მე ობივატელი ვარ... საქართველოს ერთი, რიგითი, სტატისტიკური მოქალაქე… მეოცნებე, ცოტა საბჭოთა წარსულზე მომტირალი და ხელისუფლებისკენ მომზირალი, უმუშევრობით თუ უსაქმურობით დაღლილი, იმედგაცრუებული. ჯერ ისევ მგონია, რომ ჩემს ნაცვლად მთავრობამ უნდა იფიქროს, მამუშაოს და ლუკმა მიწილადოს. მთავარია იმდენი მქონდეს, რომ როგორმე თვის ბოლომდე გავატანო და ოჯახი ვარჩინო. მთავარია მე არავინ შემეხოს, სიტუაცია არ აირიოს, უკეთესი ცხოვრება თუ არა, უარესი არ იყოს, რადგან უარესობა ჩემთვის შიმშილს, სირცხვილსა და შეიძლება სიკვდილსაც ნიშნავდეს. ასეთია და ასე ფიქრობს ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ბევრი: ათასი, ათიათასი, ასიათასი და დღეს უკვე ალბათ მილიონიც.
სწორედ ასეთ "რიგითებზე" დგას და ყოველთვის იდგა "სისტემა", შევარდნაძის, სააკაშვილის, დღეს უკვე ივანიშვილის მმართველობითი სისტემები. ანუ მათზე, ვინც უარესის შიშით ცუდის შენარჩუნებისთვის მზადაა. თუმცა თუ საარჩევნო ყუთთან მისულმა ობივატელმა დაინახა და დაიჯერა უკეთესი მომავლის, ანდა მიხვდა იმას, რომ არსებული რეჟიმის პირობებში უარესობა გარდაუვალია, ერთი წამით არ დაფიქრდება ისე გაწირავს მას. როდესაც ობივატელმა შევარდნაძე სააკაშვილის სასარგებლოდ მიატოვა, მას ერთი ფეხი უკვე საყოველთაო უპერსპექტივობის ჭაობში ჰქონდა ჩაფლული და კარგად იცოდა, რომ ცალ ფეხზე მდგარი დიდხანს ვერ გაძლებდა. ცოტა არ იყოს და მოგიჟო სააკაშვილს მაინც ეჭვისთვალით უყურებდა, თუმცა ნათლად ხედავდა, რომ შევარდნაძის ხელში უარესობა გარდაუვალი იყო.
მიშამ რადიკალური რეფორმებით დაიწყო: კრიმინალი და კორუფცია მალევე მოსპო, ღიპიანი მილიციელი თანამედროვე ფორმაში ჩაცმული ზრდილობიანი პატრულით ჩაანაცვლა. სინათლე და გაზი მოვიდა, ლარი დასტაბილურდა, ინსიტუტი - ინსტიტუტს, სახელმწიფო კი სახელმწიფოს დაემსგავსა. შეიძლება ამ ყველაფერმა "რიგითის" ჯიბეზე დიდად არ იმოქმედა, თუმცა ზოგადი განწყობა შეიცვალა, პერსპექტივა გაჩნდა. უკეთესად ცხოვრების პერსპექტივა არა მხოლოდ რჩეულთათვის, არამედ ყველასთვის. მერე რა რომ ხშირ შემთხვევაში ნაცმოძრაობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა; სასამართლო და პროკურატურა დაიმონა, ურჩ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს თუ სხვებს უსამართლოდ მოექცა, ვიღაცას ბიზნესი წაართვა, ვიღაც ციხეში ჩააყუდა, ვიღაცა აწამა. თუმცა ობივატელს ეს ნაკლებად აინტერესებდა, რადგან პირადად მას ხომ არ ეხებოდა. შეიძლება გულის სიღრმეში ესიამოვნა კიდეც, რადგან ყოველთვის მიაჩნდა, რომ ამ ადამიანებს ქონება თუ პრივილეგიები დაუმსახურებლად და უსამართლოდ ჰქონდათ მოპოვებული... თუმცა მოგვიანებით, დაინახა, რომ უსამართლობის მასშტაბები გაფართოვდა, ელიტას გაცდა და მასთან თუ არა მის მეზობელთან მივიდა.
ქუჩაში გამოსულ უკმაყოფილო მისნაირებს ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით გაუსწორდნენ. უკეთესობა, რომელსაც ელოდა არა და არ დადგა, გადმოგდებული ლუკმა ვეღარ დაინახა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ უსამართლობა ხვალ მასაც მიწვდებოდა, უარესობა კი გარდაუვალი იყო. ამ დროს გამოჩნდა ივანიშვილი თავისი მილიარდებითა და მსხვილ-მსხვილი თუ ბრტყელ-ბრტყელი დაპირებებით. გვეშველაო იფიქრა ობივატელმა. დაიჯერა, რომ უკეთესობა გარდაუვალი იყო: პირველი წელი კი იქნებოდა რთული, მაგრამ, მეორე ხომ იქნებოდა უკეთესი? აი, მესამე წელს ხომ უკვე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ყველაფერს? მეოთხე წელი ხომ ძალიან კარგი იქნებოდა და შემდეგ უკვე "შვეციას" და ევროპას შეშურდებოდა საქართველოსი. უფასო ფული, 100 ახალი ქარხანა, სრული დასაქმება და ყველაფერი იაფი - აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა, რასაც სააკაშვილი და მისი სისხლიანი ელიტა ჭამდა და სვამდა რა თქმა უნდა ხალხს მოხმარდებოდა. მილიარდერი ისევ ფულსა და მოგებაზე ხომ არ იფიქრებდა და მისთვის ლუკმას როგორ დაიშურებდა. მარტო ობივატელმა კი არა ბიზნესმაც კი დაიჯერა, რომ რენესანსი დგებოდა. პოლიტიკური აქტივისტები ისევ ციხეებში ჩააყუდეს, ურჩი ბიზნესმენები ისევ დაატერორეს, სასამართლო და პროკურატურა ისევ დაიმონეს, რეფორმები შეჩერდა, კორუფცია უკან დაბრუნდა, კრიმინალი სარეველასავით მოედო ქვეყანას, რომელმაც სახელმწიფოს ნიშნები დაკარგა და ერთი ადამიანის სამფლობელოდ იქცა. თუმცა ამას ობივატელი ნაკლებად დარდობადა, რადგან მას პირადად არ ეხებოდა, უფასო ფულისა და უდარდელი ცხოვრების იმედი მის გულში ჯერ კიდევ ფეთქავდა. თუმცა, "რიგითს" დიდხანს ლოდინი აღარ დასჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი საკუთარ ტყავზე გამოეცადა: ყველაფერი გაძვირდა, ლარი გაუფასურდა, სამსახური იმაზე მეტმა დაკარგვა ვიდრე იშოვა, ობივატელთა რიგებს ახლად გაღარიბებული "რიგითები" შეემატნენ. ბიძინას გადმოგდებული ლუკმა კი დაპატარავდა და წინასაარჩევნოდ 5 კილოგრამი კარტოფილის სახე მიიღო. ოცნების ხელისუფლებამ დემოკრატ აქტივისტებთან ერთად მათაც ჩაარტყა თავში ხელკეტი, ზურგში კი რეზინის ტყვია მიაყოლა. ძარცვა-გლეჯამ მასიური ხასიათი მიიღო. თუ წინა ხელისუფლების დროს ახალი ელიტა ძველს ართმევდა, დღეს ივანიშვილისეული "წესრიგი პა პანიატიამ" ყაჩაღების დახმარებით ერთნაირი წარმატებით ძარცვავს საქართველოს ბანკს, ციკოლიას ბრენდ მაღაზიასა თუ ციკოლიძის საფუნთუშეს. 41-გრადუს სიცხიანი ობივატელი კი, რომლის ერთი მეზობელი თვითიზოლაციაში, მეორე ცხელების ცენტრში, მესამე კი უკვე კარგა ხანია კორონათია გარდაცვლილი, ცოლ-შვილთან ერთად გულგახეთქილი შეჰყურებს გამოცარიელებულ მაცივარს და მთელი დღეა რეკავს 112-ზე, იმ იმედით, რომ სასწრაფო ოდესმე მაინც მიაღწევს მის სახლამდე. მან უკვე ზუსტად იცის, რომ ამას "გაგებით" ვეღარ მოეკიდება. ისიც იცის, რომ ხვალ უკვე მის გაკოტრებამდე მისულ საშაურმესაც გაძარცვავენ, და ისიც, რომ 2021-ში ბევრად ღატაკი და დაუცველი იქნება თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩა.
უარესობა კი, რომელიც მილიონი "რიგითი" ქართველისთვის, შიმშილს, სირცხვილსა და შესაძლოა სიკვდილსაც ნიშნავდეს, უკვე კარზეა მომდგარი და კი არ აკაკუნებს - აბრახუნებს! ასე რომ, ის მზადაა და სიამოვნებით შეაქცევს ზურგს მილიარდერს. უბრალოდ უმეტესობამ ჯერ არ იცის, და შესაძლოა აღარც ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვის სასარგებლოდ. ზუსტად ამას ეუბნება არჩევნებზე წასასვლელად გამზადებულ ობივატელს შინაგანი ხმაც და ყველაზე მდიდარი ქართველის მიერ აღმოჩენილი "თვითგადარჩენის მექანიზმის მოქმედების სტრუქტურაც". ისღა დარჩა დავაკვირდეთ, რამდენად ხვდება ამას თავად ბატონი ბიძინა?!