logo
ENG



გიორგი თარგამაძის ინტერვიუ მსოფლიო პატრიარქთან

02 მაი 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock 2122

დროება გთავაზობთ ინტერვიუს მის ყოვლადუწმიდესობასთან, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსთან

 

პატრიარქი:  დიდი მადლობა, .....  გიორგი, რომ საშუალებას მაძლევთ კიდევ ერთხელ დავუკავშირდე საქართელოს კურთხეულ ხალხს, რომელიც გულში მყავს. ამას არ გეუბნებით, არა კომპლიმენტის სახით, თქვენ, ქართველებს, არამედ იმ გამოცდილებით, რაც საქართველოში განხორციელებული არაერთი ვიზიტისა და ქართველებთან თანალოცვის შედეგად დამიგროვდა.  საქართველოში  პირველად  1978 წელს ჩამოვედი, ვახლდი ჩემს სულიერ მამას, მიტროპოლიტ მელიტონს. მაშინ ფილადელფიის ახალგაზრდა მიტროპოლიტი ვიყავი. მაშინვე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქართველების ღრმა მორწმუნოებამ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  ერთად ლოცულობენ და გალობენ ტაძრებში. ეს გამოცდილება შემძვრელი აღმოჩნდა. ამასთან, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. რამდენჯერაც  საქართველოში ჩამოვედი, როგორც მიტროპოლიტი თუ  როგორც პატრიარქი, მოგვიანებით, გულთბილი მიღების ობიექტი გავხდი ყველასათვის, განსაკუთრებით კი მისი უნეტარესობის, პატრიარქ ილიასათვის, რომელსაც ბევრჯერ ვუთხარი, რომ მე ის არა მხოლოდ მიყვარს, ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, არამედ მას პატივსაც ვცემ, რადგან ის არის ღირსეული პიროვნება, ეროვნული ლიდერი, რომელიც გამოხატავს  ქართველი ხალხის ერთიანობას, გამსჭვალულია თავისი  ხალხის სულიერი ღირებულებებით, იდეოლოგიითა და რწმენით თავის მორწმუნეთა _ ქართველი ხალხის მიმართ. სწორედ ამიტომ მოხიბლული ვარ მისით და პატივს ვცემ. ახლა, როდესაც მიმდინარე წელს ვდღესასწაულობთ ჩემი  აღსაყდრებიდან 30 წლისთავს, მაგონდება ათი წლის წინანდელი მისი ვიზიტი აქ,  მსოფლიო პატრიარქად  ჩემი აღსაყდრებიდან 20 წლისთავზე, რამაც ძალიან გამახარა; ერთად გავატარეთ რამდენიმე მშვენიერი დღე. საერთოდ, ყოველი ჩვენი შეხვედრა, აქ თუ იქ, საქართველოში,  ყოველთვის   გულთბილი და  ღირსშესანიშნავი იყო. მოკლედ, მადლობას მოგახსენებთ ამ ინტერვიუსათვის, რადგან შესაძლებლობას  მაძლევთ კიდევ ერთხელ დავუკავშირდე საქართველოს და ქართველებს, ვუთხრა მათ, რომ მიყვარს ისინი; ვუსურვებ ბედნიერ აღდგომას; ვუსურვებ, რომ ჩაიაროს პანდემიამ, ყველა თავისი გამოვლინებებით, აქაც და იქაც, საქართველოში; პანდემიამ,   რომელმაც ასე დატანჯა ადამიანები მთელს მსოფლიოში.

ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომელიც, თუ კარგად გავიგე,  ეხება მსოფლოი საპატრიარქოს როლს დღევანდელ მართლმადიდებელ სამყაროში.

მსოფლიო საპატრიარქო საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება პირველსაყდრად მართლმადიდებლობისა; იგი არის ძმური მართლმადიდებელი  ეკლესიების  საკოორდინაციო ცენტრი; არის დედა ეკლესია ყველა იმ ახალგაზრდა ავტოკეფალური ეკლესიისა, რომელთა შორის  არ მოიაზრება აღმოსავლეთის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიები და კვიპროსის ეკლესია, რომელთაც ავტოკეფალია მსოფლიო საეკლესიო კრებებისგან მიიღეს.

კონსტანტინეპოლის ეკლესიამ ავტოკეფალია მიანიჭა უახლეს ეკლესიებს, მათ შორის, პირველთაგანი იყო რუსეთის ეკლესია, რომელსაც ავტოკეფალია მიენიჭა მე-16 საუკუნეში, ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია  გამოვაცხადეთ სულ ახლახან, ორი-სამი წლის წინ.  საბოლო ჯამში კონსტანტინეპოლის ეკლესიამ ავტოკეფალია მიანიჭა კიდევ 9 მართლმადიდებელ ეკლესიას.  ამიტომ როდესაც უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით  განგვიკითხავენ, ვპასუხობთ, რომ არაფერი განსხვავებული არ ჩაგვიდენია, გავაკეთეთ ის, რასაც მე-16 საუკუნიდან მოყოლებული ვაკეთებთ; მაშინ, მე-16 საუკუნეში, ავტოკეფალია მივანიჭეთ რუსეთის ეკლესიას,  იგივე მოხდა სხვა ეკლესიების მიმართებით მე-19 და მე-20 საუკუნეებშიც.  

გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქო ის ეკლესიაა, რომელიც კოორდინაციას უწევს მართლმადიდებელთა დიალოგს სხვა ქრისტიანულ დოგმებთან _ კათოლიკურ ეკლესიასთან, ანგლიკანურ ეკლესიასთან,   ლუთერანებთან და ა.შ. ასევე, კოორდინაციას უწევს იმასაც, რომ მართლმადიდებელი ეკლესიები გაწევრიანდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. ამასთან, მსოფლიო საპატრიარქო არის საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც გამოხატავს მართლმადიდებელთა ერთიანობასა და მრწამსს მართლმადიდებლობისა.

ჟურნალისტი: რას ეტყვით, იმ მორწმუნეებს, რომლებიც პანდემიის პირობებში, სწორედ რელიგიური მოსაზრებების გამო, თავს იკავებენ ან სულაც უარს ამბობენ  აცრაზე.

პატრიარქი: გიპასუხებთ საკუთარი მაგალითით. გაკეთებული მაქვს ორივე აცრა. ეს იმას ნიშნავს, რომ მწამს აუცილებლობა მეცნიერებისა; მწამს იმისი, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა მივიღოთ მეცნიერების მიერ შემოთავაზებული მსახურება, რომელიც არის ღმრთის საჩუქარი; ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ პატივი უნდა მივაგოთ ექიმებს, რადგან ისინი ღმრთის თანამოღვაწენი არიან; რომ მათი მსახურება მეტია, ვიდრე პროფესია. სულ ახლახანს, ოთხი-ხუთი წლის წინ, იმ კრებაზე, რომელიც 2016 წელს კრეტაზე ჩავატარეთ, დადებითად ვისაუბრეთ მეცნიერების მიღწევებსა და სიკეთეზე, თუმცა, არც ის უგულვებელგვიყვია, რომ თანამედროვე ეპოქაში უკიდურესობამ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, ჩვენ,  ქრისტიანებს გვევალება,  ვიცოდეთ და გავავლოთ საზღვარი მეცნიერების დადებით მონაპოვარსა და  უარყოფით გამოვლინებას შორის. რამდენიმე წლის წინ სამსჯელო საკითხად იქცა კლონირება, რაც მეცნიერების უარყოფით მიღწევად ითვლება და მის მიმართ, ცხადია, თავშკავებულები უნდა ვიყოთ. მაგრამ, დღეს, პანდემიის პირობებში, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ მედიცინის მუშაკთა  რჩევები, მათი ფასდაუდებელი მსახურება და თავდადება და გამოვთქვათ კიდევაც მადლიერება მათ მიმართ. ისინი ხომ ავადმყოფებთან ერთად იტანჯებიან, ღამეებს ათენებენ, დღეებისა და კვირეების განმავლობაში ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ. რაც შეეხება აცრას, როგორც თავიდანვე ვთქვი, აცრა აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც.  ვინაიდან აცრა მხოლოდ ჩენ კი არ გვიცავს, არამედ აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას, ამიტომ თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც დავიცვათ. ეს  სოლიდარობისა და მხარდაჭერის საკითხია. თუ საკუთარი ჯანმრთელობასთან ერთად ძმის  ჯანმრთელობაზეც არ ვიზრუნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ გვიყვარს. ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს, ამას გვასწავლის ახალი აღთქმა, იოანე მახარებელი, რომელიც უფლის საყვარელი მოწაფეა,  გვეუბნება, რომ მას ვისაც არ უყვარს საკუთარი ძმა, რომელსაც ყოველდღე ხედავს, არ შეიძლება უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს.     

ჟურნალისტი: თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მართლმადიდებელი სამყაროსათვის კრეტის წმიდა დიდ კრებას?

პატრიარქი:კრეტის წმიდა და დიდი კრება, რომლის მოწვევიდან ხუთი წელი სრულდება წელს, არის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ეკლესიის ცხოვრებაში, რადგან უკვე მრავალი საუკუნეა ასეთი დიდი კრება არ ჩატარებულა. მის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა ყველა მოძმე მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია მრავალი ათეული წლის მანძილზე, შემიძლია ვთქვა, მთელი ასი წლის განმავლობაში.   ბოლო  60-70 წლის განმავლობაში ჩატარდა არაერთი პანორთოდოქსალური შეხვედრა, ყოველთვის მსოფლიო საპატრიარქოს ინიციატივითა და, ნება მიბოძეთ ისიც ვთქვა, მისივე ხარჯით. შეხვედრები მოხდა ხან როდოსზე, ხან ჟენევაში; ასევე, მოვაწყეთ შეხვედრები მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა  აქ, მსოფლიო საპატრიარქოში; ყოველივე ეს მოხდა იმ მიზნით, რომ სათანადოდ ჩატარებულიყო ის კრება, რომლის მოწვევის სურვილი ყველას ჰქონდა და  მოსამზადებელ ფაზებშიც მონაწილეობა ყველამ მიიღო. ეკლესიის მეთაურთა უკანასკნელი მოსამზადებელი შეხვედრა გვქონდა 2016 წლის იანვარში,  ჟენევაში, სადაც შევათანხმეთ ბოლო დეტალები, კრების პროტოკოლი და პროგრამაც; შევთანხმდით კრების ჩატარების თარიღზე და ადგილზე, რადგან ადრე გადაწყვეტილი იყო კრება ჩატარებულიყო აქ, კონსტანტინეპოლში, ბიზანტიურ ტაძრში  წმიდა ირინეს სახელობისა, სადაც ჩატარდა მეორე მსოფლიო კრება 381 წელს, მაგრამ მოძმე რუსეთის ეკლესია, გარკვეული, მაგრამ  არც მთლად არგუმენტირებული მოსაზრებების გამო,   წინააღმდეგი აღმოჩნდა კრების იქ ჩატარებისა. ამიტომ მსოფლიო საპატრიარქომ ალტერნატიულ ადგილად, როგორც უკვე ვთქვი,  2016 წლის იანვარში  კრეტის მართლმადიდებელი აკადემია დაასახელა.  და იმ დროს, როდესაც ყველაფერი უკვე მზად იყო: დადგენილი იყო თარიღი, დღის წესრიგი, მომზადებული იყო ტექსტები და ასე შემდეგ, ბოლო წუთს, ზუსტად ბოლო წუთს, ოთხმა ეკლესიამ: რუსეთის, ანტიოქიის, საქართველოს და ბულგარეთისა მიიღეს გადაწყვეტილება, არ მიეღოთ მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა და დიდი კრების ყველა მოსამზადებელ ფაზაში მონაწილეობდნენ. მათი არმონაწილეობის მიუხედავად, ჩვენ გადავწყვიტეთ,  განგვეხორციელებინა ის, რაც გვქონდა განზრახული, პატივი გვეცა ჩვენი თავისა და ჩენი ხელმოწერებისათვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ოთხი ეკლესია, მათ შორის, საქართველოს ეკლესიაც, დააკლდა ამ კრებას, რომელმაც, ღმრთის ძალითა და სულიწმიდის მადლით, მიიღო   შესანიშნავი დადგენილებები, რომლებსაც მიეძღვნა საგანგებო ნაშრომები და  გაშუქდა კონფერენციებზე. ვისურვებ, დროის მსვლელობასთან ერთად, ეს გადაწყვეტილებები ნელ-ნელა შევიდეს და დამკვიდრდეს ეკლესიის ცხოვრებაში, რათა  მას ახალი სუნთქვა მისცეს. კვლავ ამოქმედდა  ეკლესიის სინოდური ინსტიტუტი, რომელიც, საგარეო მიზეზთა გამო,  შენელებული იყო წლებისა და საუკუნეების განმავლობაში; სინოდალურობა კი მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმთავრესი პრინციპია.

ჟურნალისტი: თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, მოგეხსენებათ, უკრაინელი ერი საქართველოსთვის განსაკუთრებულად საყვარელი ერია და ყველანი ვგულშემატკივრობთ და მათ მდგომარეობას განვიცდით. ამიტომ ჩვენთვის ყოველმხრივ საინტერესოა პასუხი შემდეგ შეკითხვაზე: რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რის საფუძველზეც კონსტანტინეპოლის ეკლესიამ ავტოკეფალია მიანიჭა უკრაინის ეკლესიას.

პატრიარქი: მიზეზი მარტივია, ძალიან მარტივი. უკრაინას და უკრაინელებს,  ისევე როგორც სხვა ხალხებს, სხვა ეკლესიათა მორწმუნეებს, რომლებმაც მიიღეს ავტოკეფალია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსგან, სურვილი და უფლება ჰქონდათ, მიეღოთ თავიანთი ეკლესიის დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა. როგორც უკვე აღვნიშნე,  პირველი ეკლესია, რომელმაც მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალია მიიღო,  რუსეთის ეკლესია იყო. ეს მოხდა მე-16 საუკუნეში და არც მთლად მართლმადიდებლური წესის ფარგლებში. მაშინ ჩემი წინამორბედი, პატრიარქი იერემია,  რუსეთს ეწვია. მასზე ზეწოლა მოახდინა რუსეთის მეფემ და სხვა გარემოებებმა, რომ  ავტოკეფალია ებოძებინა, და ასეც მოხდა. პატრიარქი იქ საკალმასოდ (შეწირულობის შესაგროვებლად) ჩავიდა. მოგეხსენებათ, კონსტანტინოპოლის ეკლესია  ყოველთვის  ქრისტეს მიერ ღარიბთა ეკლესია  იყო,  რომელსაც არ გააჩნდა სიმდიდრე, არც გარეშე შემოსავალი და არც პოლიტიკური მხარდაჭერა. ამიტომ წავიდა იქ პატრიარქი იერემია შესაწირულობის შესაგროვებლად. ზეწოლის და ძალდატანების შედეგად,  უბოძა კიდევაც რუსებს ავტოკეფალია. მოგვიანებით, როდესაც ბალკანეთში ეროვნული სახელმწიფოები ჩამოყალიბდა, რათა თავი დაეღწიათ ოსმალეთის იმპერიისათვის, ახალი ეკლესიებიც შეიქმნა, ყოველთვის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, რომელიც არსებითად თავისი სხეულიდან ნაწილს იკვეთდა, რათა ბალკანეთის ხალხებისთვის  უფლება და შესაძლებლობა მიეცა წირვა - ლოცვა  თავიანთ ენებზე აღესრულებინათ, განევითარებინათ ეროვნული თვითშეგნება და  კულტურა; ანბანი, როგორც იცით, მათ თესალონიკელმა ძმებმა, კირილემ და მეთოდემ, მისცეს მორავიაში;  ამგვარად, დედა ეკლესიის მისწრაფება, განცდა და სურვილი იყო,    დახმარებოდა იმ ერებს. ამასობაში მივაღწიეთ უკრაინის საკითხსაც. რა მოხდა უკრაინაში? როდესაც 1991 წელს უკრაინა  სამჭოთა კავშირს გამოეყო და  დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოაცხადა, იქაურმა ხალხმა, თავიანთი იერარქების მეშვეობით,  ავტოკეფალიის მიღბა მოინდომა. სამწუხაროდ, ამ თხოვნით მოსკოვის საპატრიარქოს მიმართეს, რაც არასწორი იყო. წესით, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთვის უნდა მოემართათ. მოსკოვის საპატრიარქომ  თხოვნას უარით უპასუხა. შეგახსენებთ, რომ  იმ თხოვნაზე ხელი ჰქონდა მოწერილი კიევის ამჟამინდელ  მიტროპოლიტ ონუფრისაც,  რომელიც მეთაურობს კიევის მიტროპოლიის იმ ნაწილს, რომელიც ამჟამადაც რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარება. მოკლედ, ხელი მოაწერა ონუფრიმ, მოსკოვმა თხოვნა უარჰყო, დასაჯა მიტროპოლიტი ფილარეტი და ასე წარმოიქმნა სქიზმა. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში რაც სქიზმა გრძელდებოდა, ჩვენ, ვითარცა დედას ეკლესიისა და უკრაინელებისა,  არ შეგვეძლო გვეყურებინა ათასობით უკრაინელი მორწმუნე  რომ ეკლესიის მიღმა იმყოფებოდა; არ შეგვეძლო შევგუებოდით იმას, რომ  კანონიკური ეკლესიის გარეშე დარჩენილიყვნენ. ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა მოსკოვის საპატრიარქოსთან, რათა გამოსავალი გვეპოვნა. შევთავაზეთ, მოსკოვის საპატრიარქოს, რომ შეგვექმნა ერთობლივი საბჭო, რომელიც  უკრაინის იერარქთა ქიროტონიის კანონიკურობას შეისწავლიდა. ერთი-ორჯერ შევხვდით კიდევაც ერთმანეთს, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ რუსეთის ეკლესიას გამოსავლის პოვნა არ უნდოდა. შეწყვიტა კიდევაც ჩვენთან თანამშრომლობა, რათა გამოსავალი არ გვეპოვნა,  რათა ებატონა კიევზე, რომელიც თავის დროზე ანტიკანონიკურად და არამართლმადიდებლურად მიიტაცა, გამოიყენა რა იმჟამინდელი პოლიტიკური და ისტორიული  ვითარება. მოკლედ, ჩვენ არ შეგვეძლო გულგრილად გვეყურებინა მილიონობით უკრაინელი რომ ეკლესიის გარეშე იყო დარჩენილი. გავითვალისწინეთ უკრაინელი ხალხის თხოვნაც ავტოკეფალიის ბოძებასთან დაკავშირებით, თუმცა  არ ავჩქარებულვართ, მაშინვე არ დაგვიკმაყოფილებია მათი თხოვნა. ვიმეორებ, შევეცადეთ, გამოსავალი რუსეთის ეკლესიასთან ერთად გვეპოვნა, მაგრამ არ მოისურვეს, ამიტომაც გავაკეთეთ ის, რაც უფრო ადრე ბალკანეთის ხალხებისათვის გაკეთდა _ ვუბოძეთ ავტოკეფალია. გაუგებარია, თუ სხვა ხალხებს, რომლებიც ვახსენეთ, და, პირველყოვლისა, რუსებს ჰქონდათ უფლება მიეღოთ ავტოკეფალია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსგან, უკრაინელებს რატომ არ ჰქონდათ? ეს ქმედება იყო პასუხისმგებლობა მსოფლიო საპატრიარქოსი, რომ ეცნო  უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და გავაკეთეთ ეს შეგნებულად და  სუფთა სინდისით, შევთავაზეთ მიტროპოლიტ ონუფრის და მის ირგვლივ მყოფ სხვა მღვდელმთავრებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ იმ ჰენოტიკურ სინოდში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში ჩატარდა, მაგრამ უკან დამიბრუნეს მოსაწვევი ბარათები, რომლებიც მათ დავუგზავნე, რუსეთის განმგებლობაში დარჩენა ამჯობინეს. ამჯობინა, პირველყოვლისა იმ მიტროპოლიტმა ონუფრიმ, რომელსაც, ვიმეორებ, ხელი ჰქონდა მოწერილი  ავტოკეფალიის თხოვნაზე მაშინ, როგორც კი უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ახლა, როგორც იცით, ზოგიერთმა ეკლესიამ სცნო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ზოგმა _  არა, მაგრამ მწამს, რომ დროთა განმავლობაში ყველა სცნობს კონსტანტინეპოლის ამ სამართლიან გადაწყვეტილებას, უკრაინელი ხალხის სამართლიანი მოთხოვნის  დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, და ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება, მართლმადიდებლობის ერთიანობის საკეთილდღეოდ. ჩვენ უსამართლოდ არავის ვექცევით. ტელემაყურებლები თავად ხედავთ, თუ როგორ მესხმიან თავს ერთსულოვნად მოსკოვის საეკლესიო თუ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა რანგისა და ტიტულის მქონე პირები, ერთი და იმავე იარაღით, ერთი და იმავე სიტყვებით, თითქოს უდიდესი ცოდვა  და დანაშაული ჩავიდინე ეკლესიის წინაშე. მე, ვიმეორებ, რომ სინდისი მაქვს სუფთა და მშვიდი,  დანარჩენი კი განსაჯონ ადამიანებმა და, რაც მთავარია, ღმერთმა.

ჟურნალისტი: საქართველოში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომელიც სინოდის წევრებისგანაც კი გაგვიგონია, რომ საქართველოს ეკლესიის მხრიდან  უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არის პრობლემური საკითხი, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. არის თუ არა ეს შესაძლებელი?  რამდენად კანონიკურია რუსეთის ეკლესიის მხრიდან საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა. მე ვგულისხმობ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სეპარატისტულ ჯგუფებს, რომლებსაც ხელს უწყობს მოსკოვის საპატრიარქო.    

პატრიარქი: რა თქმა უნდა, არა. პირველყოვლისა რუსეთის ეკლესიას არა აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. მას არა აქვს ამის უფლება. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის  უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიამ 1970 წელს  ავტოკეფალურად გამოაცხადა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ არა ამერიკის ყველა მართლმადიდებლებისა,  არა რუსულენოვანი მთელი  ამერიკისა, არამედ მხოლოდ ერთი ნაწილისა. ამ გზით მოსკოვმა  ამერიკის ყველაზე მდიდარი მართლმადიდებელი ნაწილი დაიქვემდებარა. 1970 წელს გამოცხადებული ეს ფსევდოავტოკეფალური ეკლესია დღმდე არავინ სცნო. მხოლოდ იგი უწოდებს თავის თავს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას. მოკლედ, ვუბრუნდები საკითხს და კვლავ ვიმეორებ, რომ რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის.  მეორე მხრივ, ანტიკანონიკურია რუსეთის ეკლესიის ჩარევა როგორც აფხაზეთის ეკლესიაში, ასევე სამხრეთ ოსეთისა, რადგან ისინი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას განეკუთვნებიან. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ჩაერია მათ საქმიანობაში. რუსეთის ეკლესიამ პოლიტიკური და სამხედრო ინტერვენცია ამ რეგიონებში სათავისოდ გამოიყენა, ჩადგა იქ ფეხი და დგას. ჰყავს კიდევაც, როგორც ვიცი, საკუთარი ეპისკოპოსი, და შექმნილი ვითარებით სარგებლობს. რაც შეეხება თქვენს სიტყვებს: თუ საქართველოს ეკლესია სცნობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ მოსკოვის საპატრიარქო სცნობს აფხაზეთის ავტოკეფალიასო,  ეს არის   ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არა აქვს. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ერევა თქვენი ეკლესიის შიდა საქმეებში. ცუდია, რომ ერევა იქ სადაც კი შეუძლია. მას სჭირს დაავადება მესამე რომისა, სურვილი აქვს გაფართოვდეს, წინამძღოლობდეს სრულიად მართლმადიდებლობას, მაგრამ მისი ეს მისწრაფება ამაოა, რადგან კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ არაერთგზის შეეცადა ხორცი შეესხა მესამე რომის იდეისათვის, გამხდარიყო მართლმადიდებელთა ლიდერი, მაგრამ, როგორც ხედავთ, აგერ უკვე ექვსასი წლის განმავლობაში _ მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლი დაეცა, 600 წელი გავიდა, _ ეს სურვილი ვერ აისრულა და ვერც ვერასოდეს აისრულებს, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თავისი კანონიკური სისტემა, თავისი ტრადიცია და ქმედება. მართლმადიდებლები ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ, კონსტანტინეპოლის ეკლესიას, ვითარცა დედას მრავალთა ეკლესიათა და ვითარცა საკოორდინაციო ცენტრს მართლმადიდებლობისა, გვინდა ერთიანობა, გვინდა გვიყვარდეს ჩენი ძმები და ჩენი ეკლესიები, მაგრამ იმასაც მოვითხოვთ,  დაცულ იქნას საეკლესიო  კანონიკა, რომელმაც მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში დაგვიცვა და აქამდე მოგვიყვანა.

ჟურნალისტი: დიდი მადლობა.  თუ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ეკლესიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგია გახდა ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი და ადამიანი გახდა ძლიერ დამოკიდებული მასზე. შეიცავს თუ არა ეს საფრთხეებს, თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, და როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ, ერთი მხრივ, ტექნოლოგიური სიახლეები კაცობრიობის პროგრესისთვის გამოვიყენოთ, კეთილდღეობისათვის, მეორე მხრივ კი, არ ვიქცეთ მონებად თავად ამ ტექნოლოგიებისა.

პატრიარქი: ნება მიბოძეთ, დავუბრუნდე წინა კითხვას. დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენ, კონსტანტინეპოლის ეკლესია, ვცნობთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთზე და ოსეთზე, მთელს ამ ფართო რეგიონზე, და როდესაც ვწერ ხოლმე ოფიციალურ წერილებს მის უნეტარესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილიას, მოვიხსენიებ მას იმ ტიტულით, როგორც მას სურს და როგორადაც მას მიაჩნია სწორად. ამიტომ  მოვიხსენიებ მას აგრეთვე ვითარცა მიტროპოლიტს აფხაზეთისა. ანუ სრულად ვწერ მის ტიტულს. მახსოვს, ვიდრე რუსეთის ეკლესია შეიჭრებოდა აფხაზეთში, აფხაზეთის მიტროპოლიტად მსოფლიო საპატრიარქო იცნობდა ძმა  დანიელს.  გავიცანი კიდევაც ის,  თუ არ ვცდები, ჩემი პირველი ვიზიტისას საქართველოში 1978 წელს. ამიტომ მსოფლიო საპატრიარქოსათვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ხსენებული რეგიონები საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიან.    

ახლა, რაც შეეხება ტექნოლოგიას. როგორც ადრე მეცნიერების შესახებ ვთქვი, ზოგადად, ტექნოლოგია ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ძალიან წინ წაიწია  და განვითარდა. თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია თანამედროვე საზოგადოების  არაერთი სფერო, ბევრი ადამიანი   და, როგორც უკვე აღვნიშნე,  აქვს თავისი დადებითი მხარეები _ აადვილებს ცხოვრებას, მაგრამ  შეიცავს საფრთხესაც. უკონტროლო და გადაჭარბებული გამოყენების გამო, შიძლება მასზე დამოკიდებულები გავხდეთ. ნებისმიერი საზოგადოების პროგრესი და კულტურა არ განისაზღვრება და არცაა დამოკიდებული მხოლოდ ტექნოლოგიის განვითარებაზე;  უნდა დავიცვათ ის სულიერი ფასეულობებიც, რომლებიც ეხება ადამიანის დანიშნულებას, ჩამოყალიბებულს საუკუნეების განმავლობაში,  და აახლოვებს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან. არ შეიძლება ჩვენი კულტურა იყოს მხოლოდ ტექნიკური, იგი უნდა იყოს სულიერიც. დღეს მსოფლიო საპატრიარქო  ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს სოლიდარობის კულტურას. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, უნდა ჰქონდეთ თვითდაჯერებულობა, რომ იშრომონ და დაიღალონ,  არა უბრალოდ იშრომონ, არამედ დაიღალონ საერთო კეთილდღეობისათვის, საკუთარი მომავლისათვის და ჰქონდეთ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. საზოგადოების წევრთა სოლიდარობა, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა არის ყველაზე კარგი ანტიდოტი კრიზისების დროს,  ნებისმიერი კრიზისის დროს.

ჟურნალისტი: ძალიან კარგი აქცენტები დასვა მისმა ყოვლადუწმიდესობამ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ალბათ უკვე განათლების როლი, განსაკუთღებით სასულიერო პირებთან მიმართებაში. ამიტომ  ჩემი კითხვა ასე მინდა დავსვა: ბევრი რამ მოგვისმენია, წაგვიკითხია და ვიცით, რომ რწმენა სიყვარულის გარეშე ფანატიზმში გადაიზრდება. რა როლი აქვს განათლებას, სასულიერო განათლებას სასულიერო პირების ცხოვრებაში? მე ვიცი, რომ მსოფლიო საპატრიარქო ასევე დიდ როლს ასრულებს ქართველი სასულიერო პირების განათლებაში, მათი მეშვეობით ბევრი საინტერესო წიგნი ითარგმნა და გამოქვეყნდა და მადლობას მოვახსენებ პატრიარქს ამისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბროთ განათლების როლზე სასულიერო პირების ცხოვრებაში.     

პატრიარქი: ცხადია, განათლება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისათვის, მით უფრო, 21-ე საუკუნეში. განსაკუთღებით მნიშვნელოვანია იგი  სასულიერო პირთათვის, რადგან ისინი მოღვაწეობენ საზოგადოებასთან. მათ უნდა იღვაწონ  ადამიანთა კეთილდღეობისათვის ამ ცხოვრებასა და თანამედროვე საზოგადოებებში, ყოველივე ამის შემდეგ კი _ მათი ცხოვნებისათვის.  სასულიერო პირებმა, თავიანთი სიტყვებით,  პირადი მაგალითითა და ცხოვრებით, უნდა შეახსენონ ადამიანებს, რომ მათ სამწყსოს  არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეები განეკუთვნებიან, არამედ ზეციური სამკვიდრებლისაც, "რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესსა მას ვეძიებთ". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს აქვს მარადიული მისია და აქედანვე, ამ ცხოვრებიდანვე, მოწოდებულნი ვართ, ვიაროთ მარადიული დანიშნულების ადგილისაკენ.  სწორედ ამ გადასახედიდან, განათლებული სასულიერო პირების როლი  მნიშვნელოვანი და შეუცვლელია. ამიტომ მსოფლიო საპატრიარქო მუდამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას, მეცნიერებას, ე. წ. წმიდა წერილს და ღმრთისმეტყველებას. სამწუხაროდ,  დიდი დილემის წინაშე ვიმყოფებით, რამეთუ თურქეთის სახელმწიფომ დაგვიხურა ხალკის საღმრთისმეტყველო სასწავლებელი ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ  _  1971 წელს,  და მიუხედავად განუწყვეტელი მცდელობისა, რომ ისევ აგვემოქმედებინა, დღემდე ვერ შევძელით. მაინც ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება გააცნობიერებს იმ უსამართლობას, რომელიც  მსოფლიო საპატრიარქოსა და მთელი საქრისტიანოს მიმართ ჩაიდინა, და მოგვცემს საშუალებას ხალკის სასწავლებელი ისევ ავამოქმედოთ. დავხმარებივართ და კვლავაც  ვეხმარებით ქართველ ახალგაზრდებს, რომ განათლება მიიღონ საბერძნეთში ან  შვეიცარიაში. ამას ვაკეთებთ დიდი სიამოვნებით. ბოლო წლებში, საშობაო თუ სააღდგომო არდადეგებზე, ხალკის სასწავლებლის შენობაში ვმასპინძლობთ  ქართველ სტუდენტებს,  რომლებიც იქ ისვენებენ, მაგრამ იმავდროულად კონსტანტინეპოლის ეკლესიის ცხოვრებასაც ეცნობიან; ასევე, სარგებლობენ ხალკის სასწავლებლის ბიბლიოთეკით. მიხარია, თქვენგან რომ მესმის, თქვენი შეკითხვიდან რომ ვიგებ,  რომ ბერძნულის მცოდნე სტუდენტებმა არაერთი წიგნი გადათარგმნეს ქართულად, კრეტის კრების თუ უკრაინის ეკლესიის შესახებ. მიხარია, რომ ეს საკითხები ცნობილი ხდება მორწმუნე ქართველი ხალხისათვის. ვინაიდან გეოგრაფიულად დაშორებულნი ხართ დასავლეთის დიდი ცენტრებისაგან,  ეს ნათარგმნი ტექსტები ხელს შეუწყობს  ქართულმა საზოგადოებამ, ქართველმა სამღვდელოებამ გაიგოს, თუ რა ხდება მართლმადიდებელ სამყაროში. მადლიერნი ვართ ამ ახალგაზრდების და განსაკუთრებით ბატონი პროფესორისა, რომელიც ამ წუთს თარჯიმნობს, ქართველი ხალხისათვის გაწეული ამ დიდი სამსახურისთვის. არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი იმაში, რომ ჩვენ მომავალშიც ყოველთვის ქართველი ძმების  გვერდით ვიქნებით. ამის დასტურია ქართული მართლმადიდებლური სათვისტომოს დაარსება აქ, ჩვენი, ანუ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს  სურვილითა და ინიციატივით, და დადგინება მამა ილიასი, რომელიც განათლებული სასულიერო პირია. განათლება მიიღო გერმანიაში, იცის გერმანული და ინგლისური ენები; ვიმედოვნებთ, რომ შეისწავლის ადგილობრივ ენასაც _ თურქულს, რათა უფრო გამოადგეს თავის მრევლს. ჩვენ მათ გადავეცით წმიდა გიორგის ეკლესია.  აღდგომის შემდეგ, ხუთშაბათს, როდესაც საქართველოს ეკლესია წმიდა გიორგის დღესასწაულს ზეიმობს,  ვაპირებ მივიდე იმ ეკლესიაში და დავესწრო მამა ილიას წირვას. გაგიმჟღავნებთ ერთ საიდუმლოსაც:  იმ დღეს მამა ილიას არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანას ვაპირებ. არ მინდა მან ეს იცოდეს, მინდა სიურპრიზად დარჩეს.

ჟურნალისტი: თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ბოლო შეკითხვაც:  გლობალიზაციის პირობებში ახალგაზრდობა განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია....

პატრიარქი: სწორედ ამ თქვენი ბოლო შეკითხვის პასუხია, ნაწოლობრივ ის, რაც ვილაპარაკე ადამიანის მარადიულ დანიშნულებაზე და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგანან დღეს ახალგაზრდები. ფაქტია, რომ 21-ე საუკუნე მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს ახალგაზრდებს. ეს გამოწვევები და, ვიტყოდი,  დაუცველობა იზრდება კოვიდ 19-ის პანდემიის გამო. ადამიანებმა, ახალგაზრდებმა არ იციან, რა გზას დაადგნენ, რას დაეყრდნონ, საითკენ აიღონ ორიენტაცია. წეღან ვთქვი, რომ საჭიროა ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, შრომისმოყვარეობა, არ გაფლანგონ ძვირფასი დრო მხოლოდ ფეხბურთის თამაშსა და ტელევიზორის ყურებაში და, მით უფრო, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაში; უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და იცოდნენ, რომ, ყოველი განსაცდელისათვის გამოჩნდება ხოლმე გარკვეული გამოსავალი,  მეოხებით ეკლესიისა, რომელიც  ისტორიული დედაა და ახალგაზრდებს მუდამ განსაკუთრებული სითბოთი იკრავს გულში.  ჩვენ, ვითარცა მსოფლიო საპატრიარქომ, 2000 წელს, ქრისტეს შობიდან 2000 წელს, ჩავატარეთ აქ ახალგაზრდების დიდი კონფერენცია. ასევე, შვიდი წლის შემდეგაც ჩავატარეთ დიდი კონფერენცია და ჩამოვიყვანეთ აქ ახალგაზრდები ყველა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, მსოფლიო საპატრიარქოს ეპარქიებიდან, რომლებიც დასახლებული სამყაროს  სხვადასხვა კუთხეშია განფენილი. წელსაც ვფიქრობთ მსგავსი კონფერენციის ჩატარებას, უფრო სწორად შარშან გვინდოდა, მაგრამ პანდემიამ დაგვაბრკოლა. ახლა ვფიქრობთ ჩავატაროთ იგი წლის ბოლოს. მოვიწვევთ მართლმადიდებელ ახალგაზრდებს აქაური, თურქეთში მცხოვრები  სხვადასხვა საზოგადოებებიდან,   რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეობას მიიღებენ რუსები, უკრაინელები, ქართველები, ბერძნები, ანტიოქიელები; ახალგაზრდები განსხვავებული ენებისა და კულტურული ტრადიციისა მოექცევიან კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სიყვარულის საფარველის ქვეშ, რათა ყური დავუგდოთ მათ, ვიმსჯელოთ მათ პრობლემებზე და დავეხმაროთ მათ იმაში, თუ როგორ გაითავისონ და როგორ იგრძნონ თავი უფრო მყარად იმ სოციუმში,  რომელშიც უწევთ ცხოვრება. იმ ინტერესთა შორის, რაც  ახალგაზრდების მიმართ გაგვაჩნია, ისიც შედის, რომ ხელი შევუწყოთ მათ განათლებას თეოლოგიიაში, რადგან სწორედ თეოლოგიურ სასწავლებელთა კურსდამთავრებულები გახდებიან ჩვენი საზოგადოებებისა და ეკლესიების მომავალი სულიერი წინამძღოლები.

ჟურნალისტი: დიდი მადლობა, დიდი პატივი იყო თქვენთან საუბარი..... ჩვენი არხის მეშვეობით მთელი საქართველო მოისმენს თქვენს საუბარს, თქვენს დარიგებას.  და ბოლოს, მინდა გთხოვოთ დალოცოთ ჩვენი ხალხი.....          

პატრიარქი: მთელი გულით ვისურვებ, რომ აღდგომამ უფლისა ჩვენისა მუდმივი სიხარული და კეთილდღეობა მოუტანოს  ქართველი მორწმუნეების სულებს. სააღდგომო ამბორს ვუგზავნი მის უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქს სრულიად საქართველოისა, ილიას, რომელიც, ვიმეორებ, არა მხოლოდ ძალიან მიყვარს, არამედ პატივს ვცემ. მადლობას მოვახსენებ მას სიყვარულის არაერთგზისი დადასტურებისათვის, ჩემ მიმართ გამოვლენილი პატივისცემის გამო, მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ვუსურვებ მას დღეგრძელობას, რათა კიდევ  დიდხანს უხელმძღვანელოს  საქართველოს მოძმე ეკლესიას.

ყველა ქართველს, ყველას, განურჩევლად, ვისაც ვუყვარვართ და იმათაც, ვისაც არ ვუყვარვართ, ვუგზავნი კონსტანტინეპოლის ეკლესიის ლოცვა-კურთხევას, სიყვარულს ჩემსას და სიყვარულს ჩვენი მღვდელმთავრებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია ცნობს და აღიარებს იმას, რომ ავტოკეფალიისა და პატრიარქის ტიტულის ბოძების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს. ჩემი წინამორბედის, დიმიტრიოსის, პატრიარქობის დროს, საქართველოს ეკლესიამ სწორედ კონსტანტინეპოლის ეკლესიას მიმართა თხოვნით, ეცნო და ეღიარებინა კონსტანტინეპოლს საქართველოს უძველესი და პატივსაცემი ეკლესიის ავტოკეფალია.  ამიტომაც ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება კეთილი ძმური ურთიერთობები.

მადლობას მოგახსენებთ თქვენ, რომ ჩამოხვედით შორეული საქართველოდან აქ, მეფე ქალაქში, _ ასე მოვიხმობთ კონსტანტინეპოლს,   _  ინტერვიუს ასაღებად.  მართალია, გაისარჯეთ, ხარჯიც გაიღეთ, მაგრამ შედეგი,  ვფიქრობთ,   ყველასთვის სასიამოვნო იქნება, რადგან ეს ინტერვიუ კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს მსოფლიო საპატრიარქოს ქართველ ხალხთან და  მის ღირსეულ ეკლესიასთან. გისურვებთ ბედნიერ აღდგომას და დღეგრძელობას.                   

თარგმნა თამარ მესხმა


close დახურვა