ექსპერტები კორუფციის ინდექსის კუთხით, საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში ცუდი შედეგი შეიძლება, პრობლემური იყო უცხოური ინვესტიციის შემოდინების კუთხით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე აცხადებს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსი ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელსაც ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომელთაც ამა თუ იმ ქვეყანაში კორუფციის დონეს უყურებენ.
„კორუფციის აღქმის ინდექსი ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელსაც ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომელთაც ამა თუ იმ ქვეყანაში კორუფციის დონეს უყურებენ. შესაბამისად, კორუფციის აღქმის ინდექსში ცუდი შედეგი შეიძლება, პრობლემური იყოს უცხოური ინვესტიციის შემოდინების კუთხით. ასევე, როდესაც საქართველოს აქვს ამბიცია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში, აქაც მნიშნელოვანია ანტიკორუფციული რეფორმები“, - აცხადებს ურუშაძე.
„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველო კორუფციის ინდექსის მხრივ მართალია ლიდერია, მაგრამ ეს ქვეყანას დამშვიდების საშუალებას არ უნდა აძლევდეს.
„ზოგადად, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის, როგორიც საერთაშორისო გამჭვირვალობაა, დასკვნებს ითვალისწინებს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და მათ შორის ინვესტორები. ის, რომ ჩვენ რეგიონში ლიდერი ვართ, არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რადგან ეს რეგიონი არაა გამორჩეული არა კორუფციული ქვეყნებით“, - აცხადებს კეპულაძე.
“ფორბსის” ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძის თქმით, კორუფციის ინდექსის მიხედვით ქვეყანა კონკრეტულ პოზიციებს იუარესებს.
„სად ხედავენ პროგრესს, უბრალოდ, დამანახონ. ჩვენ არა თუ იგივე ადგილას, ჩვენ კონკრეტულ პოზიციებს ვიუარესეთ. ადამიანები, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოტრიალდეს ამ ქვეყანაში, აქცენტს აკეთებენ, რომ სამაგიეროდ, ადგილობრივი ინვესტიციები იზრდებაო, ეს ამით არ კომპენსირდება“, - აცხადებს ისაკაძე.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 100 შესაძლოდან 56 ქულა აქვს და 180ც ქვეყნას შორის 44-ე ადგილს იკავებს. წინა წლის ინდექსის მონაცემებთან შედარებით საქართველოს წლევანდელი მონაცემები გაუარესებულია. 2018 წლის ინდექსში საქართველო 58ე ადგილს იკავებდა.