logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: №1 ტერორისტი და ტრიუკაჩი

29 ივნ 202222:06
3 წუთის საკითხავი
clock 1994

რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ფრთოსანი რაკეტებით სავაჭრო ცენტრებს და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და ანადგურებს. მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი არის ამ ტერორისტული სახელმწიფოს ავტორიტარი მმართველი - პუტინი.

საქართველოს მართავს "ტრიუკაჩი" ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფინანსური რესურსი და ინტელექტი ჯერჯერობით წვდება ევროპული გზავნილების დამრიგებლებისთვის სახედაკარგული საჯარო მოხელეების მიქსევას და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის პოლიციის უფროსების ბუჩქებს ამოფარებულ ფარულ თვალთვალს და მერე დაშინებას.

ტრიუკაჩი ის კაცია, "დემოკრატიის და ადამიანის ღირსების გადასარჩენად" თვითიზოლაციიდან რომ გამოდის, "საარჩევნო რევოლუციას" აწყობს და თავისივე დაფუძნებული პარტიის პირველ თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ წევრ ქალბატონს ფარულად უსმენს და უთვალთვალებს და პარალელურად სინოდის წევრების "ზნეობრივ უმანკოებაზეც" ზრუნავს ანალოგიური მეთოდებით.

ტრიუკაჩს აქამდე ბევრი "ტრიუკი” გასვლია. პირველ რიგში, დასავლეთის შანტაჟი - რუსეთისკენ გადახრის მუქარით. უკრაინის ომმა ის ბაგირი გაწყვიტა, რომელზე ტრიუკაჩულ ცოცვასაც ის აქამდე ახერხებდა. ახლა ბაგირის ერთი ბოლო ბოროტების განსახიერებას, დედამიწის ნომერ პირველ ტერორისტს უჭირავს, ხოლო მეორე ბოლოს უკვე გაფართოებული და მნიშვნელოვნად გაძლიერებული NATO და მთელი ცივილიზებული სამყარო ეწევა თავისკენ. შუაში მოყოლა ან ტერორისტის დაქცეულ ბანაკში აღმოჩენა არავის უნდა, თვით ოდესღაც ვასალსა და პარტნიორ ყაზახეთსაც კი.

ტრიუკაჩი კი ანტიდასავლურ ისტერიას აღვივებს, ცირკის 3 კლოუნის მეშვეობით ახალ ატრაქციონს ქმნის და ისეთების თქმას ავალებს, სტატუსიანი კობახიძე-ღარიბაშვილი რომ ვერ იზამდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ტრიუკაჩის ლაბორატორიის ერთი კოლბიდან უფრო დიდი დოზის შხამისა და მომწამვლელი აირების გამოშვება გახდა საჭირო: ნომერ პირველი ტერორისტის ყურამდე მესიჯების მიტანას სულ უფრო მკვეთრი ბგერის აღება სჭირდება. და შიგნითაც: ოცნების ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელსაც დამპყრობლის მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კვაზი-ქართველობას ართმევენ, კონსპიროლოგიური ლეგენდის კიდევ უფრო გაღრმავება სჭირდება, რომ ბიუჯეტის თქვლეფა და ქვეყნის ინტერესებით სამარცხვინო ვაჭრობა რამე უფრო "დიადი" იდეით - მაგალითად ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ ომში ჩათრევით ან ნაცების მობრუნების კოშმარით "გაუმართლოს".

და სანამ ჩვენ ამ უნიჭო ტრიუკაჩის მიერ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის საამებლად ქცეულ ჭაობში ვიძირებით, გეოპოლიტიკა ახალ, ისტორიულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. საქართველოს ხელისუფლება არც კი იმჩნევს. უფრო სწორად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები ქვეყანამ ვერ გამოიყენოს. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მადრიდისკენაა მიპრყობილი, სადაც მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი კარკასი ყალიბდება. რუსეთი მთავარ საფრთხედ ცხადდება. ნატო ევროპაში საბრძოლო კონტინგენტს ისეთი მასშტაბით ზრდის, გასული საუკუნის ცივი ომის თვით ყველაზე ცხელ ფაზასაც რომ არ ახსოვს. შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ნეიტრალურობას ინარჩუნებდნენ, ალიანსის წევრები ხდებიან. უკვე გადალახულია მთავარი წინააღმდეგობა: თურქეთი მზადაა, მათ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

ჩვენთვის კი ეს ისტორიული სამიტი მოლოდინებისგან სრულად დაცლილია. ამოცანა მაქსიმუმს ტრიუკაჩის მარიონეტის მიერ სამიტის დერეფანში "დიდი ბიჭებისთვის” ხელის ჩამორთმევა და საერთო ფოტოში მოხვედრაა. არც არაფრის მიღებას ვცდილობთ და არც არაფერს ველით. მეტიც, საქართველო, NATO-ს ასპირანტი სახელმწიფო, რომელიც წლების განმავლობაში ალიანსის ოპერაციების ყველაზე დიდი არაწევრი მონაწილე იყო, და სადაც ჩვენს სამხედროებს სისხლი აქვთ დაღვრილი, ერთ კალათში თავსდება ნეიტრალურ მოლდოვასთან, რომელსაც ნატოს წევრობის ამბიცია საერთოდ არ აქვს. არადა, ეს სამიტი, სწორედ საქართველოსთვის უნდა გამხდარიყო შესაძლებლობის ფანჯარა.

დღეს რომ საქართველოს ნორმალურთან მიახლოებული მთავრობა მაინც ჰყავდეს, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე ანკარასთან აქტიური მუშაობის შედეგად, თურქეთის ვეტოს ფაქტორის გამოყენებით მიღწევადი იყო და შეიძლებოდა საქართველოსთვის წევრობის სტატუსის თუ არა, MAP-ს მიღება. თუმცა, რატომ გვიკვირს. საქართველოს პრემიერი, ვინც ამ ამოცანის რეალიზების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს, საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით ალიანსში ვერ გაწევრიანდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისთვის და დღევანდელი მთავრობისთვის, რუსული ხაზი, ანუ ირიბი ვეტოს ფაქტორი, უკვე მთავარ სამოქმედო ნარატივს წარმოადგენს. თავდაყირა დგება წლების განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანების სტრატეგია: დიპლომატიის არაერთი თაობის ძალისხმევა და რაც მთავარია, ჩვენი სამხედროების მიერ ნატოს ეგიდით განხორციელებულ ოპერაციებში გაღებული სიცოცხლე და დაღვრილი სისხლი სულ ამაო ყოფილა. რაც ხდება, ფაქტობრივად არის  ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და იმის 100 პროცენტიანი ინდიკატორი, რომ ქვეყანას ეროვნული ინტერესების მოღალატე ხელისუფლება მართავს.

წამზომი ჩართული აქვს ევროკავშირსაც, სადაც საქართველო ასევე აუთსაიდერია. უკრაინა და მოლდოვა უკვე წევრობის კანდიდატები არიან, ჩვენ კი კანდიდატობის სტატუსის მიღებასაც არ ვჩქარობთ. უკლებლივ ყველა საერთაშორისო პარტნიორი გვეუბნება რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. ტრუკაჩი კი პირდაპირ ეუბნება მათ, რომ არაფრის შეცვლას და გაკეთებას არ აპირებს: ჩინჩალაძეს ქართული მართლმსაჯულების ჩინჩლვას გააგრძელებინებს, ხოლო ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებულ ქართულ საზოგადოებას ევროპელების მიერვე წაქეზებულ გადამტრიალებლებად მონათლავს და თავისივე ხალხის წინააღმდეგ წლების განმავლობაში წარმოებულ ცივ ომს უფრო მეტ სუსხს შემატებს. 

აი, რასაც იზამს საქართველო - 20 და 24 ივნისს გამოჩნდა. მსოფლიოს პირველი ტერორისტის ტრიუკაჩი კლიენტის ზიზღისა და სიძულვილის ხელოვნურად შექმნილი ლაბორატორიის საცდელ ობიექტობაზე ქართულმა საზოგადოებამ მკაფიო უარი თქვა. დასავლური, იგივე ქართული იდეალებისადმი ერთგულება გამოხატა და კიდევ არაერთხელ გამოხატავს, მათ შორის 3 ივლისს და მომავალშიც, სანამ ამ ქვეყნის ისტორიისთვის სამარცხვინო ფურცელს მშვიდობიანად არ დახურავს და უზარმაზარ ეროვნულ ენერგიას, რომელიც ახლა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ანტიეროვნულ, საბჭოური ნოსტალგიით, განსხვავებული ადამიანებისადმი ზიზღით, ტერორისტი სახელმწიფოსადმი პიეტეტით და შავრაზმული, ანტიქრისტიანული და საერთოდ, ანტირელიგიური კერპთაყვანისმცემლობის კოქტეილით მთვრალ ავტორიტარულ სისტემასთან დაპირისპირებაში იხარჯება, კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით, საქართველოს ევროპული მომავლის შენებას და განვითარებას მოახმარს.

ტერორისტი პუტინის ტრუკაჩი კლიენტის მმართველობითი სიმახინჯე ისტორიას უნდა ჩაბარდეს! და ეს ასეც მოხდება, რადგან დღეს უკვე დიდი უმრავლესობა ხვდება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჩვენი ქვეყანა ჩაბარდება ისტორიას..


close დახურვა