შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა, გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმის მსგავსი პრეცედენტები გაიხსენა, რომელიც საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების ან მათთან დაახლოებული ჯგუფების აქტივობას მიანიშნებს.
უტიაშვილმა რამდენიმე საქმეზე ისაუბრა, მათ შორის ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის მკვლელობის მომზადებაზე. მან აღნიშნა, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, შსს-მ ცხინვალიდან მიიღო ინფორმაცია, რომ გარკვეულ პირებმა ჟურნალისტი მკვლელობის შეკვეთა მიიღეს.
„თქვენთვის შეიძლება ამაზე უხერხული იყოს საუბარი, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევა 7 ნოემბრის შემდეგ, ინფორმაცია, რომელიც ცხინვალიდან მივიღეთ, რომ მაშინაც გადაწყვიტეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების მიზნით, თქვენი ლიკვიდაცია. ასეთი დავალება მიიღეს ცხინვალში ვიღაცებმა, თუმცა ჩვენ მაშინ დროზე გავიგეთ და თქვენც შეგატყობინეთ, რომ გეზრუნათ საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა უტიაშვილმა.
ინფორმაცია თავად გიორგი თარგამაძემაც დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ მკვლელობის დამკვეთის ამოცანა ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გამწვავება იყო.
„საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ პერიოდზე, როდესაც ჩვენს შორის დაპირისპირების ხარისხი მწვავე ფაზაში იყო. ტელევიზია დარბეული და დახურული იყო, ვიბრძოდით იმისთვის, რომ ხელახლა გავსულიყავით ეთერში და ასე შემდეგ. დაძაბულობა და ტემპერატურა საზოგადოებაში ძალიან მაღალი იყო. ამ მომენტში, არც არის გასაკვირი რომ უნდობლობის ხარისხის ძალიან მაღალი იყო ხელისუფლებისადმი, მე მომივიდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მათ შორის თქვენ იყავით და მე შემატყობინეთ, რომ ოპერატიული ინფორმაცია გქონდათ ცხინვალიდან მართვადი ერთი თუ ორი ჯგუფის შესახებ, რომელთაც პირდაპირ ჰქონდათ დავალებული ჩემი მოკვლა. ეს იყო ამოცანა, რომ სიტუაცია უფრო მეტად დაძაბულიყო. მაშინ მე უარი ვთქვი სახელმწიფო დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებული შემოთავაზება იყო. მაშინ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო ჩემი დაცვა. ეს ისტორია ნამდვილად მოხდა. ამის მომსწრე არიან ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომელთა სიცოცხლეც იდგა სერიოზული საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა თარგამაძემ.
უტიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დღესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას, რადგან საზოგადოება პოლარიზებულია. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მთავარი რაზეც ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებების პრევენციაა.
„რამე რომ მომხდარიყო, აქაც ცხადია ვის დააბრალებდა საზოგადოების ნაწილი და რამდენად გაღრმავდებოდა პოლარიზაცია, კიდევ უფრო მეტად დაიძაბებოდა ვითარება. ცეცხლზე ნავთის დასხმა, საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოყენება არის რუსეთის საყვარელი მეთოდი დღეს ამ დეზინფორმაციასთან აქტიურ ოპერაციებთან ერთად. მათი მოქმედების სტრატეგია გახდა ის, რომ ნებისმიერი დროს, ნებისმიერ შემთხვევაში შეეცადონ საზოგადოების პოლარიზაციას, გახლეჩას. საქართველოშიც დიდი საფრთხეა, რადგან საზოგადოება არის პოლარიზებული. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, რაც უფრო დაძველდება "ქართული ოცნება", გაიზრდება ოპოზიციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის ხარიხის გაიზრდება, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, არის ის, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან, რამდენად უნდა ფიქრობდეს ხელისუფლება, რომ მოახდინოს პრევენცია რუსეთის მხრიდან ამგვარი ქმედებების“, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.