთავრობაც, სასამართლოც და ჩვენი ევროპული მომავალიც.

იმასაც უდრტვინველად ვიტანთ, რომ ქალაქის არჩეული მერი, ტრაგედიის შემდეგ გამოვლენილი კიდევ ერთი სისტემური პრობლემის და დანაშაულის გამო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ურცხვად გაურბის და თბილისელების არჩეული საკრებულოს სხდომაზე მისვლაზეც კი უარს ამბობს, რითაც არა მარტო კანონს არღვევს, არამედ იმავე ქალაქის მოსახლეობას აყენებს შეურაცხყოფას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

ვეგუებით კიდევ ბევრ რამეს: საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას, ჩვენი დასავლელი მეგობრების ლანძღვა-გინებას, ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, კორუფციას, მომატებულ კრიმინალს, ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსულ და დარჩენილ ოკუპანტი სახელმწიფოს ათიათასობით მოქალაქეს და სარჩო-საბადებლისა და პერსპექტივის საძებნელად ქვეყნიდან გაქცეული ქართველების უზარმაზარ ტალღას. არც ის გვიქმნის უხერხულობას, როგორ ვჩანვართ მსოფლიოს თვალში, როცა ირკვევა რომ ქვეყნის პრეზიდენტი აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტის შესახებ, არც მეტი არც ნაკლები, ტელევიზიით იგებს.

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ვეგუებით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან უკვალოდ გამქრალ - ხალხთან ანგარიშვალდებულებას, რაც არის კიდეც ამ ქვეყნის ყველა უბედურების სათავე. ოცნება ვინც აირჩიეთ, მთელ ქვეყანასთან ერთად ხელში შეგვრჩა "ხალხის ძალად" წოდებული გაუგებრობა, რომელიც მურუსიძის სასამართლოს ენით ახლა უკვე დემოკრატიის ბოლო კუნძულებს ემუქრება ღიად, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ივანიშვილი ყველაზე ცინიკოსი მმართველია, რაც საქართველოს ოდესმე ჰყოლია: ხალხს ძალა წაართვა და პროვინციული ავტორიტარიზმის, კლეპტოკრატიის და უპასუხისმგებლობის ნაზავს "ხალხის ძალა" დაარქვა და ერის მიერ არჩეულ განვითარების ვექტორს და საერთოდ შემდგარი ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს ფორმულას დაუპირისპირა. ყველა თანამდებობის პირი, პრემიერი, მინისტრები, დეპუტატები თუ ქალაქის მერები ანგარიშვალდებული არიან არა მოსახლეობასთან, არამედ ერთ კაცთან. ის ერთი კაცი, კიდევ ერთ კაცთან, რომელიც საქართველოს, უკრაინის და მთელი ცივილიზებული სამყაროს დაუძინებელი მტერია.

ამასობაში კი იმით ვართ დაკავებული და იმაზე ვმსჯელობთ, თუ ვისი შვილია, რა ორიენტაციისაა, რბილი ლ აქვს თუ არა და ასე შემდეგ და მერე თავს ვეკითხებით - რატომ ვცხოვრობთ ცუდად, ამ მშვენიერ, მაგრამ უძალოდ დარჩენილი ხალხით დასახლებულ, ცუდად მოწყობილ და მართულ ქვეყანაში.


close დახურვა