logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: „ყურები ბუჩქებიდან“ და ტექნიკური მთავრობა

26 ივნ 202220:09
3 წუთის საკითხავი
clock 2033

რუბიკონი გადალახულია. ის გარღვევა, რასაც წლების მანძილზე ველოდით, მოვიდა. დედაქალაქის ქუჩები იმ ადამიანებით გაივსო, რომელთა ცვლილებებისადმი სკეპტიციზმი და ნაცმოძრაობის მიუღებლობა წლების მანძილზე ასაზრდოებდა ოცნების დაუბალანსებელ ძალაუფლებას.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და საქართველოსთვის ჩართული წამზომი ბევრი ფიქრისა და განსჯისთვის დროს აღარ გვიტოვებს. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის სურათი დღეს ისე მკაფიო და შავ-თეთრია, როგორც არასდროს: თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ იღებს, თავისუფლებას, კეთილდღეობას და დემოკრატიულ იდეალებს ვემშვიდობებით და დიდი ხნით ვრჩებით რუსულ ჭაობში.

საზოგადოების დაკვეთაც ნათელია: საჭიროა დაისაჯოს დამნაშავე, ქვეყანამ კი იპოვოს გამოსავალი. სწორედ ამ მოცემულობამ მიიყვანა პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანები 24 ივნისის მიტინგის შეთავაზებამდე: გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი და დაინიშნოს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შემდეგი 6 თვის განმავლობაში ევროკომისიის მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებით ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე და მანდატის განახლების აუცილებლობის გათვალისწინებით, რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანს.

სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ეს მოთხოვნა არარეალურია და ივანიშვილის პირობებში ტექნიკური მთავრობის ფორმირება არ მოხდება. უზურპატორი დროს მოიგებს, რასაც საპროტესტო მოძრაობის ლიდერების დისკრედიტაციისა და მუხტის ჩახშობისთვის გამოიყენებს. არა მგონია პროტესტის ორგანიზატორები ამ საფრთხეს ვერ ხედავდნენ, „ბუჩქებიდან ყურებს“ დღეს პოლიტიკური პროცესიდან შორს მყოფი ადამიანებიც ამჩნევენ და ხვდებიან, სინამდვილეში ვინაა ოცნების მარიონეტული თეატრის კულისებს მიღმა მყოფი კარაბას-ბარაბასი და არც ისე გულუბრყვილოები არიან, ეგონოთ, რომ ივანიშვილი ამ პირობებს დათანხმდება, ან თუნდაც პრემიერის გაშვებით მის ძალაუფლებას დაემუქრება დრამატული საფრთხე. როგორც ჩანს, სტრატეგია რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რაც სწორია. პირველ რიგში იმიტომ, რომ საპროტესტო აქციების ამ ტალღას, ყველა დანარჩენისგან, როგორც ასაკობრივ, ისე პოლიტიკური გემოვნების ჭრილში, მონაწილეთა მრავალფეროვნება განასხვავებს, რის გამოც მოთხოვნების დროზე ადრე გამკაცრება დემონსტრანტთა ნაწილისთვის შესაძლოა მიუღებელი გახდეს, რაც ერთიანობასაც შეარყევს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ არხებს ამ საკითხის კვლავ ნაც-ქოცურ ჭრილში გადატანის საშუალებას მისცემს.

მეორე და არანაკლებ ანგარიშგასაწევი ფაქტორი - ამ პროტესტის მთავარი მოკავშირე დასავლეთია. მართალია ბრიუსელმა ევროპარლამენტის რეზოლუციით, თუ ევროკომისიის დასკვნით მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დესტრუქციულ როლთან მიმართებაში, თუმცა მოთხოვნები და მიდგომა ოპოზიციასთან თუ სამოქალაქო სექტორთანაც ანალოგიურია და იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლება, ყველა პოლიტიკური რესურსის გამოყენებით, მშვიდობიანი მეთოდებითა და კონსტიტუციური გზით შეიცვალოს. სახალხო მოძრაობის ორგანიზატორები არ უნდა გახდნენ პოლარიზაციის მხარე და უნებურად თავად დაუპირისპირდნენ დასავლეთის მიდგომასა და ევროკომისიის მოთხოვნებს. ისინი უნდა იყვნენ ევროპული იდეის ერთგულები, პრინციპულები, თანმიმდევრულები, თუმცა არამც და არამც ბრმად რადიკალურები.

სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა სახალხო მოძრაობის მხრიდან მილიარდერისთვის ეროვნული თანხმობის მთავრობის შეთავაზება, რაც დასავლეთისთვისაც გზავნილია, რომ ის რევოლუციის მოწყობას კი არ გეგმავს - გამოსავალს და მაშველ რგოლს სთავაზობს ივანიშვილს. პრინციპში ეს საუკეთესო ვარიანტია მილიარდერისთვის და თუ მას, ან მის გარშემო ვინმეს ვითარების ობიექტურად შეფასების უნარი კიდევ შერჩენია - სჯობს ამ შეთავაზებას დათანხმდეს: გაუშვას დღევანდელი, სრულიად ტოქსიკური და ნდობისგან დაცვლილი ღარიბაშვილ-კობახიძის მთავრობა და ახალი ფიგურებით ვადამდელი არჩევნებისთვის მოემზადოს. თუმცა, მე პირადად არ მაქვს ილუზია, რომ კრემლის დირექტივებით მოქმედი ივანიშვილი, სურვილიც რომ ჰქონდეს, ისეთი მთავრობის დანიშვნას დათანხმდეს, რომელიც საქართველოს მართლა გადააბიჯებინებს ევროკავშირის ზღურბლს. არაფორმალური მმართველის უარი კი, მიზეზების მიუხედავად, პროცესის შემდგომი ტრაექტორიის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება და ხელ-ფეხს გაუხსნის სახალხო მოძრაობას გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად, რის შემდეგაც სახალხო პროტესტის ნებისმიერი მასშტაბი, ფორმა თუ სიმწვავე უკვე სხვა ხარისხის ლეგიტიმურობას შეიძენს.

ყველანი ველით 3 ივლისს და ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის შედეგების წინასწარმეტყველება უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, რისი თქმაც ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება, ისაა, რომ საჭიროა რესურსების სრული მობილიზება: ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაში დიდხანს ვერ დარჩება. სახალხო პროტესტის ლიდერებმა კი კარგად უნდა გაიაზრონ, რომ დროის მცირე მონაკვეთში, პარტიებისა და მათი რეგიონული ინფრასტრუქტურის ჩართულობის გარეშე, საქართველოს მასშტაბით მოძრაობის გაშლა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. და ისიც, რომ თუ კვლავ ბიძინამ გვაჯობა და საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვა, ეს არა მარტო ევროპული მომავლის დაკარგვა, არამედ დამოუკიდებლობის და დემოკრატიულ და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეის მთელი დეკადით დასამარება იქნება. შედეგი კი ყველასთვის: მათ შორის პოლიტიკური პარტიებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის, კრიტიკული მედიისთვის თუ უბრალო მოქალაქეებისთვის ერთნაირად კატასტროფული იქნება.

პროცესის ისტორიულობის შეგრძნებამ ყველა უნდა აიძულოს, საკუთარ ეგოზე ამაღლდეს. და ობიექტურად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით ეს ასე ჩანს კიდეც. ახლა პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო სექტორის სრული სინერგია გვჭირდება, სადაც იქნება კამათი, დისკუსია იმაზე, რა უნდა ვქნათ, მაგრამ პირველ რიგში იქნება შრომა. ოლიგარქიის შეცვლა ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ასაკში მყოფი შევარდნაძის სახლში გაშვება, თუ სააკაშვილის მხრიდან არჩევნებში მარცხის აღიარება. სწორედ ხანგრძლივ, მეთოდურ და დაუღალავ შრომას და ბრძოლას შეუძლია ივანიშვილის იძულება, მძევლად აყვანილი ქვეყანა ტყვეობიდან გაათავისუფლოს. ამ ბრძოლას რა თქმა უნდა მოჰყვება რისკები, მაგრამ ყველაზე დიდი რისკი დღეს - უმოქმედობაა!


close დახურვა